წინასიტყვაობა

თექვსმეტი საუკუნე გვაშორებს იმ კურთხეულ დროს, როცა ღვთის დიდი განგებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში ჩამოვიდა წმინდა ნინო განმანათლებელი. ეს იყო საოცარი და ალბათ განუმეორებელი დრო ჩვენი ხალხის ისტორიაში, რადგან სწორედ მაშინ მოხდა შემოქმედთან შეხვედრა მისი. წარმართობის წყვდიადს მოეცვა მანამდე ჩვენი ქვეყანა, უსულო კერპების გულის მოსაგებად ჩვილი ბავშვების სისხლსაც კი ღვრიდნენ ჩვენი წინაპრები, ჭეშმარიტ ღმერთს კი არ იცნობდნენ ისინი და ამიტომაც უცხო იყო მათთვის ნამდვილი სიხარული, რომელიც მხოლოდ ღმერთს შეეძლო მიეცა მათთვის. ძნელია წარმოდგენა იმისა, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ხალხის მომავალი, ისევ უფალს რომ არ მოეხედა მასზე მოწყალე თვალით და არ გამოერჩია ქართველთა განმანათლებლად დიდებული ქალწული. უსაზღვროდ დიდია ჩვენი მადლიერება კაცთმოყვარე ღმერთისა და მისი კურთხეული დედისადმი, რომელთაც სურდათ დაღუპვისაგან ეხსნათ ჩვენი ერი, რომელიც სიამაყისა და არაწმიდების ბოროტებით იყო შეპყრობილი. ამ უმძიმესი საქმის შესასრულებლად ღმერთმა გამოირჩია არა რომელიმე წინასწარმეტყველი ან ცნობილი სასულიერო პირი, რომლის სიტყვასა და საქმესაც ხალხი თითქოს მოეკიდებოდა მეტი რწმენით და მინდობით, არამედ სრულიად უმწეო ქალწული, რომელსაც თავად ჭირდებოდა მფარველობა და ნუგეში.

ქართველთა გასანათლებლად ღვთისაგან წმიდა ნინოს გამორჩევაში უნდა ვეძიოთ ჩვენს ქვეყანაზე ღვთის საკვირველი განგებულების დასაწყისი. უმწეო ქალწულის უდიდესი და უმძიმესი საქმისათვის გამორჩევით, უფალმა გაგვიცხადა ყველას, რომ ის რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი. ჭეშმარიტად ჩვენთვის წარმოუდგენელი შესძლო წმიდა ნინომ ღვთის შეწევნით, რადგან მთელი არსებით იყო მას მინდობილი. უფლის მოციქულს რომ მოექცია ქართველობა ქრისტეს სჯულზე, ეს არ იქნებოდა საკვირველება ისეთი, როგორიც იყო უმწეო ქალწულისაგან ჩვენი ხალხის განათლება ჭეშმარიტი მოძღვრებით. ისე როგორც თავის დროს ღვთის კურთხეული ძის განკაცებისათვის უფალმა გამოირჩია ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, რომელსაც ხორციელად უნდა ეშვა და აღეზარდა კაცობრიობის მხსნელი, ისე ჩვენი ხალხის სიბნელიდან გამოსაყვანად და ჭეშმარიტი სიკეთის გზაზე დასაყენებლად ღვთისაგან ქალწულივე იქნა გამორჩეული. უფალი ყოვლად გონიერია და ბრძენი. მან ჩვენი ხალხის არაწმიდებას მკურნალად დაუდგინა სიწმიდე ქალწულებრივი, ხოლო უხეშობასა და უკეთურობას ჩვენი წინაპრებისას დაუპირისპირა დიდი მოკრძალება, მოთმინება და სიყვარული, რითაც ღვთისაგან უხვად იყო დაჯილდოებული ქრისტეს ერთგული მხევალი. მხოლოდ ამ გზით გახდა შესაძლებელი წარმართობისაგან გაუხეშებული ჩვენი წინაპრების მოქცევა შემოქმედისადმი და განათლება იმათი.

ჭეშმარიტად, ღვთისაგან წმ. ნინოს გამორჩევასა და შემდგომ მის საკვირველ მოღვაწეობაში დევს ჩვენი ხალხის განათლებისა და ცხონების დიდი საიდუმლო, რასაც კარგად უნდა ჩავწვდეთ ყველანი. რადგან თავის დროს უფალმა ამ გზით ინება ქართველთა ქრისტიანობაზე მოქცევა და განათლება, ცხადია ჩვენი ხალხის მომავალი ცხონება - გაბრწყინვებაც უდავოდ ამ გზასთან იქნება დაკავშირებული, რომელზედაც ღვთის ნებით დაგვაყენა ჩვენმა კურთხეულმა და სანატრელმა დედა ნინომ და რომელსაც შემდეგ საუკუნეების განმავლობაშიერთგულად მიუყვებოდნენ ჩვენი ნეტარხსენებული წინაპრები. დღეს, როცა ხდება ხალხის შემობრუნება სულიერი ცხოვრებისაკენ, როცა ადამიანებმა დაიწყეს ღმერთზე ფიქრი და ცდილობენ მიაგნონ იმ გზას, რომელმაც უნდა დაამკვიდროს ისინი ღვთის ზეციურ სასუფეველში, განსაკუთრებით საშურია გახსენება წმიდა ნინოს ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, რადგან მის დროს, მისი წმიდა ლოცვებით, უფალმა გამოაჩინა ჩვენზე ურიცხვი სასწაულები და მოგვმადლა ის საკვირველი ძალა, რომელმაც შესძლო დაემსხვრია ბოროტების მიერ აღმართული კერპები და მათი მონობისაგან იხსნა ქართველები. სამწუხაროდ, უკეთურებას დღესაც ემონება ჩვენი ხალხი, ბილწი უხილავი კერპები ისევ აღუმართავს ბოროტებას ჩვენში, რომელთაგან თავის გათავისუფლება გვიჭირს, რადგან ღვთის შეწევნის გარეშე ეს არის შეუძლებელი. ბოროტებისაგან თავის დაღწევა დღესაც ისევე უნდა მოხდეს ადამიანში, როგორც ეს მოხდა საუკუნეების წინ წმ. ნინოს საკვირველი ლოცვითა და გარჯით. ჩვენი ქვეყნის განათლებასა და გაბრწყინვებასაც მხოლოდ მაშინ ინებებს უფალი, როცა ჩვენს მაცხოვარს შევუდგებით მთელი არსებით, როცა მას შევიყვარებთ ისე, როგორც წმიდა ნინომ და მისმა მიმდევრებმა შეიყვარეს იგი.

ჩვენი წმიდა და სანატრელი დედის, წმიდა ნინო განმანათლებლის ცხოვრების გაცნობით, ჩვენ საკუთარი ცხონების საქმეში უკეთ გავერკვევით, მივხვდებით იმას, თუ რას თხოულობს ჩვენგან ღმერთი, რომ გადავირჩინოთ სულები. სწორედ ამ მიზნით ძველი ქართულიდან ახალზე გადმოვიტანეთ ცხოვრება წმიდა ნინოსი, რითაც მკითხველისათვის უფრო ადვილად გასაგები გავხადეთ იგი. თარგმნისას ვისრგებლეთ წმ. ნინოს ცხოვრების იმ რედაქციით, რომელიც საბინინის "საქართველოს სამოთხე"-შია შესული.
დასასრულს, მინდა შევთხოვო ჩვენს საკუთარ მოციქულსა და განმანათლებელს, წმიდა ნინოს, რომ მისი წმიდა ლოცვით ღმერთმა დაიფაროს და განამტკიცოს მართლმადიდებლური სარწმუნოება ჩვენში და გაგვიძლიეროს სიყვარული მის მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტი ღმერთის - იესო ქრისტესადმი. უფალმა წმიდა ნინოს მეოხებით აღმოფხვრას არაწმიდა სწავლანი და მოძღვრებანი, რომელთაც სამწუხაროდ ბოლო დროს ფეხი მოიკიდეს ჩვენს ხალხში და მართალი რწმენით გაბრწყივებულნი დაგვამკვიდროს ზეციურ სასუფეველში და მოგვანიჭოს დაუსრულებელი სიხარული.

+ წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)  
 


წმიდა ნონოს ცხოვრება
წმ. მირიან მეფისა და მასთან მთელი ქართლის მოქცევა

პირველად გავიხსენოთ ჩვენი წმიდა და ნეტარი დედის, ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს ცხოვრება. რომელიც თვით წმიდანმა მოგვითხრო თავისი გარდაცვალების მოახლოებისას. იგი აღწერა მორწმუნე დედოფალმა სალომე უჯარმელმა, რომელიც იყო წმ. მირიან მეფის ძის ცოლი.

იმ დროს, როცა წმ. გიორგი კაბადუკიელი ქრისტესათვის ეწამა, ერთი კაბადუკიელი წარჩინებული კაცი, სახელად ზაბულონი, რომელიც იყო ღვთის რჩეული მონა, წავიდა რომში, რათა მეფე მაქსიმიანესთან ემსახურა და წყალობა მიეღო მისგან. იმავე ხანებში ქალაქ კოლასტრაში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ყავდა ქალ-ვაჟი. ვაჟის სახელი იყო იობენალი, ხოლო ქალისა - სოსანა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ და-ძმა დარჩა ობლად, ამიტომ ადგნენ და საცხოვრებლად გადავიდნენ წმიდა ქალაქ იერუსალიმში, რადგან იმედად ქცეოდათ ყველა ქრისტიანის მიზანი - წმიდა აღდგომა. აქ მიენდვნენ ისინი უფალს და მალე იობენალმა მიიღო იკონომოსობა, ხოლო მისი და სოსანა ბეთლემელ სარრა ნიამფორს ემსახურებოდა. ჭაბუკი ზაბულონი კი, რომელიც შესავალში ვახსენეთ, ჩავიდა რომში მეფესთან იმ დროს, როცა ფრანგები აუმხედრდნენ რომაელებს და შეებრძოლნენ მათ პატალანის ველზე. და ღმერთმა გააძლიერა ჭაბუკი ზაბულონი, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, სძლია და განდევნა, მათი მეფე-მთავრები დაატყვევა და რომში მეფეს მიჰგვარა. მეფემ დატყვევებულებს სიკვდილი მიუსაჯა. სიკვდილმისჯილმა ფრანგებმა დაიწყეს ტირილი და ევედრებოდნენ ზაბულონს: ჯერ მოგვეცი თქვენი სჯული, შეგვიყვანე შენი ღმერთის ტაძარში და შემდეგ დაგვხოცე, რადგან შენგან ვართ დატყვევებულები, შენვე გააკეთე ეს და უბრალო იქნები ჩვენი სისხლისაგან. - ზაბულონმა დატყვევებულთა ეს თხოვნა მაშინვე აცნობა პატრიარქს და ყველანი მოანათლინა. შემდეგ ისინი შეიყვანეს ღვთის ტაძარში და ქრისტეს წმიდა

ხორცსა და სისხლს აზიარეს და წმიდა მოციქულთა სადიდებელი საქმენიც აჩვენეს.
მეორე დღეს, გათენებისას, ფრანგები ადგნენ და სამკვდრო სამოსელით შეიმოსნენ, შემდეგ გავიდნენ იმ ადგილზე, სადაც ადამიანებს ხოცავდნენ, ილოცეს და ღმერთს მადლობდნენ, რომ ნათელი იღეს და წმიდა ზიარებაც მიიღეს, და ამბობდნენ: ჩვენი სიკვდილით უკვდავებას მოვიპოვებთ, რადგან ღმერთმა მისი დიდების ღირსნი გაგვხადა და მოგვცა მარადიული საგზალი, ქრისტეს უხრწნელი ხორცი და სისხლი, რომელიც ყველა სიმაღლეზე უფრო უმაღლესი, და ყველა უფსკრულზე უფრო ღრმა არის და კურთხეულია უკუნისამდე. მაგრამ, ვაი, ჩვენს ნაშიერთ, სიმწრით შობილებს, რომლებიც არიან ბნელში. - და ეძახოდნენ მეხმლეს, რათა მათთვის თავები მოეკვეთა დროზე. ნანახმა დიდად შეძრა ზაბულონი და მწარედ ატირდა, რადგან ტყვეები სასიკვდილოთ მომზადებული ცხვრებივით თვაებს უშვერდნენ, და თავიანთ შვილებს, როგორც კრავებს, ისე დასტიროდნენ. შეეცოდა ისინი ზაბულონს და შევიდა მეფესთან, გამოითხოვა ისინი და გაათავისუფლა მშვიდობით. ხოლო მათ სთხოვეს ზაბულონს, რათა გაჰყოლოდა თავიანთ ქვეყანაში, რომ ექადაგა ქრისტეს სჯული და მოენათლა ხალხი. ზაბულონმა შეასრულა მათი თხოვნა, პატრიარქს სთხოვა მღვდლები და მეფისაგან ნებართვის მიღების შემდეგ გაყვა მათ სიხარულით.

ერთი დღის სავალი ჰქონდათ გავლილი, როცა აცნობეს, რომ მეფე მოდიოდა დიდებულებთან ერთად. მაშინ იწყეს მზადება ათ საერისთაოში, რომლებიცაა: ხოზამა და ხოზაბა, ზაქა და ხენებაგი, ტიმგარაგი, დაზაქა, გაზა, ზამრა და თმონიგონი; ხალხი მეფეს მიეგება მეტად დიდ და ღრმა მდინარესთან. მეფემ მთელი ხალხი გაყო ორად და დააყენა წყლის აქეთ და იქით. მღვდლებმა აკურთხეს მდინარე, ხალხი წყალში შეიყვანეს და განბანეს. წყლიდან ამოსულნი დგებოდნენ აღმოსავლეთით ერთ ადგილზე, სადაც მღვდელი ხელს დასდებდა იმათ თავზე. მდინარეშიხალხის ნათვლამ გასტანა ათ დღეს. შემდეგ აღმართეს კარავი და მღვდლებმა შესწირეს უსისხლო მსხვერპლი და ყველანი ქრისტეს წმიდა საიდუმლოს აზიარეს. დატოვეს მათთან მღვდლები და დაუდგინეს ქრისტიანული წესები, რის შემდეგაც ზაბულონმა დატოვა ისინი მშვიდობით და სიმდიდრით დაბრუნდა რომში და განიზრახა წასვლა იერსუსალიმში, სადაც მან თავისი მონაგები დაურიგა გლახაკებს, ღვთის მცნების მიხედვით და ნახა, რომ ადრე ნახსენები იობენალ ეკონომისი პატრიარქი გამხდარიყო. და დაუმეგობრდნენ ერთმანეთს ზაბულონი და პატრიარქი. მაშინ სარა ნიამფორმა უთხრა პატრიარქს, რომ: ეს ზაბულონი, რომელმაც მონათლა ფრანგები, არის სიბრძნითა და ღვთისმსახურებით ყოვლად სრული, ამიტომ მიეცი მას ცოლად შენი და სოსანა. - პატრიარქს მოეწონა ეს რჩევა და ასეც მოიქცა. სწორედ ზაბულონისა და სოსანასაგან იშვა წმიდა ნინო, ქართველთა მოძღვარი. იგი ერთადერთი შვილი იყო მშობლებისა და დედამ აღზარდა გლახაკთა მსახურებაში. როცა ნინო გახდა თორმეტი წლისა, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი თავიანთი მონაგები და წავიდნენ იერუსალიმში, სადაც ზაბულონმა მიიღო კურთხევა პატრიარქისაგან და განეშორა მეუღლეს. მაშინ თავისი ასული ნინო ჩაიკრა მკერდში, დაასველა იგი თვალებიდან გადმონადენი ცრემლებით და უთხრა: ჩემო ერთად-ერთო ასულო, შენ გტოვებ ობლად და მიგანდობ ზეციურ მამას და ყველას გამომზრდელ ღმერთს, რადგან იგი არის მამა ობლებისა და ქვრივთა მსაჯული. ნუ გეშინია შენ,შვილო, შეიძინე მარიამ მაგდალინელის მსგავსი შური ქრისტეს სიყვარულისათვის და ერთგულება ლაზარეს დების მსგავსი, და თუ ისე შეიყვარებ უფალს, როგორც მათ შეიყვარეს, იგი შენც ყოველივეს მოგცემს, რასაც ითხოვ მისგან. ეს უთხრა და მოეხვიაუკანასკნელად და წავიდა იორდანის მხარეს ღვთისათვის ქვეყნიურ ცხოვრებას განშორებულ ადამიანებთან. მისი ღვაწლის შესახებ იცის მხოლოდ ყოვლისმცოდნე ღმერთმა.

ნინოს დედა პატრიარქმა უძლური და გლახაკი დედების მსახურად დაადგინა, წმ. ნინო კი ორ წელიწადს ემსახურებოდა დვინელ სომეხ ქალ ნიამფორს, რომელსაც ხშირად ეკითხებოდა ქრისტეს ვნებაზე, ჯვარცმაზე, დაფლვასა და აღდგომაზე, მის სამოსელზე, ტილოსა და სუდარაზე, და ჯვარზე. და ყოველივეს დაწვრილებით გამოიძიებდა, რადგან არავინ იყო იერუსალიმში მასავით განსწავლული ძველი და ახალი აღთქმის სჯულში. ნიამფორმა დაიწყო ნინოს სწავლა და უთხრა: ვხედავ, შვილო ჩემო, შენში ლომის მსგავს, რომელიც ყველას დასძახის ოთხივე ფეხზე მდგარი, და როგორც დედალ არწივს, რომელიც ჰაერში ადის მამალ არწივზე უფრო მაღლა და მთელ ქვეყანას თავისი თვალის გუგაში, როგორც მცირე მარგალიტს, ისე მოაქცევს, და ცეცხლივით მწველად განიცდის და ხედავს თავის საჭმელს, ხოლო როცა დაიგულებს, მიუშვებს ფრთებს და მასთან მიდის; ამის მსგავსადვე იქნება შენი ცხოვრება, რომელსაც წინ გაუძღვება წმიდა სული. ეხლა დავიწყებ და ყოველივეს მოგიყვები:
როცა მოკვდავმა ადამიანებმა ქვეყანაზე იხილეს ღმერთი, რომელიც წარმარტების მოსაქცევად იყო მოსული, რაც მან ისურვა თავისი ნებით, ბევრი სიკეთე მოიმოქმედა ურიებს შორის, აღადგინა მკვდრები, ბრმებს აუხილა თვალები, განკურნა სნეულები, რისთვისაც გაუჩნდათ მის მიმართ შური და მტრობა. და გააგზავნეს მხედრები ყოველ ქვეყანაში, რათა სასწრაფოდ შეეკრიფად ურიები, რომელთაც აცნობეს: ვიღუპებით, ამიტომ მოდით და შევიკრიბოთ ყველანი. - მაშინ შეიკრიბნენ ყოველი კუთხიდან სწავლული და მოსეს სჯულის მეცნიერი კაცები, რომლებიც წინ აღუდგნენ სული წმიდას და რაც განზრახული ჰქონდათ ქრისტეზე, აღასრულეს: ჯვარს აცვეს და მის სამოსელზე წილი იყარეს, რომელიც ერგოთ ჩრდილოეთელ, მცხეთელ მოქალაქეებს. ურიებმა ქრისტე დამარხეს და დაკრძალეს და მისი საფლავი დაბეჭდეს, მაგრამ იგი აღსდგა, როგორც თვითონვე თქვა და ტილოები, განთიადზე, ქრისტეს საფლავში იპოვეს. პილატე და მისი ცოლიც კი მოვიდნენ საფლავთან და როცა ტილოები ნახეს, პილატეს ცოლმა ითხოვა ისინი, წავიდა პონტოში, თავის სახლში და გახდა ქრისტეს მორწმუნე. ხოლო რამოდენიმე ხნის შემდეგ, ეს ტილოები ლუკა მახარებლის ხელში მოხვდნენ და ისინი სადაც მოათავსა, მხოლოდ მან უწყის ეს. ხოლო სუდარა ვერ იპოვეს, არამედ ზოგიერთები ამბობდნენ, რომ პეტრემ აიღო და მასთან არისო, ხოლო დანარჩენზე განცხადებულად არაფერი გვითხრეს. ჯვრები კი იმავე ქალაქ იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ მათი ადგილსამყოფელიც არ იციან, და როცა ღმერთი ინებებს, იმათაც გამოაჩენს.

