Kirion II

Table of Contents

1

XIX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ივერიელის, ნიქოზელისა და ლიახველის ფსევდონიმებით ხშირად იბეჭდებოდა საინტერესო წერილები და გამოკვლევები. საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ეთნოგრაფია, ვეფხისტყაოსნისა და ქართლის ცხოვრების უძველესი ნუსხები, ნუმიზმატიკა, ხალხური სიტყვიერების ისტორია – აი ეს საკითხები, რომელიც აინტერესებდა ავტორს. წერილები გამოირჩეოდნენ საკვლევი საკითხის ღრმა ცოდნითა და ეროვნული ჩაგვრით შეწუხებული სამშობლოს დიდი სიყვარულით. საძაგელოვ-ლიახველ-ივერიელი გიორგი საძაგლიშვილი – ეპისკოპოსი კირიონი, სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი კირიონ II XIX საუკუნის 80-90-იანი წლების ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი აღიზარდა თერგდალეულთა სულისკვეთებაზე და მთელი თავისი საქმიანობაც იმ დიდი მიზნის განხორციელებას მოახმარა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ ლელთ ღუნიას პირით საქართველოს უთხრა — ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. — ამ მიზნის პრაქტიკული რეალიზაცია XIX საუკუნის 60-70-იან წლებში შეუდძლებელი იყო, ვინაიდან ქართული ეროვნული ცნობიერება ცარიზმის რუსიფიკატორული კოლონიური პოლიტიკის წყალობით იმდენად დაქვეითებული იყო, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ღრმა პესიმიზმს მოეცვა, ნაწილი კი საკუთარი ეროვნული კულტურისა და ისტორიისადმი ნიჰილისტურად იყო განწყობილი. ასეთ ვითარებაში სამშობლო ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი სამსახური გმირობის ტოლფასი იყო, იგი მრავალი დაბრკოლებისა და უსიამოვნების გადალახვას მოითხოვდა. მამულიშვილობის მძიმე ტვირთის მხრებით ტარება მხოლოდ გიორგი საძაგლიშვილის მსგავს ერთეულებს შეეძლოთ – ყველაფერი მობეზრდება მამულიშვილს გარდა მამულიშვილობისა – ამ სიტყვებით გამოხატა კირიონ II-მ თავისი ცხოვრების კრედო.

ქართული ისტორიოგრაფიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქისა და ცნობილი მეცნიერის კირიონ II შესახებ ძალიან ცოტა არის ნათქვამი. პირველი ბიოგრაფიული ნარკვევი 1917 წელს გამოაქვეყნა მოსე ჯანაშვილმა (1), მოკლედ არის გადმოცემული კირიონ II-ის ბიოგრაფია და ნაჩვენებია ის თავდადებული ბრძოლა, რომელსაც კირიონ II ეწეოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, კირიონის დევნა ოფიციალური ხელისუფლების მიერ, ბელგიაში კირიონის დაცვის საზოგადოების შექმნა და რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების მიერ კირიონის გადასახლებიდან დაბრუნება. იქვე საინტერესო პარალელებია კირიონ I (599-610წწ.) და კირიონ II-ს შორის, მაგრამ ნაშრომში ავტორი ნაკლებ ყურადღებას აქცევს კირიონ II-ს სამეცნიერო მოღვაწეობას. კირიონ II-ის არქივის დიდი ნაწილი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, რომლის აღწერილობა ეკუთვნის ამავე ინსტიტუტის თანამშრომელს ელისო აბრამიშვილს (2). მანვე გამოაქვეყნა საარქივო მასალების მოკლე მიმოხილვა, ძირითადად კირიონ II-ის ეპისტოლარული მემკვიდრეობა “მრავალთავში”(*3).

კირიონ II-ის მოღვაწეობის შესახებ საინტერესო გამოკვლევა გამოაქვეყნა ბატონმა ვახტანგ გურგენიძემ ხელნაწერთა ინსტიტუტისა და საისტორიო არქივში დაცული მასალების საფუძველზე აღადგინა კათალიკოზ-პატრიარქის კირიონ II-ის მშფოთვარე ბიოგრაფიული ცხოვრება, აჩვენა ევროპელი და რუსეთის სამეცნიერო წრეების კირიონ II-სადმი – დიდი პატივისცემა და სიყვარული (*4), მაგრამ ამ დიდი პიროვნების ღვაწლის ყოველმხრივი შესწავლა მომავლის საქმეა.