როცა ყოველივე ეს მოისმინა წმინდა ნინომ სარა ნიამფორისაგან, მადლობა შესწირა ღმერთს და ჰკითხა მას: სად არის ჩრდილოეთის ეს ქვეყანა, საიდანაც მოსულ ურიებს ერგოთ წილად უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სამოსელი, რომელიც მათ თან წაიღეს? - სარა ნიამფორმა აუხსნა მას, რომ უფლისსამოსი ინახება ქალაქ მცხეთაში, ქართველთა ქვეყანაში, აქეთკენვეა სომხეთი და მთიულეთი, რომელიც ჯერაც წარმართულია, და ასევე ოსთა ქვეყანაც.

იმ ხანებში ეფესოდან ჩამოვიდა ერთი დედაკაცი, წმიდა ადგილების თაყვანისსაცემად, რომელსაც სარა ნიამფორმა ჰკითხა, ელენე დედოფალი ჯერაც წარმართულ ცდომილებასა და სიბნელეში იყო თუ არაო? - ხოლო ქალმა უთხრა მას, რომ ის იყო დედოფლის მსახური და მასთან მეტად დაახლოვებული პირი ისე, რომ იცოდა დედოფლის ცხადი და დაფარული განზრახვები და მისთვის ცნობილი იყო, რომ დედოფალს დიდი სურვილი ჰქონდა მიეღო ქრისტეს სჯული და მონათლულიყო.

გაიგონა რა ეს წმინდა ნინომ, უთხრა ნიამფორს: გამგზავნე მე ელენე დედოფალთან, რათა ვუქადაგო მას ქრისტე. - ნიამფორმა აცნობა პატრიარქს ეს საქმე და ნინოს სურვილი. ხოლო პატრიარქმა იხმო თავისთან თავისი დის შვილი ნინო, დააყენეს წმიდა საკურთხევლის წინ აღსავლის კართან, მხრებზე დაადო თავის ხელები, ამოიოხრა ზეცისაკენ მხედველმა და თქვა: უფალო, საუკუნეთა ღმერთო, შენს ხელთ შემოვავედრებ ჩემი დის ამ ობოლ ბავშვს და გავაგზავნი შენი ღვთაებრიობის საქადაგებლად, რათა ახაროს ყველას შენი აღდგომა, სადაც კი ინებებ მის წასვლას. იყავი ქრისტე ამისი მეგზური, სამკვიდრებელი, მოძღვარი, ენის მასწავლებელი, როგორც აქამდე იყავი იმათთვის, რომელთაც ჰქონდათ შენი შიში.

მას შემდეგ, რაც გამოეთხოვა თავის დედას, პატრიარქმა გადასახა მას პატიოსანი ჯვარი და ასე, ლოცვა-კურთხევით გაუშვა. წმ. ნინო ეფესოდან მოსულ დედაკაცთან ერთად წავიდა და ჩავიდა სამეფო ქალაქ რომში და გაჩერდა იმ ქალის სახლში, ვისთანაც იმგზავრა. აქ კი შეხვდა მეფეთა ნათესავს, დედოფალ რიფსიმეს და მის დედა-მძუძე გაიანეს, რომლებიც იმყოფებოდნენ ქალწულთა მონასტერში და სურდათ ეღიარებინათ ქრისტე და ელოდნენ მონათვლას. მაშინ ეფესოელმა დედაკაცმა მათ წარუდგინა წმინდა ნინო და მისი საქმე აუწყა რიფსიმე დედოფალს. და როცა ქრისტეს მოყვარე რიფსიმემ ნახა ნინო, შეიყვარა და კეთილად მიიღო თავის სახლში და დატოვა თავისთან. ნინოს იქ ყოფნაში, რიფსიმე იმავე წელს მოინათლა, რაც მას ძალიან სურდა. მასთან ერთად წმ. ნინოსაგან მოინათლნენ მისი დედა-მძუძე გაიანე და მთელი მათი სახლეულობა, ორმოცდაათი ადამიანი. ისინი იმყოფებოდნენ მონასტერში და ნინო ორ წელიწადს დარჩა მათთან.

იმ ხანებში კეისარმა გაგზავნა თავისი მსახურები, რათა მოეძებნათ მისთვის საცოლედ კეთილი და მშვენიერი ქალი. მძებნელნი მივიდნენ ზემოხსენებულ ქალწულთა მონასტერში და როცა ნახეს რიფსიმე და გაიგეს მისი სამეფო ჩამომავლობაც, მოიხიბლნენ მისი მშვენიერებით, რომლის მსგავსი არსად ეხილათ, ამიტომ მისი მშვენიერი სახე გამოხატეს ფიცარზე და კეისარს გაუგზავნეს. კეისარს ძალიან მოეწონა რიფსიმეს სახე, დიდი სიხარული დაეუფლა და გადაწყვიტა დიდი განცხრომითა და ხალხმრავლობით გადაეხადა ქორწილი, რისთვისაც მაშინვე გააგზავნა მოციქულები და გამგებლები მთელ თავის საბრძანებელში, რათა ყველანი ძღვენითა და სიხარულით მოსულიყვნენ მეფის ქორწილში.
გაიგეს რა წმიდა ქალწულებმა ბოროტი მტრის დაფარული ზრახვები და დაინახეს ის გალესილი და გავარვარებული ისრები, რომლებითაც სურდა ქრისტეს წმიდა მიმდევართა მოსპობა, დიდ მწუხარებაში ჩავარდნენ, რადგან მეფე იყო მრისხანების ბუდე და როგორც სამოთხეში უწინ გველმა განიზრახა ბოროტი, აქაც იმის მსგავსად იქცა უსჯულო მეფე, რომელიც თაყვანსა სცემდა ბილწ და საძაგელ კერპებს.

როცა რიფსიმემა და გაიანემ და მათთან ერთად სხვა მოწესე დედებმაც იგრძნეს მათზე დიდი განსაცდელის მოახლოება, გაიხსენეს თავიანთი წმიდა აღთქმა მარტო ცხოვრებისა, რისთვისაც ისინი მოწოდებულნი იყვნენ, გოდებით დასტიროდნენ რიფსიმეს მშვენიერებას, რომელიც უსჯულო მეფისთვის ცნობილი გახდა მისი ნახატიდან, ამიტომ მეტად მძიმე მოღვაწეობას მიეცნენ, ლოცულობდნენ და ღმერთს მოუკლებლად მხურვალედ ევედრებოდნენ და ერთად მიირეს გადაწყვეტილება, რათა იმ ქვეყანას გაშორებოდნენ. ასეც მოიქცნენ და ორმოცდაცამეტმა სულმა ფარულად მიატოვა იქაურობა და თავი სომხეთს შეაფარა. ისინი გაჩერდნენ სომეხთა მეფის ქალაქ დვინში და იყვნენ საწნახელის ტალავარში, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო ნაშენი და თავებს თავიანთი ხელსაქმით ირჩენდნენ.

ნახა რა კეისარმა, რომ სასძლო გაუსხლტა ხელიდან, რომ რიფსიმემა და მისმა მყოფებმა მის ბოროტ ტრფიალებას მოარიდეს თავი, აღივსი დიდი მწუხარებით და ყოველ მხარეს გაგზავნა მსახურები, რათა მოეძიათ ლტოლვილები. კეისრის წარგზავნილები მივიდნენ სომეხთა მეფე თრდატთან და მოართვეს კეისრის წიგნი, რომელშიც ეწერა შემდეგი: "თვითმპყრობელი კეისარი საყვარელ ძმასა და მეგობარს და ჩემს თანამოსაყდრე თრდატს მოვიკითხავ. ცნობილია შენი ძმობა და თანაშემწეობა, რადგან თავიდანვე გვავნებდნენ შემცდარი ქრისტიანები, ჩვენი უფლება შეურაცხყოფილია იმათგან და ჩვენს ხელმწიფობასაც იწუნებენ, რადგან ისინი ჯვარცმულსა და მომკვდარს ემსახურებიან და ჯვარს თაყვანსა სცემენ, და თავიანთ სიკვდილს უფლის დიდებად მიიჩნევენ; მათ არ ეშინიათ ურიებისა, ხოლო ურიებისაგან მოკლულისა და ჯვარცმულის შიში აქვთ და არიან შემცდარნი. მეფეებს აგინებენ, ღმერთებს შეურაცხოფენ, მზის, მთვარისა და მნათობების ძალასაც არად მიიჩნევენ, არამედ ჯვარცმულის მიერ შექმნილად შერაცხავენ და ქვეყანა ისე გადარიეს, რომ მამები დედებს და დედები მამებს ცოცხლად განაშრეს. და რაც უფრო მუქარითა და სატანჯველებით ამოვხოცეთ, მით უფრო გამრავლდნენ. ხოლო ეხლა ერთი რამ შემემთხვა იმათი მიმდევარი ახალგაზრდა ქალისაგან, რომლის ცოლად მოყვანაც მქონდა განზრახული, რომელმაც არა თუ ისურვა მეფის ცოლობა, არამედ შემიძულა და არაწმიდებად მიმიჩნია, ფარულად განმერიდა და შენი ქვეყნისაკენ წამოსულა. გაუწყებ, ჩემო ძმაო, რომ მოიძიო ისინი და ვისაც იპოვი იმასთან, ყველანი დახოცე, ხოლო მშვენიერი შესახედაობის ქალი რიფსიმე, რომელიც მათ შეაცდინეს, ჩემთან გამოაგზავნე, მაგრამ თუ შენ ისურვებ შენთვის, მაშინ შენად იგულე, რადგან ვერავინ ნახეს მაგის მსგავსი იონთა ქვეყანაში. კეთილი იყავი ღმერთების მსახურებაში."

როცა თრდატმა წაიკითხა კეისრის ბრძანება, მაშინვე დიდი მონდომებით დაიწყო მათი ძებნა და იპოვა ისინი ადრე ნახსენებ საწნახელში. როგორც კი რიფსიმე დაინახა, მაშინვე ტრფიალება გაუჩნდა მის მიმართ, გაიხარა და გადაწყვიტა მისი ცოლად შერთვა. მაგრამ რიფსიმე არ დაემორჩილა მეფე თრდატს და ამის გამო მისგან ეწამა. მასთან ერთად აწამეს მისი დედა მძუძე გაიანე და ბევრი სხვაც, როგორც ეს იმათ წამების წიგნშია აღწერილი, სადაც მოთხრობილია იმ სასწაულებზეც, რომლებიც მათი წამებისას მოხდა სომეხთა მოქცევის ჟამს, როცა ღვთის განგებით მეფე თრდატი ღორს დაემსგავსა. იმ დროს ზოგი წმიდა მოწამე დაიმალა და გაქცევით უშველა თავს, რომელთა შორისაც იყო წმიდა ნინო, რომელიც დამალულიყო ვარდის ეკლებში, რომელსაც ყვავილი ჯერაც არ გამოება. აი აქ ნახა ნინომ ჩვენება: ზეციდან, ნათელი ოლარით შემოსილი მთავარდიაკონის სახით, ანგელოზი ჩამოვიდა, რომელსაც ხელში სასაკმევლე ეჭირა, რომლის სურნელებაც ფარავდა მთელ ქვეყანას. მასთან მრავლად იყვნენ ზეციური არსებანი, რადგან იმ დროს წმიდა მოწამებიის სულები ხორციდან გადიოდნენ, რათა შეერთებოდნენ ბრწყინვალე ზეციურ ძალებს. და როცა ისინი ზეცისაკენ მაღლდებოდნენ, წმიდა ნინომ შეღაღადა: უფალო, უფალო, რატომ დამტოვე მე ასპიტთა და იქედნეთა შორის? - მაშინ ნინოს ეუწყა ძეციდან, რომ მისი სულის სასუფეველში ღმერთთან მიყვანებაც ისევე მოხდებოდა იმ დროს, როცა მის გარშემო ეკლები სურნელოვან ვარდის ფურცლებად გადაიქცეოდნენ. ეხლა კი უნდა ევლო ჩრდილოეთით, სადაც ბევრი იყო სამკალი, მუშა კი ცოტა.

ამის შემდეგ იარა წმიდა ნინომ და ოთხი თვის შემდეგ, ივნისის თვეში, სომხეთის საზღვარს მიაღწია და მიადგა ჯავახეთის მთებს, იგი ფარავნის ტბასთან შეჩერდა. როცა გახედა ჩრდილოეთის მხარეს მთებს, დაინახა რომ ზაფხულშიც კი თოვლით იყვნენ დაფარულნი. მკაცრმა ბუნებამ შეაძრწუნა ნინო და თქვა: უფალო, უფალო მიიღე ჩემგან ცული ჩემი. - იქ დაჰყო ორი დღე, საკვები სთხოვა მეთევზეებს, რომლებიც ტბაზე იჭერდნენ თევზს. აქვე იყვნენ მწყემსებიც, რომლებიც დარაჯობდნენ სამწყსოს და თავიანთ შემწედ და მფარველად ახსენებდნენ არმაზისა და ზადენის ღმერთებს, რომელთაც შესაწირავსაც კი აღუთქვამდნენ, როცა იმათ წინაშე მშვიდობით წარდგებოდნენ. ამას ზოგნი ამბობდნენსომხურ ენაზე, რაც წმიდა ნინოს ადრევე ესწავლა ცოტა ნიამფორისაგან, ამიტომ ერთ მწყემსს ჰკითხა სომხურად, თუ სადაურები იყვნენ? - ხოლო იმათ უპასუხა, რომ ისინი იყვნენ ქინძარელნი, რაბათელნი და დიდ ქალაქ მცხეთისანი, სადაც ღმერთები ღმერთობენ, მეფენი მეფობენ. - ნინომ კიდე ჰკითხა: სად არის ქალაქი მცხეთა? - მან უპასუხა, რომ ტბიდან გამავალი მდინარე გაივლის ქალაქ მცხეთასო.
წმ. ნინოს ემძიმებოდა გზის სიშორე და მთების სიმკაცრე. ამიტომ შეძრწუნებული ოხრავდა, დაიდო ერთი დიდი ლოდი თავქვეშ და ასე მიიძინა ტბის ნაპირას. ძილში მას ეჩვენა კაცი, რომელიც საშუალო ასაკისა იყო და თმაც ნახევრად ჰქონდა, რომელმაც მისცა ნინოს დახურული წიგნი და უთხრა: მიართვი ეს მცხეთაში წარმართების მეფეს. წმ. ნინომ ტირილი დაიწყო და ევედრებოდა მას: უფალო, მე უცხო და უვიცი დედაკაცი ვარ, და არც იმათ ენაზე შემიძლია ლაპარაკი, როგორ მივიდე უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხთან? - მაშინ იმ კაცმა გაუხსნა წიგნი, რომელზედაც იყო იესო ქრისტეს ბეჭედი, ხოლო შიგნით რომაული ენით იყო ჩაწერილი ათი მუხლი, მოსეს მიერ ქვის ფიცრებზე ჩაწერილის მსგავსი, და მისცა ის წმ. ნინოს წასაკითხად. აი რა იყო დაწერილი:

1. სადაცა იქადაგოს სახარება ესე, მუნცა ითქმოდის დედაკაცი ესე (მთ. 26,13);
2. არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ (გალ.3,28);
3. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ჰსცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა (ლკ. 28,19);
4. ნათელი გამობრწყინვბად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა (მარკ.2,32);
5. და იქადაგოს სახარება ესე სასუფევლისა ყოველსა სოფელსა (მკრ.16,15);
6. რომელმან თქუენ შეგიწყნარეს, მე შემიწყნარა, და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი (მთ.10,40);
7. რამეთუ ფრიად უყვარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა სიბრძნესა ჭეშმარიტსა;
8. ნუ გეშინი მათგან, რომელთა მოჰსწყვიდნენ ხორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად (მთ.10,28);
9. ჰრქუა მარიამს მაგდალენსა იესო, წარვედ დედაკაცო და ახარე ძმათა ჩემთა (ინ.20,17);
10. სადაცა მიხედვით, ჰგადაგებდით სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

როცა წმიდა ნინომ წაიკითხა ეს, დაიწყო ღვთისადმი ვედრება და მიხვდა, რომ ზეციდან იყო ეს ჩვენება, თვალები მიაპყრო ზეცას და ითხოვა უმაღლესი და ყოვლისმომცველი ღვთისაგან შეწევნა და გაუყვა მდინარეს, რომელიც დასავლეთით მიედინებოდა. გზაზე მრავალი სიძნელე შეხვდა მას, შეაწუხა ბუნების სისასტიკემ, მხეცების შიშმა და სხვა გაჭირვებამ, ვიდრე მიაღწევდა იმ ადგილს, საიდანაც წყალი აღმოსავლეთით იწყებს დინებას. აქედან უკვე გაუადვილდა გზა, რადგან შეხვდა მგზავრებს, რომლებთანაც ერთად იმოგზაურა ქართლის ქალაქ ურბნისამდე. აქ ნინო შეხვდა მისთვის უცხო ხალხს, რომლებიც ემსახურებოდნენ ასევე უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემდნენ ცეცხლს, ხესა და ქვას, რამაც მისი სული მეტად შეაწუხა. და შევიდა ურიათა სამლოცველოში, ესაუბრებოდა იმათ ებრაულად, რაც მან იცოდა. აქ იგი ერთ თვეს გაჩერდა და სწავლობდა ამ ქვეყნის წესს და ჩვეულებას.

ერთ დღეს ქალაქის მცხოვრებნი გაემგზავრნენ დიდ და სამეფო ქალაქ მცხეთაში, სავაჭროდა და არმაზ ღვთაებისადმიმსხვერპლის შესაწირად, და ნინოც გაყვა მათ. მცხეთაში მისულები გაჩერდნენ მოგვთა უბანში, ხიდთან. აქ ნახა წმ. ნინომ ცეცხლის მსახური მოგვები და მათი საცდურები და მწარედ დასტიროდა იმათ დაღუპვასა და თავის უცხოობას.

მეორე დღეს გასიმა საყვირის ხმა და ყოველივე საშინელმა ზარმა მოიცვა. უამრავი ხალხი გამოვიდა გარეთ, როგორც ყვავილები ველად, ვიდრე მეფე გამობრძანდებოდა. როცა დადგა დრო, დიდმა დაბნეულობამა და შიშმა მოიცვა ყველა ისე, რომ ზოგი შიშისაგან სახლში აფარებდა თავს. და აი ნანა დედოფალიც გამოჩნდა, რომელსაც ნელა ხალხიც მიჰყვა, რომელმაც გზები და მოედნები მორთო ფერადი სამოსლებით, ხის ფოთლებითა და ყვავილებით, და ყველამ დაიწყო მეფის ქება. მაშინ გამობრძანდა თვით მირიან მეფეც, რომელიც შიშსა და ზარს ბადებდა მნახველებში. წმ. ნინომ ჰკითხა ერთ ებრაელ ქალს თუ რა ხდებოდა. იმან უთხრა: ღმერთი ღმერთებისა არმაზი უხმობს მათ, რათა ავიდნენ მასთან; აქ მისი მსგავსი არ არის სხვა კერპი. - გაიგო რა ეს წმ. ნინომ, ხალხთან ერთად ავიდა მთაზე არმაზ კერპის სანახავად. მთები ხალხით იყო სავსე, დროშებითა და სამკაულებით მოერთოდ იქაურობა, როგორც მინდორი ყვავილებს. წმიდა ნინომ შეაღწია არმაზის ციხეში და დადგა კერპის მახლობლად. გალავნის ნაპრალიდან ხედავდა მიუწვდომელ და ენით გამოუთქმელ საკვირველებას, თუ როგორ შიშითა და ზარით იყვნენ მოცულნი მეფე-დიდებულნი და ყოველი ერი კერპის წინ, რომნელიც სპილენძის კაცს წარმოადგენდა, რომელსაც ტანზე ეცვა ოქროს ჯაჭვი, თავზე ოქროს ჩაფხუტი ეხურა, სამხრეები და თვალები ჰქონდა ზურმუხტისა და ბივრითისა, კრძალვის გარეშე ვერავინ ბედავდა მის შეხედვას, არამედ ადანაშაულებდნენ და განიკითხავდნენ საკუთარ თავებს და ამბობდნენ: ვაიმე, თუ დიდი ღმერთის - არმაზის დიდებას რაიმე დავაკელი, ან გავერიე ებრაელთა სიტყვაში, ან მოვუსმინე მზის მსახურ მოგვებს, ან და რაიმე მაკავშირებს იმათთან, რომლებიც უმეცრებით აღიარებენ ვინმე დიდ ღმერთს და ღვთის ზეციურ ძეს, რომ ჩემ შორის არ მოიძიოს რაიმე დანაშაული და დამცეს თავისი მახვილი, რომლისაც მთელ ქვეყანას ეშინია. - და საკუთარი თავების ასეთი განკითხვით, შიშითა და ძრწოლით თაყვანსა სცემდნენ მას. არმაზის მარჯვნივ იდგა სხვა ოქროს კერპი, ისიც კაცის მსგავსი, მისი სახელი იყო გაცი, ხოლო მარცხნივ იყო ვერცხლის კერპი, კაცის მსგავსი, გაი, რომლებსაც ღმერთებად თვლიდნენ ქართველები.
როცა ნეტარმა ნინომ დაინახა ეს ყველაფერი, დაიწყო ოხვრა და ტირილი ცრემლებით. იმის გამო, რომ ჩრდილოეთის ეს ქვეყანა იყო შემცდარი და ნათელი მისთვის იყო დაფარული და მასზე სიბნელე იყო გადაფარებული, რადგან უყურებდა მეფე-მთავრებს, რომელნიც ცოცხლად ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ, მიეტოვებინათ თავიანთი დამბადებელი და ხესა და ქვას, სპილენძსა და რკინას სცემდნენ თაყვანს და ყველაფრის შემომქმედად მიიჩნევდნენ. წმ. ნინოს გაახსენდა მისი დედის ძმის, იობელან პატრიარქის სიტყვა, რომელიც უთხრა მას, რომ: გაგზავნი როგორც სრულ მამაკაცს და მიხვალ უცხო ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ დარგეველები, ზეველები და ბარკიდულები, რომელნიც არიან ბრანჯები, და არიან ისინი ღვთის მგმობნიო. - წმ. ნინომ ზეცისაკენ არაპყრო თვალები და თქვა: უფალო, მრავალი ძალით გეცრუებიან შენი მტრები, შენი დიდი სულგრძელობით ცდილობ იმათ გონს მოსვლას. ყოველივე წარმავალი მტვრად და ნაცრად აქციე, მაგრამ კაცს ნუ უარყოფ, რომელიც შეჰქმენ შენს ხატად და რომლისთვისაც სამებისაგან ერთს კაცური ბუნება შესძინე და მისთ მთელი ქვეყანა გადაარჩინე, წყალობით მოხედე ამათ მოდგმასაც, შერისხე ამათ ბოროტ სულებს და ამ ქვეყნის მპყრობელ უხილავ ბნელ ძალებს და ჩაყარე ისინი უსარგებლო ადგილებში. და მიჩვენე მე, უფალო, ჩემი მამისა და დედის ღმერთო, შენს მხევალს და შენი მონებისაგან შობილს, რათა მთელმა ქვეყანამ დაინახოს შენი მაცხოვარება, რათა ჩრდილოეთი სამხრეთთან ერთად ხარობდეს, რათა ყოველმა ერმა ხოლოდ შენ, ჭეშმარიტ ღმერთს თაყვანი გცეს შენი ძის იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შვენის მადლობით დიდება უკუნისამდე.

და როცა წმ. ნინომ დაასრულა ეს ლოცვა და დიდება, მაშინვე ღვთის ძალით ამოვარდა დასავლეთის ქარი, საშინლად მოიღრუბლა და შემზარავი ქუხილით ქარმა დასავლეთიდან მოიტანა სიმწარისა და სიმყრალის ხორხოშელა: როცა ხალხმა დაინახა თუ რა საშინელება მოდიოდა მათთან მაშინვე სირბილით უშველეს თავს და შეეფარნენ ქალაქს, რადგან ღმერთმა მცირე დრო მისცა მათ, რომ გარიდებოდნენ იქაურობას და ამ საშინელების ჟამს თავიანთ სახლებში ყოფილიყვნენ. და როცა ყველა გაიფანტა, მაშინ მოაღწია იმ ადგილს რისხვის მწარე და სასტიკმა ღრუბელმა და დაიწყო ორი ხელით ძნელად გადასაგდები ქვისოდენა სეტყვა, მხოლოდ იმ ადგილზე, სადაც კერპები იდგა, და სეტყვამ ერთიანად შემუსრა და დააქუცმაცა ისინი. სასტიკმა ქარმა დაშალა ციხის კედლებიც და კლდეებში გადაყარა. წმ. ნინოს კი არაფერი ევნო, იგი იმავე ადგილზე იდგა სადაც თავიდანვე მივიდა.

მეორე დღეს გამოვიდა მეფე მირიანი და მასთან ერი, რათა თავიანთი ღმერთები მოეძიათ, მაგრამ ვერსად იპოვეს, ამიტომ დიდი შიში დაეუფლათ და ძრწოლამა და გაკვირვებამ მოიცვა ყველა. უმრავლესნი, რომლებიც სიფიცხითა და მოუდრეკელობით გამოირჩეოდნენ ამბობდნენ, რომ ქართველთა ღმერთი ითროჯანი და ჩვენი ღმერთი არმაზი მუდამ ერთმანეთის მტრები იყვნენ, რადგან ერთხელ არმაზმა მისკენ ზღვა მიაქცია, ამიტომ ეხლა იმან შური იძია და ეს ამბავი მოაწია მასზეო.

ზოგიერთები კი ამბობდნენ, რომ რომელი ღმერთის ძალითაც სომეხთა მეფე თრდატი ღორად იქცა, შემდეგ კი ისევ ადამიანურ სახეს დაუბრუნდა, იმ ღმერთმა მოახდინა ესო. რადგან სხვა ღმერთს არ შეეძლო ამის მოხდენა. მაშინ ამას ამბობდნენ იმისათვის, რომ მასშემდეგ რაც მეფე თრდატი იქცა ღორად, ხოლო ქრისტეს ძალით ისევ ადამიანური სახე მიიღო, ქრისტეს ქება-დიდება ქართლში ფარულად აღარ ისმოდა, რადგან აღმოსავლეთს უკვე ღვთის მადლი ეფინებოდა.

საშინელი რისხვისა და კერპთა შემუსვრის შემდეგ როცა სეტყვა და სასტიკი ქარი დაცხრა, წმიდა ნინო გამოვიდა კედლის ნაპრალიდან და იპოვა ბივრითის თვალი, აიღო და წამოვიდა იმ კლდის ძირისაკენ, სადაც ძველად იყო ციხე-ქალაქი. აქ ნახა მან ერთი ხე, რომელსაც ეწოდებოდა ბრინჯი, იგი იყო მაღალი, მშვენიერი და განტოტილი. ამ ხის ძირში გამოსახა პატიოსანი ჯვარი და ექვსი დღე გაატარა ღვთის დიდებასა და მადლობაში, რომელმაც წყალობით მოხედა ერს და ეშმაკისაგან იხსნა იგი.

კერპის შემუსვრა მოხდა მარტის შემდეგ მეხუთე თვეში, აგვისტოს ექვს რიცხვში, როცა ფერი იცვალა ქრისტემ წინასწარმეტყველებისა და მოციქულთა წინაშე.
ხის ქვეშ ყოფნისას წმ. ნინოსთან მივიდა ერთი სეფე ქალი შროშანა, რომელიც გააკვირვა წმიდანის ასეთმა ყოფამ და ჰკითხა მას სხვა ბერძნულის მცოდნე დედაკაცის დახმარეაბით, თუ ვინ იყო და რა საქმიანობას ეწეოდა. წმ. ნინომ ყველაფერი აუწყა თავის თავზე მშობლების ვინაობის გარდა და თავი ტყვე ქალად მოაჩვენა. შროშანას დიდად შეებრალა იგი მისი უცხოობის გამო და ცრემლითა სთხოვა მისულიყო მასთან სამეფო სახლში, რაც წმიდა ნინომ არ ისურვა. შროშანას წასვლიდან სამი დღის გასვლის შემდეგ წმიდანმა ის ადგილი მიატოვა, მდინარე მტკვარზე გადავიდა და მეფის ბაღს მიადგა, სადაც ეხლა არის ღვთისაგან აღმართული სვეტი და საკათალიკოზო ეკლესია. იქ მან ნახა მეფის ბაღის მცველის სახლი, შევიდა შიგ, სადაც მას მოეგება მებაღის ცოლი ანასტოსი, რომელმაც წმიდანი მეტად თბილად მიიღო, როგორც დიდი ხნის ნაცნობი და ახლობელი, დაბანა მას ფეხები, სცხო ზეთი, დააპურა და მოასვენა მშვიდობით. წმ. ნინომ მეფის მებაღის სახლში დაყო ცხრა თვე. ეს ანასტოსი და მისი ქმარი იყვნენ უშვილონი, რასაც დიდადა სწუხდნენ. წმ. ნინომ ძილში ნახა ნათლით შემოსილი კაცი, რომელმაც უთხრა, რომ შესულიყო ბაღში, სადაც იპოვიდა ნაძვების ქვეშ პატარა ბაბილოს, რომელიც ასაყვავებლად იყო გამზადებული; იქიდან უნდა აეღო მიწა, მიეცა უშვილო მეუღლეებისათვის შესაჭმელად და ეყოლებოდათ შვილი. წმ. ნინომ ულოცა მათ და ცოლ-ქმარს შეაჭამა მიწა ისე, როგორც ჩვენებაში ჰქონდა უწყებული. და მართლაც ეყოლათ მათ შვილები მრავალი, ვაჟები და ქალები და ამიტომაც იწამეს მათ ნინოსაგან ქრისტე და ფარულად გახდნენ მისი მოწაფენი.
მეფის ბაღის მცველის სახლში გატარებული ცხრა თვის შემდეგ წმ. ნინომ ღვთის განგებით ქალაქგარეთ იპოვა მაყვლის ბუჩქისაგან შეკრული მცირე ტალავარი, იმ ადგილზე სადაც ეხლა არის აღმართული სამთავარეპისკოპოსო ტაძრის საკურთხეველი და მოაწყო იგი თავის სამყოფელად და საცხოვრებლად, დაასვენა იქ მის მიერ ვაზის ნახლევისაგან შეკრული ჯვარი, რომლის წინაც ხშირად მღვიძარებაში ათენებდა ღამეებს და ასევე დღეებს აღამებდა დაუცხრომელ ლოცვასა და ღვთისადმი ვედრებაში. წმ. ნინოს ასეთი მოღვაწეობით გაკვირვებულები იყვნენ მეფის მებაღის მეუღლე და მისი ცოლი და ემსახურებოდნენ მას. იქ ყოფნისას წმ. ნინო ხშირად მიდიოდა ურიათა უბანში, რადგან იცოდა მათი ენა, რომ გამოეძია უფლის კვართის ადგილ-სამყოფელი, რომლის შესახებაც იერუსალიმში ნიამფორისაგან ჰქონდა მოსმენილი, რომ მცხეთელ ურიებს ჰქონდათ წაღებული. წმ. ნინომ გამოიკვლია და გაიგო ყველაფერი უფლის კვართთან დაკავშირებული.

მაშინ გაეცნო იგი ურიათა მღვდელ აბიათარსა და მის ასულ სიდონიას და უქადაგა მათ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სახარება, რომელიც მათ იწამეს და გახდნენ მისი მოწაფენი. წმ. ნინოს ასევე დაემოწაფა ექვსი ებრაელი ქალიც, რომელთაც მიიღეს ნინოს მიერ ნაქადაგები, ნათლისღების გარდა, რადგან იმ დროს არ მოიძებნებოდა ერთი მღვდელიც კი, რომ მოენათლა ისინი. ამიტომ იყვნენ ფარული მოწაფენი ნინოსი.
და ღმერთი წმ. ნინოს ხელით ახდენდა უამრავ საკვირველებსა და კურნებებს, რადგან ბევრნი, რომლებიც წამლებით ვერ განიკურნენ და უკურნებელი სნეულებებისაგან იყვნენ შეპყრობილები, გაათავისუფლა მათი უძლურებებისაგან.
ასეთ მოღვაწეობაში წმ. ნინომ მცხეთაში გაატარა სამი წელი. იმ ხანებში ქართლის მეფე მირიანი და მისი ძმისწული, - სპარსთა მეფე შევიდნენ საბერძნეთში, რომლებიც ბერძენთა მეფე კონსტანტინემ განდევნა ქრისტეს ძალითა და წმიდა ჯვარით მხედრობის წინ გაძღოლით.

აბიათარ მღვდლის მონათხრობი

მე აბიათარი, მღვდლად ვიყავი დადგენილი იმ წელიწადს, როცა წმიდა და სანატრელი დედა ნინო მოვიდა მცხეთაში. იმ დროს მივიღეთ ჩვენ წიგნი ანტიოქელი ებრაელი მღვდლებისაგან, რომელშიც ეწერა, რომ: ღმერთმა ისრაელთა სამეფო დაყო სამ ნაწილად, ჩვენი წინასწარმეტყველები განელდნენ, და რომელნიც ღვთის სულსა ფლობდნენ, იმათ თქვეს რომ ყოველივე აღსრულდა და გავიფანტეთ ჩვენ მთელ ქვეყანაზე და რომაელებმა დაგვიპყრეს; ვტიროდით მწარედ, რომ შემოქმედი ღმერთი განვარისხეთ. ეხლა განიხილეთ მოსეს წიგნები და მისი სიტყვა, რომელიც მან დაგვიწერა, რომ რომელიც ამ ქვეყანაზე თავის თავს ღვთის ძედ აცხადებს, მოკლულ იქნას;  ნაზარეველის სიკვდილს ვგულისხმობთ, რადგან როცა ძველად ჩვენი მამები ღვთის წინაშე სცოდავდნენ და მას სრულიად ივიწყებდნენ, მაშინ ღმერთი ბოროტს აბატონებდა მათზე, ხოლო როცა ღმერთს უბრუნდებოდნენ და ევედრებოდნენ, მაშინვე არიდებდა მათ ჭირსა და განსაცდელს. ეს ასე იყო და მომხდარა შვიდჯერ, რაც ჩვენ წმიდა წერილიდან ვიცით. ხოლო ეხლა, როცა ჩვენმა მამებმა შეიპყრეს უბრალო ქალის ძე და მოკლეს, ღმერთმა ხელი აიღო ჩვენზე და დაშალა ჩვენი სამეფო, მოგვაშორა თავის ტაძარს და ჩვენი მოდგმა სრულიად უგულებელყო. იმ დროიდან გასულია სამასი წელი და მეტიც და ღმერთმა არ შეისმინა ჩვენი ვედრება, რასაც დიდად განვიცდით და ვფიქრობთ, იქნებ მართლაც ზეციდან იყო ის კაცი. - და მოუხშირეს მათ ამაზე ჩვენთან წერა, ხოლო მე, როცა ყოველივე ეს გავიგე, შევეცადე რომ ნინოსაგან გამეგო ქრისტეს შესახებ, თუ ვინ იყო იგი, ან რა მიზეზით შეიქმნა ღვთის ძედ. მაშინ წმიდა ნინომ , როგორც სიღრმიდან გამომდინარე წყარომ, თავიდან დაიწყო ახსნა ჩვენი წიგნებისა და ზეპირად გამოსთქვამდა იმათ ძალას, რომელიც როგორც მძინარეს მაღვიძებდა და როგორც დაბნელებულს, განმანათლებდა მე და ჩვენს მამებს შესაწყალებლად წარმომიდგენდა. იგი მარწმუნებდა სჯულის შეცვლაში იქამდე, რომ მისი სიტყვით ვაღიარე უფალი იესო ქრისტე ღვთის ძედ, რომელიც ევნო და აღდგა და მეორედ ისევ მოვა დიდებით, რომ ჭეშმარიტად იგი იყო და არის ის, რომელსაც ელოდნენ წარმართნი. და ღირსნი გავხდით მე და ჩემი შვილი სიდონია ცოდვებისაგან განსაწმედად წმიდა ემბზიდან წყლის სხურებისა, რომელსაც ნატრობდა დავით წინასწარმეტყველი და ვერ ეწია. და მოვისმინე მე ახალი სჯულის ხმა ერთად მგალობელთან, რომელსაც დავითი შენატროდა, და ასევე ღირსი გავხდი ღვთის ძის - იესო ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის ზიარებისა, რომელიც როგორც კრავი ქვეყნიერებისათვის შეიწირა, რომლის გემოს ხილვაც ძალზედ ტკბილია; ამ რწმენით ინებე უფალო ჩემი ხორციდან გასვლა. მრავალი სასწაული ვნახეთ ჩვენი თვალებით მცხეთაში, ნინოს მიერ მოხდენილნი.