კირიონ II, ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში სასულიერო პირის ოჯახში. მის წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით დიდოელთა, ინგუშთა შორის ქრისტიანობის გავრცელების საქმეში. იგი ჯერ ანანურის სასულიერო სკოლაში სწავლობდა. 1862 წელს გორის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. ამ დროს უკვე გამოიკვეთა ახალგაზრდა ყმაწვილის მამულიშვილური მისწრაფებანი. ცნობილი ხალხოსანი მწერალი სოფრომ მგალობლიშვილი იგონებს, რომ გიორგი საძაგლიშვილთან ერთად მოიარეს შიდა ქართლის თითქმის ყველა ისტორიული ადგილები, შემდეგ კი მოიხილეს მაღრანდვალეთის ქართული სიძველენი.
1876 წელს გიორგი საძაგლიშვილმა დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა 1880 წელს და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883 წლიდან 1896 წლამდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (გორი, თელავი, ქუთაისი, თბილისი) ეწეოდა პედაგოგიურ მოღვწეობას, ასწავლიდა ქართულ და რუსულ ენებს, საღმრთო ისტორიას, გეოგრაფიას. ყოვლად სამღვდელო კირიონი 1896 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაღოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად, სადაც როგორც ქართველმა, კარგად მცოდნემ თავისი ერისა და ხალხის სულიერის საჭიროებისა, დაარსა 19 სამრევლო სკოლა. ააშენებინა სკოლები აწერისხევში, ვანათში, თიანეთში; ყველა სკოლას შეუქმნა წიგნთსაცავები და ბიბლიოთეკები. ამავე პერიოდში ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში იგი აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე, ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით.
კირიონი II იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი და აღწერა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები. ეს აღწერილობა გამოაქვეყნა კიდეც 1898 წელს. ამ აღწერილობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან მომდევნო ხანებში ბევრი ისტორიული ძეგლი მოსული ხალხის (ოსები) მიერ განადგურებული იქნა.

1896 წ. ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა კირილეს, კირიონის სახელით და გაიგზავნა ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად. ამ პერიოდში ღვთისმსახურების გარდა კირიონი მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა ქართლის სოფლებში. აგროვებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, მეცნიერულად სწავლობდა ხალხის ზნე-ჩვეულებას, ეკლესია მონასტრების სიძველეებს. ქვათახევის მონასტრის წინამძღვრობის დროს კირიონმა “ქვათახევიდან ჩამოიტანა და ტფილისის საეკლესიო მუზეუმს ჩააბარა 96 ცალი ხელნაწერი, მათ შორის XI საუკუნის სახარება, 1494 წელს გადაწერილი “დავითნი” და სხვა მრავალი საინტერესო ხელნაწერები”(*5).

კირიონ II-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა მუზეუმის ისტორიული საბუთების გამდიდრების საქმეში. იგი მიტოვებული ეკლესია-მონასტრების ნესტიანი სენაკებიდან, საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ მასალებს ყოველწლიურად უანგაროდ სწირავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მარტო 1891 წელს საზოგადოებას გადასცა: ტრიოდიონი “მარხვანი”, საბა-სულხან ორბელიანის ლექსიკონი, ცხოვრება და მოქალაქეობა ნეტარისა ანდრია სალოსისა, მსოფლიო ისტორია, ხუცური ასოებით ნაწერი სადღესასწაულო ღვთისმშვენიერი თხრობით სულისა ფრიად სასარგბლო, რომელსაც ეწოდების “გვირგვინი,” საღვთო მარგალიტი ძველი საეკლესიო წიგნი ხუცურ ეტრატზე ნაწერი, აპოკრიფი ყოვლად წმიდა მარიამის სახარებასა და იოსებზე, XVIII საუკუნის ხელნაწერი ლიტურგია ოქროპირისა, რუსული ასამაღლებელი ქართულის ასოებით, სხვა და სხვა ხელნაწერი წიგნების ფურცლები, ისტორია გინა მოთხრობა საღმრთო წერილისა ძველისა და ახლისა ახალი აღთქმისა, მინის სამაჯურები. ნაპოვნი თელავის ღვთაების ეზოში, ოთხი ძველი ვერცხლის ფული”(6). კირიონმა შეისწავლა ძველი ქართული აპოკრაფების უცნობი ხელნაწერი, რომელიც დაცული ყოფილა გორის თავადაზნაურობის წინამძღოლის ივანე რატიშვილის ოჯახში (7).