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს კვართის შესახებ ნათქვამი
აბიათარ მღვდლის მიერ

მე აბიათარი მოგითხრობთ იმას, რომელიც ჩემი ყურით მოვისმინე ჩემი დედის მამისაგან, რაც წიგნებიდანაც ვიცირადგან იმათაც პაპებისაგან და თავიანთი მშობლებისაგან ჰქონდათ მოსმენილი შემდეგი: როცა იერუსალიმში მეფობდა ჰეროდე, იმ დროს გავიგეთ, რომ იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო, რის გამოც დიდ მწუხარებაში ჩავარდნენ საქართველოში მყოფი ურიები, მცხეთაში მცხოვრებნი, ბუდელი მღვდლები, კოდოს-წყაროელი მწინობრები და ხობის კანანელნი, რომელთაც გადაწყვიტეს წასულიყვნენ და მიშველებოდნენ იერუსალიმელებს. ცოტა ხანში სხვა დამამშვიდებელი ცნობა მოვიდა, რომ სპარსელები იერუსალიმის დასაპყრობად კი არ მოვიდნენ არამედ იარაღის ნაცვლად მოიტანეს ოქროს სამეუფო და მური, რომელიც მაშინვე კურნავს წყლულს და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომისაგან შობილ ყრმას, და როცა იპოვეს ერთი უბრალო ქალისაგან უდროოდ და უადგილო ადგილას შობილი ჩვილი, როგორც ეს ჩვევად აქვთ საცხოვრებელს მორიდებულ ადამიანებს, ისინი სწორედ იმ ყრმასთან მივიდნენ თაყვანის-საცემად და მას შესწირეს ზემოთ ნახსენები ძღვენი და გაბრუნდნენ მშვიდობით. ამ ცნობამ დიდად გაახარა ქართველი ებრაელნი.

ამის შემდეგ გავიდა ოცდაათი წელი და იერუსალიმის მღვდელმა ანნამ მოსწერა მამაჩემს ელიოზს, რომ ის, რომელთანაც სპარსელები მივიდნენ ძღვენით, გაიზარდა, დიდობის ასაკს მიაღწია და თავის თავს ღვთის ძედ აცხადებს, ამიტომ შევიკრიბოთ ყველანი და დავესწროთ მის სიკვდილს, რომ შევასრულოთ ღვთისა და მოსეს ცნება.

და წავიდა მამაჩემის მამა, მოხუცებული კაცი ელიოზი, რომელსაც ჰყავდა დედა ელი მღვდლის ტომისაგან ჩამომავალი და ერთი და. ელიოზს ევედრებოდა დედამისი რომ: დაემორჩილე შვილო მეფესა და სჯულს და წავიდა, მაგრამ რაც მათ განზრახული აქვთ, იმ საქმეში ნუ გაერევი, რადგან ის არის, რომელზედაც წერენ წინასწარმეტყველები, ბრძენთა საიდუმლო, რომელიც ურიებისათვის დაიფარა, წარმართების ნათელი და საუკუნო ცხოვრება. და წავიდნენ იერუსალიმში მცხეთელი ელიოზი და ლონგინოზ კარსნელი, რომლებიც დაესწრნენ იესო ქრისტეს ჯვარცმას.
როცა იერუსალიმში უფალზს ჯვარზე აკრავდნენ და მხედარმა რკინის ჩაქუჩი დაარტყა ლურსმნებს, რათა უფალი ჯვარზე მიეჭედათ, მაშინ ლურსმებიდან გამოცემული ხმა მოესმა ელიოზის დედას მცხეთაში და მაშინვე სიმწრისგან დაიკრუნჩხა და თქვა: მშვიდობით ებრაელთა მეფობავ, რადგან მოჰკალით თქვენი ქვეყნის მხსნელი და გადამრჩენი, და ამიერიდან შემოქმედის მტრებად და მკვლელებად იქეცით; ვაი ჩემს თავს, რომ აქამდე არ მეწია სიკვდილი, რათა ჩემს ყურებს არ მოემინათ ეს საზარელი ამბავი და ამის შემდეგაც აღარ მეღირსება ვნახო წარმართებზე ნათელი და მშვიდობა ისრაელში. - მაშინვე როგორც კი დაასრულა სიტყვები, განუტევა სული.

უფლის კვართი "პერანგი" წილად შეხვდათ მცხეთელ ურიებს. ელიოზმა იგი ჩამოიტანა მცხეთაში, სადაც მას მიეგება მისი და სიდონია ცრემლებით, რომელიც მოეხვია თავის ძმა ელიოზს და გამოართვა იესოს სამოსელი, ჩაიკრა იგი გულში და მაშინვე იმანაც განუტევა სული, რაც გამოწვეული იყო სამი ტკივილით: ქრისტეს წამებით, თავისი დედის გარდაცვალებითა და ძმის ქრისტეს უარისმყოფელებთან სიახლოვით. ამ ამბავმა დიდად გააკვირვა და შეაშფოთა მცხეთა, გაოცებული იყო თვით მეფე ადერკი და მთავრები. მეფემ ისურვა ქრისტეს სამოსელი, მაგრამ შიშისა და ზარისაგან ვერ გაბედა მიცვალებულის მკერდიდან მოცილება მისი, რადგან მაგრად ჰქონდა სიდონიას გულში ჩაკრული. ამიტომ სამოსელთან ერთადვე დამარხა ელიოზმა თავისი და სიდონია იმ ადგილზე, რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის და სხვა არავინ. მარტო ისაა ცნობილი, რომ ის ადგილი ახლოსაა ლიბანის ნაძვთან რომელიც მცხეთაში იყო ჩამოტანილი, დარგული და გახარებული.
ესეც მეუწყა მამაჩემისაგან, რომ მცხეთაში არის რვთის ძალით შემოსილი ელიას ორმაგი ხალენი, რომელიც საკურთხევლის ქვეშაა დაფლული და დრომდე იქნება ხელშეუხებელი.

ბევრჯერ მაბარებდა წმ. ნინო მამაჩემთან, რომ გულმოდგინედ გამომეძია იმ სამოსელის სამყოფელი. ის მეუბნებოდა, რომ აქ არის მისი სამარხი, რომელზედაც ადამიანთა ენა არასოდეს დადუმდება ღვთის ქებითა და გალობით, და ეს ადგილი მსგავსია იმ ადგილისა, სადაც იაკობის კიბე იყო ცაში აზიდულიო.
მრავალი წლის შემდეგ ადერკი მეფის შვილიშვილმა, მეფე ამზაელმა, ებრაელებში მოიძია უფლის სამოსელის ადგილი, მაგარამ ვერ შესძლო მისი პოვნა. ვისგანაც გამოიკითხავდა, იმათაც მეფისათვის მიენიშნებინათ იმ ნაძვის მახლობელ ადგილზე, რომელიც ვახსენეთ ზემოთ, სადაც უნდა ყოფილიყო იგი დამარხული.
ესეც ცნობილია, რომ სახლი ელიოზისა, რომელმაც უფლის კვართი თავის დასთან ერთად დამარხა, იყო ქალაქის დასავლეთით, მოგვთა ხიდთან ახლოს.

იმ  დღეებში წმიდა ნინომ ძილში სამჯერ და ოთხჯერაც ნახა ჩვენება, როცა მუხლებზე დამხობილი ცოტას ჩაიძინებდა, რომ ზემოდან მოფრინდებოდნენ ხოლმე ფრინველები შავი ფრთებით, ჩადიოდნენ მდინარეში და დაბანილები და განწმედილები ადიოდნენ სამოთხის ბაღში, რომელიც ადრე ვახსენეთ, სადაც კრეფდნენ იმ ხის ნაყოფს და მის ყვავილებსაც ჭამდნენ და ამის შემდეგ სიყვარულითა და სურვილით წმიდა ნინოსთან მიდიოდნენ, როგორც ბაღის პატრონთან და მის გარშემო მშვენიერი ჟივილით იკრიბებოდნენ.

როცა ყველაფერი ეს წმიდა ნინოსაგან გაიგო, აბიათარის ასულმა სიდონიამ წმიდანს მიუგო: უცხო და, შენი თქმით, აქ არ დაბადებულო ტყვე ქალო, და ჩვენი ბოროტის ტყვეობისაგან გამომხსნელო, ვხვდები, რომ შენით დგება ახალი დრო და შენი ძალით გვესმის ჩვენი მამების მიერ მოხდენილი ამბავი, როცა უსამართლოდ დაიღვარა ზეციდან მოსული სისხლი, რასაც მოყვა ურჩთა შერცხვენა, მთელ ქვეყანაზე გაფანტვა და მათი მეფობის დამხობა, წმიდა ტაძრის დაქცევა, უცხო ერის მოწოდება და მათი განდიდება. იერუსალიმ, იერუსალიმ, როგორ გაგიშლია შენი ფრთები და გინდა იმათ ქვეშ შეკრიფო მთელი ქვეყნის მკვიდრნი. აი აქაც მოვიდა ეს ქალი, რომ შეცვალოს ამ ქვეყნის წესი. - შემდეგ ისევ მიუბრუნდა წმ. ნინოს და უთხრა: ეს შენი ჩვენება მოასწავებს და აცხადებს, რომ ეს ადგილი შენით იქცევა სულიერ და საღვთო ნაყოფის გამომღებელ სამოთხე-ბაღად უკუნისამდე.

როცა ბერძენთა მეფე კონსტანტინესაგან გამოდევნილი მეფე მირიანი დაბრუნდა მცხეთაში, მან უკვე იცოდა წმიდა ნინოს მიერ ქრისტეს სჯულის ქადაგების შესახებ, რადგან წმიდანი უკვე ხმამაღლა, განცხადებულად ეუბნებოდა ხალხს, რომ გიპოვეთ ჩრდილოეთის მკვიდრნი შემცდარნიო და თავის ვაზის ნასხლევის ჯვარსაც აჩენდა და ამით ახდენდა დიდ საკვირველებებს, წამლების გარეშე ჯვარის შეხებით კურნავდა უკურნებელ სნეულებებს. მასთან ერთად ქადაგებდნენ მისი მოწაფენიც, რომელბიც თავიდან ნინოს მოწაფეობას მალავდნენ. ესენი იყვნენ: შვიდი ებრაელი ქალი, აბიათარ მღვდლის ასული სიდონია და კიდევ ექვსი ქალი, მეფის ბაღის მცველი მეუღლენი და თვით აბაითარ მღვდელი, როგორც ახალი პავლე, რომელიც უშიშრად და დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს. იგი დიდად იყო განსწავლული ძველ სჯულში, ახალი კი წმიდა ნინოსაგან ესწავლა და ნინოზე მეტად ამხელდა ყველას შემცდარობას და ასწავლიდა მათ ჭეშმარიტებას.

მაშინ გადაემტერნენ მას ურიები და უნდოდათ ქვით ჩაექოლათ იგი, მაგრამ მირიან მეფემ მიავლინა თავისი მსახურები და სიკვდილისაგან იხსნა აბიათარი. მეფეს უკვე გასჩენოდა სურვილი ქრისტეს სჯულის მიღებისა, რადგან საბერძნეთსა და სომხეთშიც მრავალი სასწაული მოესმინა ქრისტეს ძალით მოხდენილი, ამიტომ არ აბრკოლებდა წმ. ნინოსა და მისი მოწაფეების ქადაგებას. მაგრამ სარწმუნოების დიდი მტერი, ეშმაკი ებრძოდა მას და ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მეფე ქრისტეს გზას არ დადგომოდა. ასევე დედოფალი ნანაც დაბრკოლებული იყო მისგან, მეფეზე მეტ გულფიცხობას იჩენდა და შეურაცხოფდა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას.

წმიდა ნინო კი, თავის სამყოფელში, მაყვლოვანში, დაუცხრომლად ლოცულობდა ისე, რომ მისი ლოცვითა და მღვიძარებით წარმართები გაკვირვებულები იყვნენ, რადგან მათთვის ეს უცხო იყო, და დაუწყეს ნინოს გამოკითხვა სარწმუნოების შესახებ. ხოლო იგი უხსნიდა მათ ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს და განაბრძნობდა უგულისხმოებს და გულებში უნერგავდა ქრისტეს სიყვარულს.
სამი წელი გაატარა წმ. ნინომ განცხადებულ ქადაგებაში და დაიმოწაფა მრავალი. იყო ერთი მძიმედ დაავადებული პატარა ბავშვი, რომელიც დედამისს კარიდან კარზე დაყავდა, რომ ვინმეს ესწავლებინა მისთვის მკურნალი, რათა ნუგეში ეცათ მისთვის. ყველამ იცოდა მისი გასაჭირი, მაგრამ ვერ განკურნეს ბავშვი, ამიტომ მკურნალებმა უთხრეს დედაკაცს, რომ არაფერი ეშველებოდა ბავშვს. ეს ქალი იყო გულფიცხი წარმართი და მუდამ აძაგებდა ქრისტანულ სჯულს და სხვებსაც უშლიდა ნინოსთან მისვლას.

მაგრამ, როცა გადაეწერა ყველა იმედი მკურნალებისაგან, მივიდა წმ. ნინოსთან, დავარდა მის წინ და ევედრებოდა ბავშვის განკურნებას. წმ. ნინომ უთხრა მას: რაც ადამიანს შეუძლია რომ ვინმე განკურნოს, მე იმას არ ვიზამ, ხოლო ჩემი ღმერთი ქრისტეზე, რომელსაც მე ვემსახურები, განკურნავს ამ ყრმას, რომელიც ყველასაგან გაწირულია. - კილიკზე, რომელზედაც მუდამ თვითონ ლოცულობდა, უბრძანა სნეული დაეწვინათ და იწყო ღვთისადმი ვედრება და მაშინვე განიკურნა ყრმა, რომელიც ცოცხალი და მხიარული გადასცა თავის დედას. ბავშვის მშობლებმა მაშინვე აღიარა ქრისტე ღმერთად და თქვა: არ არსებობს სხვა ღმერთი, ნინოს მიერ ნაქადაგები ღმერთის გარდა. - იგი დაემოწაფა წმ. ნინოს და შეუდგა მას და ადიდებდა ღმერთს.

იმ დროს მძიმე სენით დაავადდა დედოფალი ნანა და ვერავინ შეძლო მისი განკურნება, რადგან ვერც-ერთმა წამალმა ვერ უშველა მას, რის გამოც მკურნალები სასოწარკვეთილებაში იყვნენ. მაშინ ვიღაცეებმა აუწყეს დედოფალს, რომ რომაელი ტყვე ქალი ნინო ლოცვით კურნავდა მრავალი სენით დაავადებულებს. დედოფალმა უბრძანა მსახურებს, რათა თავისთან მიეყვანათ ნინო. როცა მსახურები მივიდნენ ნინოსთან, ნახეს იგი მაყვლის ბუჩქთან მეექვსე ჟამნის ლოცვისას და გადასცეს დედოფლის ბრძანება. წმ. ნინომ უთხრა მათ: არა მაქვს ნება, რომ ჩემი სამყოფელიდან გავიდე, არამედ დედოფალი თვითონ მოვიდეს ჩემთან და განიკურნება ქრისტეს ძალით. მსახურებმა მოახსენეს დედოფალს ნინოს დანაპირები. მაშინ დედოფალმა გულმოდგინებით უთხრა მათ, რომ შეემზადებინათ იგი ნინოსთან მისაყვანად. მსახურებმა საკაცით გადაიყვანეს დედოფალი, რომელსაც თან ახლდა უფლისწული რევი და მსახურები მრავლად. როცა მიიყვანეს დედოფალი ნინოსთან, დააწვინეს კილიკზე, წმიდა ნინომ იწყო ღვთისადმი ლოცვა და ვედრება დიდხანს, შემდეგ აიღო ჯვარი, რომელიც მუდამ ჰქონდა თან, შეახო სნეულის თავს, ფეხებსა და მხრებს, გამოსახა ჯვარის სახე და განკურნა დედოფალი, რომელიც მაშინვე წამოდგა განკურნებული, იწამა ქრისტე და თქვა: არ არსებობს სხვა ღმერთი, ქრისტეს გარდა, რომელსაც ქადაგებს ეს ტყვე დედაკაცი. - და ამის შემდეგ იგი გაიხადა მეგობრად და შინაურად და მუდამ ეკითხებოდა დაწვრილებით ქრისტეს სჯულის შესახებ, და ასწავლიდნენ მას წმ. ნინო, აბიათარი - ახალი პავლე და მისი ასული სიდონია. და გახდა დედოფალი მორწმუნე და იცნო ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ ჰკითხა დედოფალს თუ ასე უცებ როგორ განიკურნა? - და დედოფალიც მოუყვა თუ როგორ განიკურნა წამლის გარეშე ნინოს ლოცვითა და ჯვარის შეხებით. სხვებმაც, რომელთაც ნახეს დედოფლის განკურნება, დაადასტურეს დედოფლის ნათქვამი.

მოსმენილით გაკვირვებულმა მეფემ დაიწყო ქრისტეს სჯულის გამოძიება და ბევრს ეკითხებოდა ურიაყოფილ აბიათარს ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე და იგიც ყველაფერს უყვებოდა მას. ნებროთის წიგნში, რომელიც ჰქონდა მეფე მირიანს, იპოვა გოდოლის აშენების შესახებ მოთხრობილი შემდეგი: ნებროთს ზეციდან მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა მას: მე ვარ მიქაელი, რომელიც ღვთისაგან ვარ აღმოსავლეთის მთავრად დადგენილი, გადი მაგ ქალაქიდან, რადგან ღმერთი დაჰფარავს მას. ხოლო ბოლო დროს მოვა მეუფე ცისა, რომლის ნახვა გინდა შენ, ერში ყველაზე შეურაცხყოფილს. იმის შიში ქვეყნიურ სიამეებს არარაობად აქცევს, მეფენი მეფობას დათმობენ და დაუწყებენ ძებნას სიგლახაკეს, ის გიხილავს შენ ჭირში და გიხსნის შენ.

მაშინ მიხვდა მეფე მირიანი, რომ ძველი და ახალი წიგნები ერთმანეთს ეთანხმებოდნენ და იგივეს ამტკიცებდა ნებროთის წიგნიც და გაუჩნდა სურვილი ქრისტეს სჯულის მიღებისა, მაგრამ უხილავი მტერი ებრძოდა და არიდებდა მას ქრისტეს აღიარებისაგან, გულში უღვივებდა კერპებისა და ცეცხლის სასოებას; დედოფალი კი ყოველთვის ევედრებოდა ქრისტიანობის მიღებას. დედოფლის მოქცევის შემდეგ ერთი წელი მეფე ორგულობაში იმყოფებოდა. წმიდა ნინო კი დაუცხრომლად ასწავლიდა ხალხს ქრისტეს მცნებას და არავისუხილავდა თუ ვინ იყო და საიდან მოვიდა, არამედ ყველას ეუბნებოდა, რომ ის იყო ტყვე. ამის შემდეგ მოგვთა მთავარი სპარსი ბოროტი ძალისაგან ავად შეიქმნა და სასტიკად იტანჯებოდა. და სიკვდილამდე იყო მისული. ეს მთავარი იყო მირიან მეფის ნათესავი. მაშინ დედოფალი შეევედრა წმ. ნინოს, ხოლო მირიან მეფე უნდობლად უყურებდა მას. მან ჰკითხა წმიდანს: რომელი ღმერთის ძალით ახდენ სნეულთა განკურნებას, იქნება ხარ არმაზის ასული ან ზადენის შვილი, რომელთაც შეავედრე თავი, როგორც უცხომ და იმათაც მოგანიჭეს კურნებათა ძალა, რათა ამით იცხოვრო უცხო ქვეყანაში, ამიტომ დიდებულნი არიან ისინი უკუნისამდე. ხოლო შენ იყავი ჩვენთან, როგორც ერთი ჩევნი შვილებთაგანი და დაფასებული იქნები ამ ქალაქში, მაგრამ რომაელთა შემცდარ სჯულს ნუღარ იქადაგებ ჩვენში, რადგან უცხოა იგი ჩევნთვის.

აი, ქვეყნის მპყრობელი დიდი ღმერთები, არმაზი და ზადენი, რომელნიც იძლევიან მიწისაგან ნაყოფს და გამოზრდიან ქართლის მკვიდრთ; ისინი არიან ყოველივე დაფარულის გამომაჩინებელნი, ხოლო გაცი დ გაი იყვნენ ჩვენი წინაპრების ღმერთები. და თუ ამ მთავარს განკურნავ, გაგამდიდრებ და მცხეთაში არმაზის მსახურად დაგადგენ. მართალია ქარითა და სეტყვით შეიმუსრა იგი, მაგრამ მისი ადგილი ისევეა უძრავად; არმაზი და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი ყოველმხრივ ემტერებიან ერთმანეთს, არმაზმა ზღვა მიაქცია მასზე, იმან კი ასეთი საშინელება მოაწია არმაზზე, როგორც ეს ქვეყნის მპყრობელთ აქვთ ჩვევად. საკმარისი იქება შენთვის ჩემი ეს საუბარი.
წმ. ნინომ მიუგო: მეუფეო, ქრისტეს სახელით და მისი დედისა და ყველა წმიდანის ვედრებით, ცისა და ქვეყნის ღმერთმა, ქვეყნიერების გამჩენმა, თავისი დიდი და აურაცხელი მოწყალებით მოგივლინოს შენ, როგორც ცეცხლის ერთი ნაპერწკალი მისი მადლისა, რათა სცნო და განიცადო ცის სიმაღლე და მზის ნათელი, ზღვის სიღრმე და ქვეყნიერების სივრცე და მისი საფუძველი, რათა იცოდე, თუ ვისგან იმოსება ცა ღრუბლებით, რომლებიც ქუხან დიდი ხმით ისე, რომ ზანზარებს ქვეყანა მათი სიძლიერით და ხდება მეხის ჩამოვარდნები და მთებს ეკიდებათ ცეცხლი ღვთის გულისწყრომით.

ანდა, როცა იძვრება მთელი ქვეყანა იქამდე, რომ მიწა, მთები და მყარი კლდეები ირღვევა, ყოველივე ამას მიგახვედროს, რომ ღმერთი, რომელიც ზეცაშია, თავის მიერ გაჩენილებისათვის უხილავია, გარდა მისი ძისა, რომელიც მისგან იშვა და ქვეყანაზე გამოჩნდა კაცი, რომელმაც ყველაფერი შეასრულა, რისთვისაც იყო მოვლენილი და ისევ ამაღლდა მამასთან. და ირწმუნო ის, რომ რომელსაც დასაბამი არა აქვს, მაღლა არის და დაბლა ყველაფერს ხედავს, და მაღლა მყოფთაც ცნობს შორიდან; მეუფეო, ახლოსაა ის დრო, როცა შენ ღვთისაკენ მიიხედავ, რადგან ამ ქალაქში არის ერთი სასწაული, ღვთის ძის სამოსელი აქაა და ელიას ხალენიც აქვე ყოფილა, და ღმერთმა მრავალი სასწაულიც გამოაჩინა. ეხლა შენს მთავარსაც განვკურნავ ქრისტეს სახელით და ჯვარით, რომელზედაც ევნო იგი, ისე როგორც განიკურნა დედოფალი ნანა დიდი სენისაგან, რადგან რაც ვუთხარი, იმას აკეთებს იგი. - მიიყვანეს მასთან ის მთავარი, მობრძანდა დედოფალი ნანაც. წმ. ნინომ სამოთხის ბაღში, ნაძვის ქვეშ დააყენა იგი აღმოსავლეთით მხედველი, განიპყრა ხელები და სამჯერ წარმოთქვა: განეშორება შენგან ეშმაკო და შეუდგება ღვთის ძე ქრისტეს. - და გულამოსკვნილი ტიროდა წმ. ნინო და სთხოვდა ღმერთს იმ კაცისათვის დახმარებას. იქვე იყვნენ მისი მოწაფენიც ერთი დღე და ორი ღამე. და მაშინვე გავიდა მისგან ბოროტი სული და დაემოწაფა ნინოს თავისი სახლეულით და ადიდებდა მამას და ძეს და წმიდა სულს.

მირიან მეფის სასწაულებრივი მოქცევა, ჯვრის აღმართვა,
ეკლესიაბის აშენება და მათში საკვირველებების მოხდენა
(წმ. ნინოს მოწაფე სიდონიას მიერ მოთხრობილი)

ზაფხულის ერთ დღეს, ივლისის ოცში, შაბათ დღეს, მეფე გავიდა სანადიროდ მუხრანის მხარეს. ეწვია მას ფარულად ეშმაკი და გულში ჩაუგდო კერპებისა და ცეცხლის სიყვარული და მათი მსახურების სურვილი, და ქრისტიანების ამოხოცვა მახვილით. მეფემ უთხრა თავის ოთხ თანაშემწეს: ღირსები ვართ, რომ ჩვენი ღმერთებისაგან ბოროტად დავისაჯოთ, რადგან მათ მონდომებით აღარ ვემსახურებით და მივუშვით ეშმაკეული ქრისტიანების სჯულის ქადაგება ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეშმაკის ძალით ახდენენ საკვირველებებს. ამიტომ განზრახული მაქვს, რომ ამოვხოცოთ ჯვარის თაყვანისმცემლები და გავაძლიეროთ ჩვენი ღმერთების მსახურება ქართლში, ვამხილო ჩემი მეუღლე ნანა სჯულის შეცვლაში და მოვთხოვო სინანული და ჯვარცმულის სჯულის უარყოფა. და თუ არ დამემორჩილება, მაშინ მის სიყვარულზე უარს ვიტყვი და სხვებთან ერთად მოვკლავ მას. - თანაშემწეებმა დიდად მოუწონეს მეფეს განზრახვა, რადგან ეს საქმე იმათ ისედაც ჰქონდათ გულში, უნდოდათ ეთქვათ მეფისათვის, მაგრამ ერიდებოდათ გაცხადება ამისა. მეფემ მოიარა მუხრანის სანახები და ავიდა თხოთის მაღალ მთაზე, რომ დაენახა კასპი და უფლისციხე, და როცა იდგა მთის წვერზე, სამხრეთიდან მთაზედაბნელდა მზე და ჩამოწვა ღამის უკუნი სიბნელე, რომელმაც მოიცვა არე-მარე. სიბნელის გამო მეფის მხლებლები მიმოიფანტნენ, რომ გასაჭირს გასცლოდნენ. დარჩა მეფე მარტო, ცდილობდა გზა გაეგნო, მაგრამ ამაოდ. შეშინებული და შეძრწუნებული დადგა ერთ ადგილზე, რადგან გადარჩენის იმედი გადაეწურა. მძიმე გასაჭირში იგი გონს მოეგო და გულში ფიქრობდა: აი, ჩემს ღმერთებს შველასა ვთხოვ, მაგრამ იმათგან სიკეთე ვერ მივიღე, იქნებ ჯვარმა და ჯვაცმულმა ღმერთმა, რომელსაც ჰქადაგებს ნინო და მისი სახელით ახდენს კურნებებს, შეძლოს ჩემი გასაჭირისაგან ხსნა, რადგან ცოცხალი ჯოჯოხეთში ვიმყოფები. არ ვიცი მთელ ქვეყანას დაუბნელდა სინათლე თუ მარტო ჩემთვის მოხდა ეს? თუ მხოლოდ ჩემთვისაა ეს გასაჭირი დაშვებული, ნინოს ღმერთო, გამინათე ეს სიბნელე და დამანახე ცემი ქვეყანა და ვაღიარებ შენს სახელს, აღვმართავ ჯვარის ძელს და მას თაყვანსა ვცემ და ავაშენებ სამლოცველო სახლს, დავემორჩილები ნინოს და მივიღებ რომაელთა სჯულს.

წარმოსთქვა თუ არა ეს სიტყვები, მაშინვე ინათა და გამობრწყინდა მზე. მირიან მეფე გადმოვიდა ცხენიდან, აღაპყრო ხელები ზეცისაკენ და თქვა: შენ ხარ ღმერთი ღმერთებისა და უფალი უფლებებისა, რომელსაც ქადაგებს ნინო, შენი სახელი აქოს ყოველმა დაბადებულმა ცაში და დედამიწაზე, რადგან შენ მიხსენი მე ჭირისაგან და ჩემი სიბნელეგაანათლე, ვხვდები რომ გინდა ხსნა და გადარჩენა ჩემი და შენთან მოახლოება. ამიტომ ამ ადგილზე აღვმართავ ჯვარს, რომ იმით იდიდებოდეს შენი სახელი და ეს საქმე და სასწაული იხსენებოდეს უკუნისამდე. - და დაიმახსოვრა ის ადგილი და გამოეშურა თავისი ქალაქისაკენ. სინათლეზე მეფის გაბნეული მხლებლებიც გამოჩნდნენ. მეფე მოუწოდებდა მათ, რომ ედიდებინათ ნინოს მიერ ნაქადაგები ღმერთი, რადგან იგია მარადიული ღმერთი და მხოლოდ მას შვენის დიდება უკუნისამდე.

ნანა დედოფალი და ერი გავიდა მეფის შესახვედრად, რადგან გაეგოთ მოწეული განსაცდელისა და შემდეგ იქიდან მშვიდობით გამოსვლის შესახებ, და მიეგებნენ ქინძარასა და ღართასთან. ხოლო ნეტარი ნინო მაყვლოვანში იდგა მწუხრის ლოცვაზე, როგორც ეს ჰქონდათ ჩვევად და ჩვენც ორმოცდაათი სული მასთან ვიყავით.

ქალაქში შემოსვლისას მეფემ ხმამაღლა დაიძახა: სად არის ის უცხო დედაკაცი, იგია ჩვენი დედა, რადგან მისმა ღმერთმა მიხსნა მე. - როცა გაიგო, რომ იგი მაყვლოვანში იყო და ლოცულობდა, მეფემ და მისმა მხედრობამ მიაშურეს იმ ადგილს. მეფე ცხენიდან ჩამოვიდა ძირს და უთხრა ნინოს: ღირსი გამხადე, რათა შენი ღმერთისად ვიწოდო, რომელმაც გადამარჩინა მე. - ხოლო წმ. ნინომ ასწავლა მას და მირიანმა აღმოსავლეთით თაყვანი-სცა ქრისტეს და აღიარა ის ღვთის ძედ.

დიდმა ოხვრამ და ტირილმა მოიცვა ხალხი, როცა დაინახეს მეფე-დედოფალი აცრემლებულები. მეორე დრეს მირიან მეფემ საბერძნეთში გააგზავნა მოციქულები კონსტანტინე მეფესთან და გაატანა წმ. ნინოს წერილი ელენე დედოფალთან, რითაც აცნობეს მათ მცხეთაში მირიან მეფეზე მომხდარი სასწაულის შესახებ და სთხოვეს სასწრაფოდ გამოეგზავნათ მღვდლები ხალხის მოსანათლად. ხოლო წმ. ნინო და მისი მოწაფეები ხალხს ქრისტიანობას დაუცხრომლად უქადაგებდნენ დღე და ღამე და უჩვენებდნენ მათ სასუფევლის ჭეშმარიტ გზას.

ეკლესიაბის აშენება
(სიდონიასგანვე მოთხრობილი)

როცა ხალხმა მიიღო ქრისტიანობა მონდომებით, მღვდლების ჩამოსვლამდე მეფე მირიანმა მოინდომა ღვთის სახლის აშენება და ჰკითხა წმ. ნინოს, თუ სად უნდა აეგო იგი? ნინომ უპასუხა: სადაც მთავართა გონებამ ისურვოს. - მეფემ უთხრა: მიყვარს მე შენი მაყვლოვანი და ჩემი გონებით ეგ საქმე აქა მსურს, მაგრამ არ იქნება ასე, არ მოვერიდები სამეფო ბაღს, ნაძვების სიმაღლესა და ნაყოფიერ ბაბილოს და ყვავილების სურნელებას. რადგან ჩვენებაში შენ იხილე, რომ ფრინველები თავიანთ ფრთებს იბანდნენ წყლით და გაწმედილები და გაბრწყინვებულები სამოთხის ბაღის ხის ტოტებზე სხდებოდნენ და ტკბილი ხმით გალობდნენ; ჭეშმარიტად ეს წარმავალი, ხილული ბაღი-სამოთხე გვექცევა ჩვენ საუკუნო სიცოცხლედ, ამიტომ საბერძნეთიდან მღვდლების მოსვლამდე, აქ ავაშენებთ ღვთის სახლს, სადაც ჩვენ ვილოცებთ. - და მაშინვე აუხსნა ხუროებს, რაც უნდა აეშენებინათ. მოჭრეს ის ნაძვი და მისგან დაამზადეს შვიდი სვეტი ეკლესიისათვის. და როცა ააგეს ხის კედელი და სვეტები აღმართეს თავ-თავის ადგილზე, ყველაზე დიდი სვეტი, რომელიც შესახედავად იყო საკვირველი და რომელიც ეკლესიის შუა საყრდნად იყო გათვალისწინებული, ვერაფრით ვერ აღმართეს და მეფეს აცნობეს ეს საკვირველი ამბავი, რომ სვეტი ადგილიდან ვერ დაძრეს.

მაშინ მოვიდა მეფე მრავალრიცხოვან ხალხთან ერთად და მრავალნაირი ღონე იხმარეს, ყოველნაირად ეცადნენ და მისი აღმართვა მაინც ვერ შეძლეს. მეფე და იქ მყოფი ხალხი გაკვირვებული იყო და მიზეზი ვერ გაეგოთ. როცა დაღამდა, შეწუხებული მეფე წავიდა თავის სამყოფელში, ხოლო წმიდა ნინო და მისი თორმეტი მოწაფე-დედა, სვეტთან დარჩნენ და თავიანთი ცრემლებით მას ასველებდნენ.

შუაღამისას, თითქოს არმაზისა და ზადენის მთები ჩამოიქცნენ და მდინარეს გადაეღობნენო, ხოლო დაგუბებულმა წყალმა გადმოხეთქა და ქალაქი წალეკაო; და ისმოდა საზარელი ხმები მწუყხარებისა და გოდებისა. არაგვიც თითქოს ციხეზე გადმოსულიყო და საშინელი გრგვინვა ისმოდა ირგვლივ. შეშინებულმა დედებმა ის იყო გაქცევა დააპირეს, რომ ნეტარმა ნინომ უთხრა მათ: ნუ გეშინიათ ჩემო დებო, მტრები თავიანთ ადგილზე დგანან, ხალხს კი სძინავს, ხოლო თქვენ რომ გგონიათ მთების დარღვევა, იგი გეჩვენებათ, რადგან სინამდვილეში ურწმუნოების მთები დაირღვა ქართლში, ხოლო დაგუბებული წყლები იმას მოასწავებს, რომ შეწყდება ჩვილი ბავშვების სისხლის შეწირვა კერპებისადმი. ხოლო ეს შემზარავი ხმები ეშმაკთა გლოვას მიანიშნებენ, რადგან ისინი დასტირიან ამ ადგილებიდან ღვთის ძალით იმათ განდევნას. ხოლო თქვენ გამოისახეთ ქრისტეს ჯვარი და მობრუნდით, და ილოცეთ ღვთისადმი. - და მაშინვე დადუმდა ხმები და აღარაფერი ისმოდა.

იდგა წმ. ნინო ხელაპყრობილი, ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ არ დაებრკოლებინა ის საქმე, რომელიც წამოეწყო მეფეს. მამლებს ჯერ კიდევ არ ეყივლათ, რომ თითქოს ქალაქის სამ კარს მოაწყდა დიდძალი ლაშქარი მტრისა, რომელმაც ქალაქის ბჭენი დალეწა და იქ სპარსელები შემოიჭრნენ და საშინელი ზარითა და გრგვინვით ქალაქი დაიკავეს; ისმოდა კაცის კვლა და სისხლმა იწყო დენა. იმ ადგილსაც მოაწყდნენ მოლაშქრენი მახვილებითა და ყვირილით ისე, რომ იმათი შიშით იქ მყოფნი დაილივნენ და თავიანთი ახლობლების დაღუპვას დასტიროდნენ. შემდეგ ისევ გაისმა ხმა, რომ სპარსთა მეფის ბრძანებით ურიებს მახვილი არ უნდა შეხებოდათ. ეს რომ გავიგონე, გონს მოვედი, და მე და ჩემთან მყოფი ათი ქალი შევორგულდით, რადგან მებრძოლები ჩვენთან უკვე ახლოს იყვნენ და ყველას ხოცავდნენ. და უცებ გაისმა ძლიერი ხმა, რომ მირიან მეფე შეიპყრესო. დიდმა მოღვაწე ნინომ მიმოიხედა და თქვა: ვიცი ეს ყვირილი ვისგანაც მოდის, რადგან მას დიდად უჭირს. მადლობდეთ ღმერთს, რადგან ეს არის ნიშანი მათი დაღუპვისა და ქართლის გადარჩენისა და ამ ადგილის დიდებისა. - და ყველა გვანუგეშა მან, როგორც ჭეშმარიტმა მოძღვარმა და სანატრელმა მოციქულმა.

და მიბრუნდა იგი მომხდურს და უთხრა: სად არიან სპარსთა მეფეები და ხურა ხუასრა, გუშინ რომ საბასტიანიდან წამოსულან, მალე მოსულხართ, დიდი ლაშქარი გყოლიათ, რატომ ააოხრეთ ეს ქალაქი და მახვილით შემუსრეთ? ქარითა და ნიავით გაატანეთ სიბნელე ჩრდილოეთის მხრის მთებისა და ხეებისა; აი მოვიდა, ვისაც თქვენ გაურბიხართ.