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოებრიობა დიდი სიხარულით შეხვდა. აშკარად იგრძნობოდა რომ საზოგადოებას იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ დიდი სურვილი ჰქონდა მისებრ დინჯი მრავალმხრივი განათლების ქართველი მღვდელთმთავარი ეხილა, რომელიც იტვირთავდა დაჩაგრული ერისა და გაპარტახებულ-განადგურებული ეკლესიის აღდგენას; როცა საზოგადოება ეპისკოპოს კირიონის მოღვაწეობაზე ასეთ იმედებს ამყარებდა, ამის საფუძველს იძლეოდა კირიონის ეპისკოკოსამდელი საქმიანობა. ილია ჭავჭავადძის “ივერია” დიდი ამბით გამოეხმაურა კირიონის ეპისკოპოსად კურთხევის ფაქტს. 22 აგვისტოს შაბათს შუადღისას საქართველოს ეგზარქოსის დარბაზში მოხდა სახელდება ეპისკოპოსად არქიმანდრიტ კირიონისა, რომელიც უმაღლესის ბრძანებით დანიშნულ იქნა ალავერდის მღვდელმთავრად… “სრული იმედია ყოვლადსამღვდელო კირიონი, კარგად ცნობილი საქართველოში, როგორც განმაახლებელი მრავალთა ნაშთთა ჩვენის ძველის ხუროთმოძღვრებისა და სასულიერო განათლების თანამგრძნობელი, შეძლებისდაგვარად იმოღვაწებს კახეთის სულიერ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ასპარეზზედ” – (ივერია, 1898 #81).

ეპისკოპოსად სახელდებისას არქიმანდრიტმა კირიონმა წარმოთქვა სიტყვა:

  • “მე სრულიადაც არ წარმოვიდგენდი ამ თვრამეტი წლის წინათ, როცა კურსი შევასრულე კიევის სასულიერო აკადემიაში, თუ ჩემთვის ასეთი ბედნიერი და დიდმნიშვნელოვანი დღე დადგებოდა… მე კურსის შესრულების შემდეგ დავიწყე სამსახური სასულიერო წოდების ახალ თაობის აღმზრდელის ასპარეზზედ. მას უკან ბევრ რასმეს ვფიქრობდი, ბევრ გეგმას ვაწყობდი ჩემის მომავლის მოღვაწეობისას, ბევრს ადგილს ვირჩევდი სამსახურისას, მაგრამ უფლის განგებულებამ დღეს ნაჩვენებ გზაზედ დამაყენა: სხვებსავით მეც ვფიქრობდი მომეპოვებინა მყუდროება და ბედნიერება ოჯახურს ცხოვრებაში, მაგრამ ბედმა აქაც მიმუხთლა. და ამის გამო სამსახური ეკლესიის მიმართ მონაზვნის წოდებაში ჩემთვის აუცილებელ-აუშორებელი შეიქმნა. სწორედ ოცი თვის წინათ ამავე ადგილს, სადაც ახლა ვდგევარ, ვიდექი მონაზონის უბრალო ტანსაცმელში და ვაძლევდი აღთქმას მონაზონური ცხოვრებისას… დიდი მადლობელი ვარ იმ ჩემი მოძღვრისა, რომელმაც ამ ჭეშმარიტ გზაზედ დამაყენა. დღეს უმაღლესის ბრძანებით უნდა ვიტვირთო მძიმე მოვალეობანი. მწყემსმთავრისა და ვიქნე ალავერდის ეპისკოპოსად – იმ ალავერდისა, სადაც მოღვაწეობდა, სადაც ქადაგებდა და სადაც განსვენებულ არს წმ. მამა იოსებ ალავერდელი. ალავერდის კათედრაზე მოღვაწეობდა მრავალი ღირსი მღვდელთმთავარი, რომელთ მის წიაღში იგემეს საუკუნო განსასვენებლი. ალავერდის ტაძარი ისეთი სიწმინდეა, რომელსაც დიდ პატივს სცემენ არათუ მხოლოდ მართლმადიდებელნი, არამედ არამართლმადიდებელნიც და თვით მთიანი დაღესტანის მკვიდრნიც. ლეკები და მაჰმადიანნიც კი, რომელთაც ჩვენი წინაპრები ხმლით ეომებოდნენ თვისთა სარწმუნოებრივ სიწმინდეთა დასაცველად და ბოლოს ქედი მოადრეკინეს თვისის სიწმინდის წინაშე. საღრმთო განგებამ მარგუნა სამსახური. ვმადლობ საღრმთო განგებას ამ ხვედრისათვის მით უმეტეს რომ ხელმძღვანელად მეყოლება ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობის საქმეში გამოცდილი მღვდელთმთავარი… დასასრულ გთხოვთ წმინდანნო მღვდელთმთავარნო, წარმომადგენელნო ივერიის ეკლესიისნო, ილოცოთ ჩემთვის, რათა ქვეყნის მწყემსმთავრულის ლოცვის მეოხებით უფალმან მომცეს შეძლება, ძალა და სიბრძნე მისის ეკლესიის სასარგებლოდ მოღვაწეობისა.”

ალავერდის ეპარქიაში ჩასვლისთანავე კირიონმა განაგრძო დაუცხრომელი საქმიანობა. ალავერდის დიდებული ტაძარი მოუვლელობისაგან განადგურების პირას იყო მისული. ტაძრის სახურავი გამოსაცვლელი იყო, გალავანი შესაკეთებელი.

ეპისკოპოსმა კირიონმა შეადგენინა პროექტი და თავისი ხარჯებით დაიწყო ტაძრის შეკეთება. ამავე დროს ეპისკოპოსმა კირიონმა დაიწყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლა. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს გადასცა 68 ხელნაწერი. მათ შორის 1089 წელს გადაწერილი სახარება. ამ აღმოჩენით აღფრთოვანებული მ. ჯანაშვილი წერდა:
“მასში მრავალი საყურადღებო ცნობებია დაცული სახარების ქართულად თარგმნის, თეიმურაზ I და სხვათა შესახებ. სახარების ბოლოს კი ასეთი წარწერაა: “ქ. ადიდენ ღმერთმან ძლიერსა და უძლეველსა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფემან და ყოვლისა აღმოსავლეთის ნოველისიმონისმან.” ამ აღმოჩენამდე ქართულმა მეცნიერებამ არაფერი იცოდა ბაგრატ IV-ს დროინდელი სახარების შესახებ. ეპისკოპოს კირიონის სახით ქართულ ეკლესია-მონასტრებს და იქ დაცულ ძვირფას ხელნაწერებს ღირსეული დამცველი და პატრონი გამოუჩნდა. ამავე დროს კირიონმა ყურადღება მიაქცია XIX საუკუნის საქართველოში გავრცელებულ ერთ სამწუხარო ტენდენციას. 1811 წლის შემდეგ როცა რუსეთის მთავრობამ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსული წირვა-ლოცვა დააწესა ხალხი პროტესტის ნიშნად ეკლესიებს სტოვებდა. ამით სარგებლობდნენ სომხურ-გრიგორიანული ეკლესიის მესვეურნი და უკანონოდ იკავებდნენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. მათ ხელში ჩაიგდეს ქართული ეკლესიები თბილისში, გორში, თელავში, დუშეთში. ეპისკოპოსმა კირიონმა ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი დასაბუთებული მოხსენებითი ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარხოსს და მოითხოვა სომხებისაგან უკანონოდ მიტაცებული ქართული ეკლესიების დაბრუნება. შომხური ნაციონალისტური ბურჟუაზია, რომელთაც დიდი ეკონომიკური შესაძლებლობანი გააჩნდათ ქართული ეკლესიების მიტაცებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნვდა. უფრო მეტიც ცდილობდა მოეძებნა დასაბუთება თავიანთი უკანონობისა ეპისკოპოსი კირიონი ი. ჭავჭავაძესთან და დ. ბაქრაძესთან ერთად აქტიურად ჩაება სომხებთან პოლემიკაში. სომხურმა გაზეთმა “ნორდარმა” გამოაქვეყნა წერილები, რომელშიც თავისი ერი ქებით ცაზე აიყვანა ხოლო ქართველები კი უსაქმურ, მკვეხარა ხალხად მიიჩნია, რომელიც მხოლოდ სომეხთა მოსამსახურეებად გამოდგებიანო. თანაც საბუთად ქართული წყაროები მოიშველიეს. ეპისკოპოსმა კირიონმა თვით სომხური საისტორიო წყაროების მოშველიებით სომხის ერის ასეთი სურათი დაგვიხატა: “ერი ზვავი, გაუგონარი, დიდმეთქავი, უსამართლონი, ტრაბახანი, ზარმაცნი, მძარცველნი, მატყუარანი, მექრთამენი, ცრუმედიდურნი. და იქვე დასძინა, რომ საისტორიო წყაროებს ადამიანური თვალით უნდა შევხედოთ და არ უნდა ვეცადოთ მათ საფუძველზე სხვის დამცირებას”(*8).