და ჯვარის სახით აღმართა ხელები და მაშინვე ყველაფერი გაუჩინარდა და დიდმა სიმშვიდემ დაისადგურა და ნეტარი დედები შენატროდნენ მას და ადიდებდნენ ღმერთს. ცისკრის დაწყებისას დედებს მიერულათ, ხოლო მე, სიდონიას, მეღვიძა და წმიდა ნინო კვლავ ხელაპყრობილი იდგა. და აი, ნეტარ ნინოს მიუახლოვდა ნათლით გაბრწყიბებული ჭაბუკი, რომელსაც ცეცხლოვანი ზეწარი ემოსა და რაღაც სიტყვები უთხრა წმიდანს. მე გაკვირვებული მივუახლოვდი ნეტარ დედას და ვკითხე: დედოფალო, რა არის ეს? - მან მიპასუხა: მოიდრიკე თავი. - და მომხდარით შეძრულმა დაიწყო ტირილი და მცირე ხნის შემდეგ წამოდგა, მეც წამომაყენა და მოვერიდეთ იმ ადგილს.

ხოლო დედებმაც, რომლებიც იყვნენ გვერდით, ნახეს თუ როგორ ჩამოდიოდა ცეცხლოვანი სვეტი და უახლოვდებოდა თავის დასამტკიცებელ ადგილს, და მიწიდან თორმეტი წყრთის მანძილზე მოშორებით დადგა და ნელ-ნელა დაეშვა თავის ადგილზე, სადაც იყო ნაძვის ძირი.

ირიჟრაჟა თუ არა, ადგა მწუხარებისაგან გულდამძიმებული მეფე მირიანი და გახედა ბაღში აღმართულ ეკლესიას, სადაც იყო მთლიანად მისი გონება და დაინახა ნათელი, როგორც ელვა, რომელიც ბაღიდან ზეცამდე აღწევდა. მაშინვე სირბილით იქით გაეშურა, რომელსაც მისი სახლეულიც გაყვა თან, ხალხიც ბევრი შეგროვდა, ყველამ დაინახა დიდი საკვირველება, თუ ნათლით გაბრწყინვებული სვეტი როგორ ჩამოდიოდა ზემოდან და ადამიანის ხელების შეუხებლად დაემყარა თავის ადგილზე. სანატრელი იყო ის დრო, რადგან ქალაქი მცხეთა დიდ შიშსა და სიხარულს მოეცვა, მრავალი ცრემლი დაიღვარა, მეფე და მთავრები ერითურთ ოხვრითა და ძრწოლით ადიდებდნენ ღმერთს და შენატრიდნენ წმიდა ნინოს. იმ დღეს მრავალი სასწაული მოხდა.

პირველად მოვიდა შობიდან ყრმა ურია, მიუახლოვდა იგი ღვთისაგან აღმართულ სვეტს და მაშინვე იწყო ხედვა და ადიდებდა ღმერთს. შემდეგ რვა წლის სეფეწული ამასპანი, რომელიც დიდხანს იწვა, მისმა დედამ რწმენით დააწვინა ნათლის სვეტთან და ევედრებოდა წმიდა ნინოს: მოხედე დედოფალო ჩემს შვილს, რომელიც სიკვდილის პირსაა, რადგან ვიცი, რომ რომელსაც შენ ემსახურები და ჩვენ გვიქადაგებ ღმერთების ღმერთია. მაშინ წმიდა ნინომ ხელი შეახო სვეტს და შემდეგ შეეხო ყრმას და უთხრა: თუ გწამს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, რომელიც მოვიდა ქვეყნის გადასარჩენად, განიკურნე და ამიერიდან დაიწყე მისი დიდება, რომლის ძალაც გაგკურნავს. - და მაშინვე წამოდგა ყრმა ყოველნაირად მრთელი. ამ სასწაულმა დიდი შიში მოჰგვარა მეფესა და ხალხს და დაიწყეს სნეულებმა მოსვლა, რომლებიც სვეტის შეხებისას იკურნებოდნენ. ამიტომ მეფემ საკვირველ სვეტს გარშემო შეუქმნა ხის საფარებელი, რათა ყველას ადვილად არ დაენახა. ეხებოდნენ სვეტის ძირსაც და ღებულობდნენ კურნებას. მირიან მეფემ დააჩქარა ეკლესიის მშენებლობა ბაღში და მალე კიდეც დაასრულა.

როცა მირიან მეფის მოციქულები მივიდნენ კონსტანტინე მეფესთან რაც მოხდა, დიდი სიხარულით გაიხარა მეფემ და მისმა დედამ, დედოფალმა ელენემ, პირველად იმისთვის, რომ ღვთის მადლი ეფინებოდა ქვეყანას და ქართლი იმათი ხელიდან მოინათლებოდა; და მეორეთ კიდევ იმიტომ, რომ ამით რწმუნდებოდნენ იმაში, რომ მირიან მეფე სპარსელებს ჩამოშორდებოდა და სიყვარულით დაუკავშირდებოდა მათ, რისთვისაც ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს. და გამოგზავნეს იოანე ეპისკოპოსი და მასთან ორი მღვდელი და სამი დიაკვანი. მეფე კონსტანტინემ მისწერა მეფე მირიანს წიგნი ლოცვა-კურთხევისა და ღვთის მადლობისა და გაუგზავნა ჯვარი და მაცხოვრის ხატი და მასთან დიდი საბოძვარი; ასევე ელენე დედოფალმაც მისწერა ქართველთა მეფეს ქებისა და ნუგეშის წიგნი. ეპისკოპოსი სამღვდელოებით მცხეთაში მოვიდა, მეფემა და ერმა დიდად გაიხარა, რადგან ყველას სურდა ნათლისღება. მირიან მეფემ მაშინვე გასცა ბრძანება, რომ მასთან სასწრაფოდ ეხმოთ ქვეყნის ერის თავები, სპასალარნი და სამეფო პირნი და ისინიც მალე შეიყარნენ მცხეთაში.

მაშინ მოინათლა მეფე წმიდა ნინოს ხელიდან, შემდგომ კი ნათელი იღეს დედოფალმა და მისმა შვილებმა სამრვდელოებისაგან. ამის შემდეგ აკურთხეს მდინარე მტკვარი, იოანე ეპისკოპოსმა შეამზადა ერთი ადგილი ხიდთან მოგვების უბანში, სადაც ადრე იდგა ელიოზ მღვდლის სახლი, იქ ნათლავდნენ წარჩინებულებს, ამიტომ ამ ადგილს მთავართსანათლო ეწოდა.

მდინარეს ქვემოთ კი მღვდლები და დიაკვნები ნათლავდნენ ხალხს, რომლებიც მრავლად იყვენენ აქ და ეშურებოდნენ ნათლისღებას, ამიტომ ერთმანეთს წინ უსწრებდნენ და მღვდლებსაც ევედრებოდნენ რომ სხვებზე უწინ ისინი მოენათლად. ასეთი დიდი სურვილი ნათლობისა ხალხს იმიტომ ჰქონდა, რომ მოესმინათ წმიდა ნინოს ქადაგება, რომელიც ეუბნებოდა მათ: ვინც არ მოინათლება ვერ იპოვნის საუკუნო ნათელს. ამიტომ ჩქარობდნენ ნათლისღებას. ასე მოინათლა ქართველობა. ნათელი არ ირეს კავკასიის მთიელებმა, რომლებმაც კარგა ხანს სიბნელეში ამჯობინეს ყოფნა და მცხეთელმა ურიებმა. კაბრარიანელებმაც, ორმოცდაათამდე სულმა, მიიღო ქრისტიანობა, რაც დიდად ეამა მეფეს, რომელმაც მათ უბოძა დაბა, რომელსაც ჰქვია ციხე-დიდი. მირიან მეფის სიძე ფეროზი და მისი ახლობლები არ მოინათლნენ, არამედ მეფეს მხოლოდ ხილულად ემორჩილებოდნენ.

მირიან მეფემ ეპისკოპოსი იოანე და მასთან წარჩინებულები გააგზავნა კონსტანტინე მეფესთან, რათა ეთხოვათ მისთვის უფლის ჯვარის ნაწილი, რომელიც იმ ხანებში მოიძია ღვთის მოყვარე და ღვთის მსახურმა დედოფალმა ელენემ, და მღვდლები მრავლად, რათა ხალხის მოსანათლად ისინი გაეგზავნათ ქალაქებსა და სოფლებში, რომ ქართლში მცხოვრებნი მალე გაქრისტიანებულიყვნენ. აგრეთვე ითხოვეს ხუროთმოძღვრები, ეკლესიების ასაშენებლად.

კონსტანტინე კეისარმა სიხარულით უბოძა მათ ცხოვრების ძელის ნაწილი და ის ფიცრები, რომლებზედაც მაცხოვრის ფეხები იყო მიჭედებული და ლურსმნები, რითაც ხელები ჰქონდა უფალს მილურსმული. ამასთან ერთად გამოაგზავნეს მღვდლები და ეკლესიის მშენებლები. მეფე კონსტანტინე, რომელმაც თავის მეფობაში ააშენა წმიდა ტაძარი, დიდძალი განძი მისცა ეპისკოპოს იოანეს, რათა ქართლში, სადაც კი საჭირო იქნებოდა ეკლესიაები აეშენებინა მისი სახელით და ქართველთა ქვეყანა მადლით გაემრავლება.

ეპისკოპოსი და მასთან მყოფნი გამობრუნდნენ უკან და როცა მოვიდნენ ურუშეთში, აქ მღვდელთმთავარმა დატოვა მშენებლები და განძი და უფლის ლურსმები, შემდეგ წამოვიდა და მოვიდა მანგლისში. აქაც დაიწყო ეკლესიის მშენებლობა და დატოვა უფლის ფიცრები. ამან მეფე მირიანი შეაწუხა, რადგან პირველად სამეფო ქალაქში არ მოვიდა მღვდელთმთავარი, არამედ სხვა ქალაქებში დაიწყო ეკლესიების აშენება და წმიდა ნაწილებიც იქ დატოვა. მივიდა მეფესთან წმიდა ნინო და უთხრა: ნუ სწუხარ მეფეო, რადგან ასე იყო საჭირო, რომ სადაც გაივლიდნენ, ყველგან უნდა დაეთესათ ღვთის სიტყვა, ხოლო ამ ქალაქში უფლის დიდებული სამოსელი ინახება.

მაშინ იხმო მეფემ აბიათარი და მასთან სხვა ურიებიც, რომელთაც გამოკითხა უფლის კვართის შესახებ. და იმათ მოუთხრეს ყველაფერი, რომელიც ზემოთ იყო ნათქვამი. მირიან მეფემ ხელები არაპყრო ზევით და თქვა: კურთხეულ ხარ შენ იესო, ცხოველი ღმერთის ძეო, რადგან თავიდანვე გინდოდა ჩვენი ხსნა ეშმაკისა და სიბნელისაგან. ამიტომ შენი წმიდა სამოსელი წმიდა ქალაქ იერუსალიმიდან, ჩვენ უცხო ხალხთან გამოატანე ებრაელებს, რომელთაც უცხო მიიღეს შენი ღვთაებრიობა.

და მტკიცდებოდნენ ქრისტიანობაში მეფე და მოქალაქენი მცხეთისა, ხუროებმა კი დაიწყეს ეკლესიის მშენებლობა ქალაქის გარე უბანში, მაყვლოვანში, წმიდა ნინოს სამყოფელთან, სადაც ეხლა არის სამთავარეპისკოპოსო ეკლესია.

მაშინ წმიდა ნინომ თქვა: კურთხეულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მისი მამა, რომელმაც ზეციდან მოავლინა მისი წმიდა სიტყვა, რომელიც თავისი მაღალი საყდრიდან სიმდაბლით გადმოვიდა დედამიწაზე და იყო ჩამომავალი დავით მეფისა, იშვა წმიდა და უბიწო ქალწულისაგან და გახდა მიზეზი ჩვენი ცხოვრებისა, რომელმაც ცის ქვეშეთში ყოველივე გაანათლა და მორწმუნენი აცხოვნა, რომელიც იშვა როგორც კაცი, ყველას სინათლე, ღვთის ხატი, და როგორც სჯულის მსახურმა ნათელი იღო წყლითა და სულით, ჯვარს ეცვა და დაეფლა და მესამე დღეს აღსდგა და ამაღლდა მამასთან და კვლავ მოვა დიდებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება მამასა და წმიდა სულთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

პატიოსანი ჯვარის აღმართვა

მეფე-დედოფლისა და მათი შვილების ნათლისღების ჟამს, ერთ კლდოვან და შეუვალ ადგილზე იდგა მეტად მშვენიერი და სურნელოვანი ხე, რომელიც შემდეგი საკვირველებით გამოირჩეოდა: როგორც კი დაჭრილი ნადირი შეჭამდა იმის ფოთოლს ან ხიდან ჩამოცვენილ თესლს, აღარ კვდებოდა, როგორი მძიმე ჭრილობაც გინდა ჰქონოდა.

ეს დიდი საკვირველება იცოდა ხალხმა და აცნობეს ეპისკოპოს იოანეს ხის შესახებ. ეპისკოპოსმა თქვა: ნამდვილად ადრიდანვე დაფარული იყო ეს ქვეყანა ღვთისაგან თავის მსახურად. ღვთისაგანვეა ეს ხე ამოსული და იფარებოდა ამ დრომდე, რადგან ქართლს ეხლა მოეფინა ღვთის მადლი, ამიტომ ამ ხისაგან უნდა შეიქმნას პატიოსანი ჯვარი, რათა ქართლის მოსახლეობამ თაყვანი-სცეს მას.

და წავიდნენ მეფის შვილი რევი და ეპისკოპოსი ხალხთან ერთად და მოჭრეს ის ხე ტოტებიანად და რამოდენიმე ათეულმა კაცმა გაფოთლილი ხე ქალაქში შემოიტანა. ბევრი შეიკრიბა მაშინ ხესთან და უყურებდნენ მისი ფოთლების სიმწვანესა და სიხასხასეს ზაფხულის პირზე, როცა სხვა ხეები გამხმარი იყო, ხოლო ამ ხეს ფოთლებიც კი არ გასცვენოდა და საამო სუნს გამოსცემდა, და მეტად მშვენიერი იყო დასანახავად. ეს ხე ეკლესიის სამხრეთით, კარებთან აღმართეს, სადაც ნელი და საამო ნიავი უბერავდა და ხის ფოთლებს აშრალებდა, რაც მეტად ლამაზი სანახავი იყო, როგორც ეს გვინახავს ალვის ხესთან.

ეს ხე მოჭრეს ოცდახუთ მარტს, პარასკევ დღეს და ოცდაჩვიდმეტი დრე დასტოვეს იგი და მისმა ფოთლებმა ფერი არ შეიცვალა, ისე როგორც წყაროსთან რომ მდგარიყო თავის ადგილას. ასე იდგა იგი, ვიდრე ყველა ხე მწვანე ფოთლებით შეიმოსა და ნაყოფის გამომღები ხეები შეიმკო ყვავილებით.

მაისის თვის პირველში შექმნეს ჯვრები, ხოლო ამავე შვიდში ისინი აღმართეს სამეფო დიდებით, და ხალხისსიხარულითა და დიდი სურვილით და იყო ისინი ეკლესიაში.

ქალაქში მცხოვრებნი ყოველდღე ხედავდნენ, თუ როგორ ჩამოდიოდა ცეცხლოვანი ჯვარი ზეციდან, რომელსაც გარშემო ვარსკვლავების გვირგვინი ერტყა, და ჩერდებოდა ეკლესიის თავთან, განთიადამდე, ხოლო რიჟრაჟზე მისგან გამოდიოდა ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი მიდიოდა აღმოსავლეთით, მეორე კი დასავლეთით, ხოლო თვით ბრწყინვალე ნათელი, ნელ-ნელა შორდებოდა იმ ადგილს და არაგვის მხარეს, წყაროს მახლობლად ჩერდებოდა კლდოვან ბორცვთან, იმ წყაროსთან, რომელიც აღმოცენდა წმ. ნინოს ცრემლებით, და იქიდან მაღლდებოდა ზეცას.

ასე ბევრჯერ ნახა ხალხმა დიდება ღმერთისა და ეკითხებოდნენ ნეტარ ნინოს, თუ რას ნიშნავდა ბრწყინვალე ვარსკვლავების გამოჩენა და ერთის აღმოსავლეთით, კახეთის მთებამდე წასვლა, ხოლო მეორისა დასავლეთით გადაადგილება. წმ. ნინომ მიუგო მათ: როცა გამობრწყინდებიან ეს ვარსკვლავები, კარგად დაიმახსოვრეთ თუ სად დადგებიან, რადგან იმ ადგილზე უნდა აღიმართოს ქრისტეს ჯვრები.

ასეც მოიქცა მეფე და დაიმახსოვრა მთის წვერები თანმიმდევრობით. იყო პარაკევი დღე და შაბათი თენდებოდა, და ეს სასწაული განმეორდა ისევე, როგორც ხდებოდა ადრე. მეორე დღეს მოვიდნენ დასავლეთიდან, რომლებიც მთაზე გამოქვაბულში იდგნენ და მოახსენეს მეფეს, თუ როგორ გამოვიდა ვარსკვლავი, ამაღლდა და მიაღწია თხოთის მთას, კასპის გადასასვლელთან, დაადგა ერთ ადგილს და შემდეგ გაუჩინარდა. ასევე მოვიდნენ კახეთის მხრიდან და უთხრეს, რომ ნახეს ვარსკვლავი, რომელიც დაადგა დაბა ბოდს.

მაშინ ნეტარმა ნინომ ბრძანა, რომ წაეღოთ ეს ჯვრები და აღემართათ ერთი თხოთის მთაზე, სადაც ღმერთმა გამოაჩინა მისი ძალა, და ერთიც მიეცათ ქრისტეს მხევალ სალომესათვის, რათა აღემართა ქალაქ უჯარმაში. რადგან კუხეთის დაბა ბუდი არ ეწინააღმდეგებოდა მეფეთა ქალაქს და იქ ცხოვრებდა ბევრი, ეს დაბა ბუდი შეიქმნებოდა ღვთისათვის მოსაწონ ადგილად.

ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ბრძანა წმ. ნინომ. პატიოსანი ჯვარი ასწია ხალხმა და მიასვენა ბორცვის ძირას, წყაროსთან, სადაც ხდებოდა კურნება და დიდი სასწაულები.

მეორე დღეს ავიდნენ კლდეზე, წმ. ნინო დაემხო მუხლებზე და ტიროდა მხურვალედ. მასთან ერთად ტიროდნენ მეფე-მთავრები და მორწმუნე ერი. ისე, რომ მთები ხმას აძლევდნენ. წმიდა ნინომ ხელი შეახო ერთ ქვას და უთხრა ეპისკოპოზს: მოდი, რადგან შენ გეკუთვნის, რათა ამ ქვას ჯვარი გადასახო. - ეპისკოპოსი ასეც მოიქცა და პატიოსანი ჯვარი დიდებით აღიმართა მეფეებისაგან და ურიცხვმა ხალხმა მოუდრიკა თავები, რათა თაყვანი ეცა ჯვარისათვის და ყველამ აღიარა ჯვარცმული ცხოველი ღმერთის ძედ და იწამეს სამებით დიდებული ღმერთი.

დიდი მთავრები არ შორდებოდნენ წმიდა ეკლესიას, ნათლის სვეტსა და ცხოველ ჯვარს, რადგან უყურებდნენ უამრავ სასწაულებს და გამოუთქმელ კურნებებს, ამიტომ ზატიკში, აღვსების კვირა დღეს, მირიან მეფემა და მცხეთელებმა შესწირეს შესაწირი და დააწესეს ჯვრის მსახურება, რაც ქართლში სრულდება დღემდე.

როცა გავიდა რამოდენიმე დღე. მარტვილიის დღის შემდეგ, ოთხშაბათ დღეს, ნახეს საშინელი სასწაული: ნათლის სვეტი ჯვარის სახედ დაადგა ჯვარს და თორმეტი ვარსკვლავი გვირგვინად გარს შემოეწყო. ხოლო ჯვარის ბორცვი სურნელებას გამოსცემდა. ამ სასწაულის შემხედვარე ბევრი უღმრთოც მოიქცა ქრისტეს რწმენაზე და იმ დღეს ნათელი იღო, ქრისტიანები კი რწმენაში უფრო მტკიცდებოდნენ და ღმერთს ადიდებდნენ.

სხვა სასწაულიც ნახეს ჯვარზე: მზეზე შვიდჯერ უფრო ბრწყინვალე ცეცხლი იდგა მასზე, რომელზედაც როგორც ნაპერწკლები, ღვთის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, ჯვარის ბორცვი კი ძლიერ იძვროდა და როცა სასწაული ნელდებოდა, მიწის ძვრაც ჩერდებოდა. ამ სასწაულის მხილველნი გაკვირვებულები ღმერთს კიდევ უფრო მეტად ადიდებდნენ. ეს სასწაულები ხდებოდა ყოველ წელს, რასაც ერი უყურებდა, ამიტომ ძრწოლით მოდიოდნენ და დიდი გულმოდგინებით თაყვანსა სცემდნენ.

იმ ხანებში, მეფის შვილს რევს ყავდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც მძიმედ იყო დაავადებული და სიკვდილის პირას იყო მიწეული. ის იყო ერთ-ერთი შვილი მათი, ამიტომ აიყვანა იგი რევმა და დააწვინა წმიდა ჯვრის წინ და ცრემლითა სთხოვა: თუ ამ ყრმას სიცოცხლეს დაუბრუნებ, აგიშენებ საყუდებელ ბუდეს. - და მაშინვე განიკურნა ყრმა და ჯამრთელი წაიყვანეს.

მოვიდა მეფის ძე რევი აღთქმის შესასრულებლად და სიხარულით გაიღო დიდი საფასე და გულმოდგინედ ააშენა მცხეთის ჯვარის ბუდე და შემდეგ ყოველ წელს მოდიოდა და ასრულებდა დანაპირებ მსხვერპლს; ამიერიდან აქ უფრო მრავლად მოდიოდნენ უძლურები და იკურნებოდნენ და ქრისტეს პატიოსან ჯვარს სიხარულით ადიდებდნენ.

იყო ორივე თვალით ბრმა ჭაბუკი და იჯდა იგი ქრისტეს ჯვარის წინ და შვიდი დღის შემდეგ ჯვარის ძალით აეხილა თვალები და ადიდებდა ჯვარის სიძლიერეს.

იყო ერთ, ბოროტ სულებისაგან შეპყრობილი დედაკაცი, რომელსაც რვა წლის ასაკში წართმეოდა ძალა და გონება, და იხევდა თავის სამოსელს. მოიყვანეს იგი და ჯვარს ამთხვევინეს და თორმეტი დღის შემდეგ სრულიად განკურნებული წავიდა და ადიდებდა ღმერთს და პატიოსან ჯვარს თაყვანსა სცემდა.

კიდევ იყო პატარა ბავშვი, რომელიც უცებ დაეცა და მოკვდა. დედამისმა აიღო ბავშვის ცხედარი და ჯვარის წინ დასდო მკვდარი. დილიდან საღამომდე ლოცულობდა დედა ჯვართან; სხვები ეუბნებოდნენ, რომ წაეღო მკვდარი შვილი და დაემარხა, რომ აღარ გაეწვალებინა, ხოლო მან არ წარიკვეთა სასო, არამედ უფრო მეტად შესაწყალად ტიროდა და ლოცულობდა და საღამო ხანს ბავშვს დაუბრუნდა სიცოცხლე და გაახილა თვალები, ხოლო შვიდი დღის შემდეგ, სრულიად განკურნებული წაიყვანა დედამისმა, რომელიც ადიდებდა ღმერთს.

ნახეს რა ჯვარისაგან მოხდენილი სასწაულები და კურნებანი, მრავალი უშვილო მოდიოდა და სთხოვდა შვილერებას და შვილების სიმრავლეს ღებულობდნენ, ამიტომ შესაწირს მიართმევდნენ და მადლს იძენდნენ. მარტო იმათ კი არ მიანიჭებდა კურნებებს, რომლებიც მასთან მიდიოდნენ, არამედ იმათაც, რომელნიც შორიდან სთხოვდნენ დახმარებას წმიდა ჯვარს და ისინიც შეწევნას მისგან მაშინვე იღებდნენ, ბოროტს ერეოდნენ და ღმერთს მადლს სწირავდნენ.

უღმერთონიც კი, როცა გაჭირვებაში ვარდებოდნენ, შეწევნას ჯვარისაგან თხოულობდნენ, ამიტომ ნათელს იღებდნენ და სიხარულით ადიდებდნენ ღმერთს. ზოგიერთებმა მძიმე განსაცდელებს თავი პატიოსანი ჯვარის ძლიერებით დააღწიეს, ზოგნი კი სატანჯველებისაგან თავის გათავისუფლებას ევედრებოდნენ და ჯვარით ამას ღებულობდნენ და იკურთხებოდნენ დღემდე და ადიდებდნენ მამას და ძეს და წმიდა სულს, რომლისა არის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

წმ. ნინოს ქადაგება მთიულეთსა და კახეთში და მისი გარდაცვალება

იმ დღეებში, რომიდან მოვიდა წიგნი, რომელიც პატრიარქმა მისწერა წმ. ნინოს, მეფესა და ქართველ ერს. გამოგზავნილი იქნა ფრანგი დიაკონი, რათა ქება შეესხა ნინოსათვის და მისგან მიეღო ლოცვა-კურთხევა და მადლი. მას ჰქონდა წმ. ნინოსათვის წერილი ფრანგთა მეფისაგან, რომელიც ნინოს მამისაგან იყო მონათლული, და იერუსალიმიდან და კონსტანტინოპოლიდან შეეტყო, რომ ქართველთა ქვეყანა სიმართლის მზით განათებულიყო. ქების წიგნი იმიტომ მოეწერათ, რომ გაეგოთ იმ სასწაულებისა და კურნებების შესახებ, რომელნიც სვეტთან და მაყვლოვანში ხდებოდა. ფრანგმა დიაკონმა მოისმინა მცხეთაში სვეტთან მომხდარი სასწაულების შესახებ, რომლებიც თავადაც იხილა და გაკვირვებული ადიდებდა ღმერთს და წერილებით გაბრუნდა უკან.

მაშინ მეფემ უთხრა წმ. ნინოსა და ეპისკოპოსს, რომ: მსურს მთიელნი ძალით, მახვილით მოვაქციო და ჩემი სიძე ფეროზი ღვთის ძეს დავამონო და პატიოსანი ჯვარის თაყვანისცემა შევძინო, - წმ. ნინომ მიუგო: ღმერთს არ უბრძანებია მახვილის აღება, არამედ წმიდა სახარებითა და პატიოსანი ჯვარით უნდა დავანახოთ ჭეშმარიტი გზა, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში მიიყვანს კაცს და ღვთის მადლი გაანათლებს იმათი გულების სუბნელეს. - და წავიდნენ წმ. ნინო, ეპისკოპოსი იოანე და მათთან ერთად მეფის ბრძანებით იყო ერთი ერისთავი, მივიდნენ ისინი წუბენში და მოუწოდეს მთიელებს, რომლებიც პირუტყვებს მიმსგავსებოდნენ, ჭართალელებს, ფხოელებს, გუდამაყრელებს და უქადაგეს მათ ჭეშმარიტი ქრისტიანული სჯული, საუკუნო სიცოცხლის შემძენი. ხოლო იმათ არ ისურვეს ნათლობა, მაშინ მეფის ერისთავმა მახვილს მიმართა ცოტათი და იმათი კერპები გაანადგურეს.

იქიდან წამოვიდნენ და ჟალეთში შეჩერდნენ და ქისტიანული სჯული უქადაგეს ერწო-თიანეთელებს, რომლებმაც ახალი სარწმუნოება კეთილად მიიღეს და მოინათლნენ, ხოლო ფხოველებმა თავიანთი საცხოვრებელი მიატოვეს და თუშეთში გადავიდნენ, ასევე სხვა მთიულებიც ქრისტიანობაზე არ მოიქცნენ, ამიტომ მეფემ დაუმძიმა მათ ხარკი, რადგან ნათლისღება არ ისურვეს. შემდგომში ზოგი მათგანი მოაქცია წმ. აბიბოს ნეკრესელმა ეპისკოპოსმა, ზოგიერთები კი წარმართობაზევე დარჩნენ დღემდე.

წმ. ნინო ჩავიდა კახეთში და შეჩერდა კაწარეთში და მოაქცია ისინი. შემდეგ გადავიდა ქუელ დაბაში და იქ მოუწოდა კახეთის მთავრებს, რომლებმაც უკვე იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ და ისიც, რომ მეფე მოინათლა, ამიტომ ქრისტიანული სწავლება სიხარულით მიიღეს, მოექცნენ მასზე და იაკობ მღვდლის ხელით მოინათლნენ. აქედან გადავიდა ბოდში და მასთან მოვიდა კახეთის დედოფალი სუჯი, მთავრები და მრავალი თანმხლები პირი. წმ. ნინო მოუყვა მას ქრისტეს საიდუმლო განგებულების შესახებ და ტკბილი სიტყვით ასწავლა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ესაუბრა იმ სასწაულებზეც, რომლებიც ცეცხლოვანი სვეტიდან ხდებოდა, რაც მათთვის უკვე იყო ცნობილი.

მათ სიხარულით მიიღეს ნეტარი ნინოს სწავლება და მოინათლნენ დედოფალი, მთავრები და მხლებლები. და როცა ნეტარი ნინო დაშვრა ქადაგებითა და ღვაწლით, სულიწმიდისაგან ეუწყა ამ ქვეყნიდან გასვლა, ამიტომ მეფეს მისწერა წერილი, რომელიც გადასცა კახეთის დედოფალ სუჯის, სადაც ეწერა შემდეგი:
" იესო ქრისტეს ერთგულ მონას და წმიდა სამების აღმსარებელს, წმიდა მეფეების მსგავსს, მეფე მირიანს. ღმერთმა გარდამოგივლინოს ზეციური წყალობის ცვარი შენ და სამეფო სახლს და მთელ შენ ერს. იყოს თქვენი მფარველი ქრისტეს ჯავრი და მისი უწმიდესი დედის მეოხება, რადგან მე მოვიარე ეს ქვეყანა და მოისმინეს ქრისტეს შესახებ ქადაგება და მოექცნენ ქრისტიანობაზე და მოინათლნენ და გამჩენ ღმერთს თაყვანი სცეს. სიხარული გეკუთვნის, რადგან შენს დროს მოხედა ღმერთმა თავის მიერ გაჩენილთ და ამოუბრწყინვა თავისი მეცნიერების ნათელი. ეხლა დაიცავით ქრისტეს მართალი სარწმუნოება, რათა ქრისტესთან იყოთ საუკუნო ზეციურ სასუფეველში. რადგან მე, როგორც ერთი ამქვეყნად მოსულთაგანი, გავდივარ წუთისოფლიდან და ჩვენი მამების გზას გავუყვები. საუკუნოდ მოიხსენოს უფალმა თავის კეთილ სამყოფელში დედოფალი სუჯი, რომელმაც მიიღო ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება, შემუსრა კერპები და ჭეშმარიტ ღვთისმსახურებაზე მოაბრუნა ხალხი. ასევე მოუწოდა თავის ძმას და ასულს და კიდევ არტერეონ მთავარს და ასწავლა მათ მართალი სარწმუნოება და ყველა მოინათლა ბოდში მამის, ძის და წმიდა სულის სახელით. ეხლა მოავლინეთ ჩემთან წმიდა მამამთავარი, რომ მომცეს საუკუნო ცხოვრების საგზალი, რადგან მოახლოებულია ჩემი აღსასრული.

როცა დედოფალმა სუჯიმ მიიღო ნინოს წერილი, გაუჩნდა სვეტიცხოველის თაყვანისცემის სურვილი და თვითონ გაეშურა მცხეთისაკენ მონდომებით, რათა ენახა და თაყვანი ეცა წმიდა სვეტისა და ცხოველი ჯვარისათვის. მთელი გზა გაიარა ფეხით და მიწას დაალტობდა ცრემლებით. და როცა მიუახლოვდა ცხოველ სვეტს, ნახა რომ არაგვი ჩვეულებრივზე მეტად მოდიდებულიყო, ამიტომ ვერც-ერთმა მხედართაგანმა ვერ გაბედა გასვლა მასში, ისინიც კი, რომლებიც შევიდნენ წყალში, გამძვინვარებულ წყალს უკანვე მოერიდნენ.

და როგორც უფლისაკენ მიმავალმა პეტრემ გაიარა წყალზე, ასევე ამ დედოფალმა, რომელიც ქრისტეს რწმენითა და სვეტიცხოველის თაყვანისცემის სურვილით იყო სავსე, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენას მინდობილმა, გამოისახა ქრისტეს ჯვარი და მოექცა წყალს ზემოდან, როგორც ცხენს მხედარი. მეორე ნაპირთან მდგარმა მთავარეპისკოპოსმა იოანემ და ხალხმა დაინახა, თუ როგორ შევიდა დედოფალი სუჯი გახელებულ მდინარეში და როგორ შედრკა წყალი და გზა მისცა დედოფალს გასავლელი. დედოფალმა მდინარეში ისე გაიარა, როგორც ხმელეთზე. შიშითა და გაკვირვებით მოეგებნენ მას მეფე და მთავარეპისკოპოსი და ყველანი შევიდნენ ეკლესიაში. ცხოველი სვეტის წინაშე ცრემლებით მხურვალედ ლოცულობდა დედოფალი სუჯი, რომელმაც საკუთარი თავი და შვილი და მთელი მისი მონაგები, ქალაქი მცირე ბართონი და დიდი დაბა ბოდისი შესწირა სვეტს და ხარობდა სულით.

მაშინ გადასცა მან მეფეს ნეტარი ნინოს წერილი, რომელმაც წაკითხვისთანავე შეაწუხა მეფე და თვალები აუვსო ცრემლებით. მეფემ წმ. ნინოსთან მიავლინა მთავარეპისკოპოსი; რათა წმიდა დედა წამოეყვანა მცხეთაში, მაგრამ ნინომ არ ისურვა. ამიტომ თვითონ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა და მათთან სხვებიც მოვიდნენ მასთან. ყველანი ნინოს სახეს უყურებდნენ, როგორც ანგელოზის პირს. და რწმენითა და სიყვარულით ეამბორებოდნენ მას, მისი სამოსიდან მცირე ნაწილებს ახევდნენ, როგორც სიწმინდეს, რწმენით ემთხვეოდნენ და ევედრებოდნენ თვალცრემლიანები თავიანთ მოძღვარს, პატიოსანსა და სნეულთა მკურნალს. სალომე უჯარმელი, პეროჟავრა სივნიელი და მათთან ერისთავები და მთავრები ეკითხებოდნენ წმიდა ნინოს: გაგვაგებინე დედოფალო ვინა ხარ და სადაური, ან როგორ მოხვედი ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად, ან სად გაიზარდე. რატომ ამბობ შენს ტყვეობას, სხვების ტყვებიდან გამომხსენლო. რადგან შენგან ვიცით, რომ ღვთის ძის განხორციელებამდე მოვლინებულნი იყვნენ წინასწარმეტყველები, შემდეგ უფალმა გამოარჩია თორმეტი მოციქული, ჩვენთან კი ღმერთმა არავინ მოავლინა შენს მეტი და შენ როგორ ამბობ, რომ ტყვე ვარ და უცხო? - და მაშინ დაიწყო მოყოლა წმიდა ნინომ და თქვა: მორწმუნე ასულებო, ჩემო ახლობელო დედოფლებო, თქვენში ვხედავ უწინდელი დედების მსგავს ქრისტეს სარწმუნოებასა და სიყვარულს, და თქვენ გინდათ გაიგოთ ჩემ უღირსი მხევლის ცხოვრება და გაცნობოთ, რადგან მოახლოებულია ჩემი სულის სხეულიდან გასვლა და საუკუნო ძილში გადასვლა, ამიტომ მოიმზადეთ საწერი და ჩაიწერეთ ჩემი გლახაკი და უსარგებლო ცხოვრება, რათა თქვენმა შვილებმა იცოდნენ თქვენი სარწმუნოება და ჩემი შეწყნარება და ღვთის სასწაულები, რაც თქვენც გიხილავთ.

მაშინ მოიმარჯვა საწერი სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა, წმიდა ნინომ დაიწყო თხრობა და ისინი იწერდნენ ამას და ყველივე მოუთხრო მათ წმ. ნინომ, თავის შესახებ, რაც მის ცხოვრებაშია ზემოთ მოთავსებული. წმიდა დედამ მეფეს შეავედრა იაკობ მღვდელი რათა იოანეს შემდეგ იგი ყოფილიყო ეპისკოპოსად.