კირიონი 1901 წლიდან გორის ეპისკოპოსია, მაგრამ მეფის რუსეთის მტავრობამ და საქართველოს საეგზარქოსომ აშკარად დაინახეს ის დიდი საფრთხე, რაც კირიონის მოღვაწეობიდან მომდინარეობდა. ეპისკოპოს კირიონის თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ ეპისკოპოს კირიონს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს. 1903 წელს ხერსონში, 1904 წელს ორიოლში, 1906 წელს სოხუმში. შოხუმში მოღვაწეობის დროს ეპისკოპოსმა კირიონმა დიდი მუშაობა გასწია ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და მოქონიერების საქმეში, მაგრამ სწორედ ასეთი საქმიანობა იწვევდა შოვინისტი რუსი მოხელეების გაავებას. კირიონი სოხუმიდან კოვნოს ეპარქიასი გადაიყვანეს აფხაზების გაქართველების მცდელობის ბრალდებით.

1907 წლის სექტემბერში, როცა ქართველი ხალხი ეთხოვებოდა ილია ჭავჭავაძეს კირიონს საქართველოში ჩამოსვლის უფლება არ მისცეს. მან მხოლოდ სამძიმრის დეპეშის გამოგზავნა მოახერხა კოვნოდან. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ასეთი სიმკაცრის მიზეზი უნდა ვეძებოთ კირიონის დაუცხრომელ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნის სულისჩამდგმელი იყო. სწორედ მისი პროპაგანდის შედეგი იყო 1905 წელს დიდი საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც ქართველი სამღვდელოება იხილავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხებს. შაქართველოს ეგზარქოსმა ალექსიმ სთხოვა მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ყაზახების საშუალებით დაერბია საეკლესიო შეკრების მონაწილენი. ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელმა ყაზახებმა რუსი ერისა და რუსეთის ეკლესიის ინტერესების დაცვა ქართველი სამღვდელოების მათრახებით ცემაში დაინახეს.
XX საუკუნის დასაწყისში ფართო პროპაგანდა გაჩაღდა რუსეთში პატრიარქობის აღდგენის მოთხოვნით. ამ მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ რუსი სლავოფილები, რომელთა ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო ნ. დურნოვი, იგი თავის წერილებში ამხელდა რუსი ეგზარქოსების ურწმუნოებასა და მძარცველურ პოლიტიკას საქართველოში (*9).

სლავოფილებმა პეტერბურგის პრესში დაბეჭდეს წერილები, დაგმეს თბილისში ქართველი სამღვდელოების მიმართ ჩადენილი ბარბაროსული მოქმედება. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი ილია ჭავჭავაძის მეთაურებით მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობა იძულებული შეიქმნა ფორმალურად მაინც დაენიშნა პეტერბურგში სპეციალური სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი.

ეპისკოპოსმა კირიონმა სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება:
1) რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე,
2) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში.
კირიონი ასაბუთებდა რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესაო. ფორმალურეად დანიშნულმა კომისიამ, სადაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ დეკანოზ ვოსტორგოვის მიმდევრები, უარყვეს ქართველი სამღვდელოების სამართლიანი მოთხოვნები, და ამის შემდეგ დაიწყო კირიონის დევნა-შევიწროვება. მიუხედავად სამშობლოდან მოშორებისა ეპისკოპოსი კირიონი საქართველოს მაჯისცემას განიცდიდა ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო შორეულ კოვნოსა თუ სანაქსარის უდაბნოში.
1907 წელს ქართველი საზოგადოების ინიციატივით დაარსდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც შემოწირული სახსრებით უნდა ეარსება. ეპისკოპოსი კირიონი სიხარულით ატყობინებდა საზოგადოების თავჯდომარეს ე. თაყაიშვილს თავის მზადყოფნას – დახმარებოდა როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. ე. თაყაიშვილი იგონებდა: – “ეპისკოპოსმა კირიონმა ჯერ კიდევ ექსორიაში ყოფნის დროს შემოსწირა საზოგადოებას თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნებისა, მრავალი საარქეოლოგო ნივთი, ალბომები, სურათები და დიდი ნუმიზმატური კოლექცია. წელიწადი არ გავიდოდა ისე რომ რაიმე ნივთი, ხელნაწერი თუ ფული არ გამოეგზავნა ახალი საზოგადოებისათვის”(10). საისტორიო-საეთნოგრფო საზოგადოების სახელით ე. თაყაიშვილის რედაქციით დაიბეჭდა ძველი საქართველოს შესახებ სამი წიგნი, რომელშიც არის კირიონის მიერ შედგენილი ქართული სალექსიკონო მასალა განმარტებითურთ. მანვე “ქართული ლექსიკონის გამოსაცემად განყოფილებას გადასცა ასი მანეთი”. 1913 წელს 2 ივლისის წლიური კრების #74 ოქმი გვაუწყებს – “საბჭოს წინადადების თანახმად კრებამ ერთხმად აირჩია ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი საზოგადოების საპატიო წევრად. მან საისტორიო საზოგადოებას შესწირა ვეფხისტყაოსნის უცნობი ხელნაწერი, კორიდეთის ოთხთავი, პავლენის ერთი ძველი რედაქცია და სხვა მრავალი საინტერესო საბუთები” (11).

თითქმის შეუსწავლელია კირიონის ღვაწლი ქართული საისტორიო წყაროების, ისტორიოგრაფიის კვლევის საქმეში. XIX საუკუნის 80-90-იან წლებში თერგდალეულთა მსგავსად ის ქართულ პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა მეცნიერულ-პოპულარულ წერილებს საქართველოს ისტორიაზე, ქართულ ხუროთმოძღვრებაზე, ეკლესიის ისტორიის და ღვთისმეტყველების საკითხებზე. მას ეკუთვნის წიგნად გამოცემული ორმოცზე მეტი მონოგრაფია.
1910 წელს გამოვიდა მისი პოლემიკური ნაშრომი “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”. დღეს შეიძლება ამ სქელტანიანი ნაშრომის ზოგიერტი დებულება საკამათო იყოს, მაგრამ მისი გაცნობისას არ შეიძლება მოწიწებით არ განიმსჭვალო მისი ავტორისადმი. კირიონის ამ ნაშრომს ყურადღებით გაეცნო რუსული მატიანეების ცნობილი მკვლევარი აკადემიკოსი ალ. შახმატოვი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კირიონის ღვაწლი შიდა ქართლში მცხოვრები ოსების კულტურის, ხალხური სიტყვიერების, ეთნოგრაფიის შესწავლის საქმეში. მან შეკრიბა და ჟურნალ “მწყემსში” გამოაქვეყნა ოსური ლეგენდები (12). მანვე ოსური წირვა-ლოცვის შემოღების აუცილებლობის საკითხიც დასვა (13).