იოანე ეპისკოპოსმა შესწირა უფალს მსხვერპლი და აზიარა წმ. ნინო ქრისტეს ხორცსა და სისხლს, რაც გაიყოლა წმიდანმა მუდამ საგზლად, შეავედრა თავისი სული ღმერთს და აღესრულა იანვრის თოთხმეტში, მოციქულთა მადლით შემკული, წმიდა ქალწულებით და ღვაწლით და ტალანტთა სიმრავლით გამშვენებული და დატვირთული წარუდგა ყოვლად-წმიდა სამებას, როემლსაც მიართვა ძღვნად მრავალი ადამიანის სული და მრავლი ღვაწლით მოღლილი და მოქანცული გადავიდა ამ ქვეყნიდან საუკუნო ცხოვრებაში ოცდამეთხუტმეტე წელს მისი ქართლში შემოსვლიდან და ქრისტეს ამაღლებიდან სამოცდამეთვრამეტე წელს, ქვეყნის დასაბამიდან ხუთი ათას შვიდას ორმოცდამეთვრამეტე წელს. წმ. ნინოს გარდაცვალებამ შეაწუხა ორივე ქალაქი, მცხეთა და უჯარმა და მთელი ქართველობა, ხალხი მოდიოდა მრავლად, ერთმანეთს არ აცდიდნენ განსვენებულის სამოსელის შეხებას. მეფემ ძალით დააცხრო ხალხის ასეთი არეულობა და შფოთი და განიზრახა, რომ მისი წმიდა გვამი გადაესვენებინა მცხეთაში და დაეკრძალა სვეტიცხოველთან სიახლოვეში. მაგრამ რამდენჯერაც შეეხნენ წმიდანის გვამს, იმდენჯერ ვერ შეძლეს მისი ადგილიდან დაძვრა. მაშინ მიხვდნენ, რომ ასე სურდა წმიდანს და დაკრძალეს იქვე, კახეთის დაბა ბოდეში; წმიდა დედამ ასე დაკრძალვა ისურვა მეფისაგან უფლის მსგავსად, სიმდაბლისათვის, რადგან ის ადგილი იყო მეტად შეუფერებელი; ამიტომ მეფე და წარჩინებულები იყვნენ შეწუხებულები, მაგრამ მომხდარისა გამო და კიდევ წმინდანის ანდერძის შესასრულებლად დამარხეს იქ და ეკლესიაც ააშენეს, სადაც პატივით დაადგინეს ეპისკოპოსი. და დიდი მოკრძალებით პატივი სცეს ქართლის, კახეთის და ჰერეთის განმანათლებელს, სანატრელსა და ღვთისაგან დიდებულ წმიდა ნინოს.

როცა ყოველივე ეს დასრულდა, ბრწყინვალე მეფე მირიანმა ქართლი და ჰერეთი განამტკიცა ყოვლადწმიდა სამების, ყოველივე გამჩენი, ერთარსება და დაუსაბამო ღმერთის რწმენაში.
მაშინ კონსტანტინე კეისარმა, რომელსაც აქამდე მძევლად ყავდა წაყვანილი მირიან მეფის ძე, უფლისწული ბაქარი, დიდი ნიჭითა და პატივით გამოაგზავნა იგი ქართლში და მოსწერა წერილი:

"მე, თვითმპყრობელი მეფე კონსტანტინე, ზეციური მეუფის ახალი მონა, პირველად ეშმაკის მონობაში მყოფი, შემდეგ კი გამჩენი ღმერთისაგან გამოხსნილი, მოგწერ ღვთისაგან განბრძნობილსა და ჩემსავით ახალნერგ მორწმუნე მეფე მირიანს, იყოს შენთან მშვიდობა და სიხარული, რადგან იწამე ერთარსი სამება, დაუსაბამო და ყოველივეს დამბადებელი ღმერთი, აღარაა საჭირო ჩემთვის შენგან მძევალი, არამედ ჩვენ შორის შუამდომელად კმარა ღვთის ძე - ქრისტე ღმერთი, რომელიც საუკუნეებზე ადრეა შობილი, და რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის, და კიდევ მისი პატიოსანი ჯვარი, რომელიც მისი გულით მაღიარებლებს მოგვცა წინამძღოლად. და გამჩენი ღმერთის შუამდგომლობით ვიყოთ ძმური სიყვარულით, ამიტომ შენს შვილს, შენვე გიბრუნებ, გაიხარე და ღვთისაგან მოვლენილი მშვიდობის ანგელოზი იყოს შენთან და გამჩენმა ღმერთმა განდევნოს შენი ქვეყნის საზღვრებიდან მაცდური ეშმაკი."

მეფის ძე ბაქარი და კონსტანტინე კეისრის მოციქული მოვიდნენ მცხეთაში და მირიან მეფე და ნანა დედოფალი აღივსნენ დიდი სიხარულით და მადლობდნენ სრული სიკეთის მომცემ ღმერთს. იმ ხანებში დაასრულა მეფემ საეპისკოპოსო ეკლესია და შეასრულეს მისი კურთხევა დიდებით. მირიან მეფის მოქცევიდან ოცდამეხუთე წელს მოკვდა მისი ძე რევი, - თრდატ სომეხთა მეფის სიძე, რომელსაც მეფობა სიცოცხლეშივე ჰქონდა მიღებული. და დამარხეს იგი თავისგანვე მოწყობილ სამარხში. იმავე წელს დასნეულდა მირიან მეფეც და გარდაიცვალა.

სიკვდილის წინ იხმო თავისი შვილი ბაქარი და მეუღლე ნანა და უთხრა მათ: აი მე მივდივარ იქ, საიდანაც ვარ მოსული. და ვმადლობ მრვალმოწყალე ღმერთს, რომელმაც გააჩინა ცა და ქვეყანა და ეშმაკისაგან შეპყრობილი მიხსნა ჯოჯოხეთისაგან და ღირსი გამხადა მის მარჯვნივ დგომისა. შენ ნანა, თუ გექნება ჩემს შემდეგ მოცლა, სამეფო განძი გაყავი ორად და მოახმარე ჩვენი განმანათლებლის, - წმიდა ნინოს სამარხს, რომ არ შეიბღალოს ის ადგილი, რადგან იქ მეფეები არ სხედან, არამედ სრულიად უბრალოა. - ასევე შეევედრა ეპისკოპოსს, რათა ედიდებინათ ის ადგილი, რომელიც წმ. ნინოს გამო იყო პატივისცემის ღირსი.

ხოლო თავის შვილს უთხრა: შვილო, ჩემი სიბნელე შეიცვალა სინათლედ, და სიკვდილი - სიცპცხლედ; შენ გაძლევ ჩემი მეფობის გვირგვინს, ცისა და ქვეყნის გამჩენმა ღმერთმა განგიმტკიცოს სრული სარწმუნოება. ყოველნაირად გამოიწვრთნე ღვთის ძის მცნებებში და მთლიანად გაყევი მათ, და ქრისტეს სახელისათვის სიკვდილი მიიჩნიე სიცოცხლედ და გადარჩენად, რადგან იმით შეიძენ მუდმივ ცხოვრებას და სადაც კი იპოვი ცეცხლის მსახურებას და კერპებს, ცეცხლით დაწვი და ნაცარი იმათ შეასვი, რომელნიც მათ ესასოებოდნენ, და ეს შენ შვილებსაც აცნობე, რადგან მე ვიცი, რომ ისინი კავკასიელებში უხვად არიან. ღვთის გზას შეუდექი გულით და შენი თავი შეავედრე ღვთის ძეს, რომელიც დროზე უწინ იშვა და განკაცდა და ჩვენი გადარჩენისათვის იტანჯა, და პატიოსანი ჯვარის წინამძღოლებით მოერევი მტერს, როგორც ჩვეულებრივ ექცევა ხოლმე თავის მადიდებლებს. პატივი ეცი ღვთისაგან ამართულ სვეტს და მთელი შენი სასოება გქონდეს მასზე და წმიდა სამების რწმენით გადადი საუკუნო ცხოვრებაში.

ამის შემდეგ მოატანინა წმ. ნინოს ჯვარი, რომელიც თავიდანვე მას ჰქონდა, სამეფო გვირგვინი ჩამოკიდა ჯვარზე, თავისთან ახლოს დაიყენა შვილი ბაქარი, რომელსაც თავზე გადასახა ჯვარი, შემდეგ ვაზის ჯვარიდან აიღო გვირგვინი და დაადგა თავზე თავის ძეს და გარდაიცვალა მირიან მეფე. იგი დაკრძალეს ზემო ეკლესიაში სამხრეთის სვეტთან, ჩრდილოეთის მხარეს. ამ სვეტში არის მოთავსებული ღვთისაგან ამართული სვეტის ნაწილი. მირიან მეფის გარდაცვალებიდან მეორე წელს გარდაიცვალა დედოფალი ნანაც და დაიკრძალა იმავე სვეტთან, თავისი მეუღლის გვერდით. და გამეფდა ბაქარი, რომელიც მამას მიემსგავსა რწმენაში. მან მოაქცია ქრისტიანობაზე უმრავლესობა კავკასიელებისა, რომლებიც ვერ მოექცია მამამისს. მასა და სომხებს შორის მტრობა ჩამოვარდა, რადგან სომხებს სურდათ ქართლში გაემეფებინათ ბაქარის ძმისწულის, რევის ძის, თრდატის სომეხთა მეფის ასულის შვილი.

ბაქარი დაუახლოვდა სპარსთა მეფეს, რომელიც იყო მისი ბიძის შვილი, დაემოყვრა მას და გაუცვალა სამფლობელო და მის სიძე ფეროზს, რომელსაც მირიან მეფისაგან მიცემული ჰქონდა ჰრანი ბარდავამდე, იმის ნაცვლად მისცა ადგილები სამშვილდიდან მოყოლებული აბოცამდე.

მაშინ მოინათლა ფეროზი და მისი ხალხი, რომელნიც გაძლიერდნენ ხუასრო მეფის დახმარებით, შეუტიეს ჯავახეთში სომხებს, დაამარცხეს და იქიდან ისინი განდევნეს. მაშინ მეფე ბაქარმა ბერძენთა და სპარსთა მეფეების შუამდგომლობით, შეუდგინა ხელწერილი თავის ძმისწულებსა და იმათაც, რომელნიც მათი დედის სალომესაგან იყვნენ, რომ ვიდრე იქნებოდა ბაქარის ჩამომავალი, ვისაც კი შეეძლებოდა მეფობა, ისინი იმეფებდნენ და რევის ჩამომავლობიდან მეფობას არასოდეს დაუშვებდნენ.

მაშინ მოიყვანა ბაქარმა თავისი ძმისშვილები, მისცა მათ კახეთი და რუსთავის ერისთავებად დაადგინა ისინი. მეფე ბაქარმა თავისი ცხოვრება გაატარა ღვთის დიდ რწმენაში და ქართლსა და ჰრანში გაამრავლა მღვდლები და დიაკონები და ეკლესიის მსახურნი. მანვე ააშენა ეკლესია წილკანში. გარდაიცვალა და დაიკრძალა თავისი ძმის გვერდით. მეფედ დაჯდა მისი ძე მირდატი, რომელიც ასევე მეფობდა ღვთის დიდი რწმენით და ააშენა ეკლესიები თუხარის ციხეში, რადგან კლარჯეთის ხევში არ იყო ტაძარი. კლარჯთა მოძღვრად დაადგინა მღვდლები და ააშენა და შეამკო ერუშეთისა და წუნდის ეკლესიები.

მირდატის მეფობისას დაიწყეს ქართველებმა სვეტიცხოველისაგან ნაწილების აღება, რადგან ეს წმიდა ნაწილები სადაც უნდა ყოფილიყვნენ, ახდენდნენ დიდ სასწაულებს. მეფე მირდატი არ უშლიდა ხალხს წმიდა ნაწილების წაღებას, რადგან ჭეშმარიტმა ეპისკოპოსმა იაკობმა ასე მიიჩნია უკეთესად და თქვა: ეს დიდი სიწმინდე ღვთისაგანაა მონიჭებული და საჭიროა ღვთისაგან აღმართული სვეტისგან შევქმნათ ჯვარი. - ასე გავრცელდა სვეტიცხოვლის წმიდა ნაწილები მთელ ქართლში.

მაშინ, მეფე მირდატმა წმიდა სვეტისაგან შექმნა ჯვარი, ხოლო გადარჩენილ სიწმიდეს გარშემო შემოავლო ქვითკირის კედელი, რომლის თავზეც აღმართა მაცოცხლებელი ხის ჯვარი. მეფემ მისი ცხოვრება უშფოთველად გაატარა ღვთის დიდ რწმენაში და ღვთის სათნოებებით გადავიდა საუკუნო ცხოვრებაში.

მას შემდეგ, რაც ქართველებზე კეთილად მოიხედა ყოვლად-წმიდა ღვთისმშობელმა, რომლის წილხვედრნიცა ვართ ჩვენ, და მისი ძისა და ღვთის - იესო ქრისტეს სახელით ნათელი ვიღეთ, ჩვენი დიდი მფარველის, დედოფლისა და მარად ქალწული მარიამის, ყოვლად-წმიდა ღვთისმშობლის მადლითა და შეწევნით, ქართველთა გულები არასოდეს მიდრეკილა წმიდა და ერთარსება სამების რწმენიდან ურწმუნოებისაკენ.

ხოლო ბერძნები კერპების მსახურებას გაყვნენ და შემდეგ კი მწვალებლობის ღვარძლიც გაავრცელეს, რითაც ლამის დაეცნენ და დაიღუპნენ. ხოლო ჩვენ კეთილი სარწმუნოება, რომელმაც ღმერთმა მოგვცა მისი კურთხეული დედის ნებით, მტკიცედა გვაქვს დაცული ყოვლად-წმიდა ღვთისმშობლის მეოხებითა და ჩვენი განმანათლებელის, წმიდა ნინო მოციქულის მფარველობით.

მირიანის შემდეგ მეათე მეფე იყო ვახტანგ გორგასალი, რომელიც იძულებით წავიდა სპარსეთში, სადაც წმიდად დაიცვა ქრისტეს სჯული და რამოდენიმე ხნის შემდეგ მობრუნდა უკან ქართლში. მაშინ მთავარეპისკოპოსი იყო მიქაელი, რომელიც დაარწმუნეს, რომ ვახტანგმა უარყო ქრისტიანობაო. მან ეს დაიჯერა და როცა ვახტანგი მივიდ მასთან მოსაკითხად, ფეხი ჰკრა და მეფეს კბილები ჩაუმტვრია. ვახტანგმა მღვდელმთავრის ასეთი საქციელი ღვთისათვის სიმშვიდით დაითმინა და ცუდი არაფერი შეამთხვია მას. მაგრამ საბერძნეთში გააგზავნა მოციქულები და ბერძენთა მეფესა და პატრიარქს სთხოვა კათოლიკოზის დადგენა. და მართლაც, იმათ გამოაგზავნეს პეტრე კათოლიკოზად. ვახტანგმა ააშენა ქვემო დიდი ეკლესია და იქ დასვა პირველი კათოლიკოზი პეტრე, რომელიც იყო ღირსი და მდაბალი. კათოლიკოზის დადგენით სამთავროს დააკლდა პატივი.

ვახტანგ მეფემ ააშენა ქალაქი თბილისი და მცხეთიდან იქ გადავიდა. მანვე დაიმორჩილა ოსები და ყივჩაღები და ჩაკეტა ოსეთისაკენ გასასვლელები და იქ ააშენა ციხეები, სადაც დაადგინა იმ ადგილის მცველნი და უწოდა მას დარიალის კარი. ეხლა კი ქართველთა მეფის ბრძანების გარეშე, ვეღარ გადმოდიოდნენ ოსები და ყივჩაღები.

ვახტანგ მეფემ სპარსელებსაც აჯობა და დაიმორჩილა; თვითონ მეტად ძლიერი და გოლიათური აღნაგობის იყო და ყველგან გაეთქვა სახელი. მისი სიგრძე იყო თორმეტი მტკაველი, რასაც ამოწმებს მისი სამოსელი და აბჯარი. დიდი ვახტანგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ღვთის მსახურებით.

იგი მოიკლა სპარსელებთან ბრძოლაში მისი ყოფილი მონისაგან, რომელმაც იცოდა, რომ იღლიის ქვეშ მეფის ჯაჭვის პერანგი იყო გახეული და როცა მტრის შესამუსრად მეფეს ხელები ზემოთ ჰქონდა აწეული, ბოროტმა მონამ ისარგებლა ამით და ესროლა ისარი იღლიაში და იმით მოკლა იგი. ჭეშმარიტად ქრისტესთვის ეწამა ქრისტესმოყვარე მეფე ვახტანგი, რომელიც დაიკრძალა სვეტიცხოვლის წინ. ამის შემდეგ სპარსელებისაგან დიდ გასაჭირში ჩავარდნენ ქართველები, რადგან მათი ქვეყანა იმათ დაიპყრეს და ბევრი ქრისტეს სახელისათვის აწამეს, რომელთაგან ზოგის წამება წიგნებში აღწერეს, ზოგიერთები კი ამი გარეშე დარჩნენ. მაგრამ ისინი, ყველანი უკლებლად, ღვთისაგან არიან აღწერილნი ცხოვრების წიგნში. ამის შემდეგ საბრძოლველად გამოვიდა ჰერაკლე მეფე, რომელსაც ქართველებიც შეუერთდნენ, შევიდნენ სპარსეთში და ღვთის შეწევნით სძლიეს სპარსელებს და იმათი ტაძრები და ბომონები შემუსრეს. და ხუასრო მეფე და ცხოველი ძელი, რომელიც ადრე სპარსელებმა გაიტაცეს, უკან დააბრუნეს და სამშობლოში გამარჯვებულები ჩამოვიდნენ.

ამის შემდეგ გავრცელდა უსჯულო მუჰამედის ქადაგება, რომელიც ბევრმა ხალხმა მიიღო. სპარსელები გაძლიერდნენ, პონტომდე მიაღწიეს და მთელი კაბადუკია დაიპყრეს და რადგან წესად იყო კათოლიკოზის კურთხევა ანტიოქიაში, ვეღარავინ ახერხებდა იქ ჩასვლას, ქართველები ამის გამო იყვნენ დიდ საზრუნავში. ანტიოქიის პატრიარქ თეოფილეს დროს, იქ იყვნენ გაგზავნილნი მოციქულები, რომელთაც პატრიარქს მოახსენეს ამის შესახებ. თეოფილემ მოიწვია კრება, რომელზედაც დაადგინეს, რათა შეკრებილიყვნენ ადგილობრივი ეპისკოპოსები და კათოლიკოზად ეკურთხებინათ ის, რომელიც მოსაწონი იქნებოდა მეფისა და ერისათვის, აღნიშნული დადგენილება წერილობითაც გააფორმეს და გამოაგზავნეს ქართლში.

და როგორც ადრე ასი სოფელი იყო განკუთვნილი წმიდა მირონის შესაძენად, ამის ნაცვლად ქართველებს დაუწესეს ასი დრაჰკანი. ამის შემდეგ კი დაადგინეს, რომ ქართლში ლოცვებისასღა მოეხსენებინათ ანტიოქელი პატრიარქის სახელი. ასე გამართეს ქართული ეკლესიის წესი და მოქმედება, რაც დღემდე სრულდება სადიდებლად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმ. ნინოს სავედრებელი ტროპარ -კონდაკი

ტროპარი:

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

 

დ ა ს ა ს რ უ ლ ი


To read this material you need Sylfaen font, which is part of Windows XP.
You can try also Geo_Times encoded similar page of Life of Saint Nino
This material brought to you by Besiki Sisauri (M.Div).

"წმიდა ნინოს ცხოვრება" გამოცემულ იქნა 1996 წელს წილკნის ეპარქიის © მიერ.
წიგნის ძველი ქართული ვერსია მოცემულია საბინინის "საქართველოს სამოთხე"-ში.
წიგნი ახალ ქართულ ენაზე გადმოტანილ იქნა წილკნელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმე შიოშვილის მიერ.
ელექტრონული მასალა წარმოდგენილია ბესიკ სისაურის მიერ.
 

HOME