ეპისკოპოსმა კირიონმა კრიტიკულად განიხილა მ. თამარაშვილის ცნობილი წიგნი “ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” და გამოთქვა საგულისხმო მოსაზრებანი, მაგრამ მ. თამარაშვილს ოდნავაც არ სწყენია კირიონის შენიშვნები; პირიქით 1911 წელს დაბეჭდა თავისი ახალი წიგნი საქართველოს ეკლესიის ისტორია (ფრანგულ ენაზე) და მასში ვრცლად საუბრობს ეპისკოპოს კირიონის ღვაწლზე ქართული ეკლესიის ისტორიაში.

რუსეთის მთავრობისაგან კირიონის დევნა-შევიწროვება ქართველი საზოგადოების აღშფოთებას იწვევდა. აკაკი წერეთელი გულისტკივილით შენიშნავდა რომ იმპერატორთანაც მივიდოდა კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა კირიონის განთავისუფლებას არ აპირებდა. პირიქით აძლიერებდა ცილისწამებას მის მისამართით. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარხოსი ნიკონი და მისი მკვლელობა კირიონს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ, როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი აღაშფოთა. როდესაც ამ ცილისწამების შესახებ პრესის წარმომადგენელნი ევ. გეგეჭკორს (მაშინდელი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი) შეეკითხნენ, მან უპასუხა:ეს ველური და შეუსაბამო ბრალდებაა. ბრწყინვალე პიროვნება ეპისკოპოსის კირიონისა მის მტერთ მოსვენებას არ აძლევს, მის სახელს რომ ჩირქი მოსცხონ, საშუალებას არ ზოგავენ (14). კირიონის დევნის ამბავი რუსეთიდან უცხოეთში გაიტანა ოლივერ უორდროპმა, რომელსაც 1909 წლის 2 აპრილს წერილი გაუგზავნა ალ. ცაგარელმა: “კირიონი გაგზავნეს ხარკოვიდან ერთ მონასტერში – ტამბოვის გუბერნიაში საცხოვრებლად, ცოტა ავად არის მაგრამ მოსკოვში საავადმყოფოში არ დაარჩინეს, ძალათ წაიყვანა პოლიციამ რკინიგზით მონასტერში”(15). ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კირიონის განთავისუფლების მოთხოვნით. ბელგიიდან ადამიანის უფლებების დაცვის თავჯდომარემ ჟორჟ ლორანმა ბრიუსელიდან 1909 წლის 20 მარტს ყოფილ სახელმწიფო სათათბიროს თავჯდომარეს ხომიაკოვს სთხოვა დაეცვა ეპისკოპოსი კირიონი დევნა-შევიწროებისაგან. მიუხედავათ იმისა, რომ ასეთ მძიმე პირობებში უხდებოდა ცხოვრება, მომავლის რწმენა არ დაუკარგავს. ი. ჩიჯავაძისადმი გაგზავნილწერილში წერდა: “ჩემი აქ ყოფნა ხომ მეტად მძიმეა, მაგრამ მით უფრო დამიმძიმდება, როდესაც გულსაკლავი და არასანუგეშო ამბები მომივა სამშობლოდან… მომავალი ჩვენს ხელშია, კეთილსინდისიერი შრომაა მისი დამაგვირგვინებელი… წინ ფიანდაზის მაგივრად, მართალია, ეკლიანი გზა გვიდევს, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვრულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია”(*16).

რუსეთის მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა-შევიწროვება. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ, სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს. კირიონმა ძლიერ განიცადა ვაჟა-ფშაველას გარდაცვალება. იგი მეგობრობდა დიდ პოეტთან; ერთ წერილში იტყობინებოდა – ვაჟას წერილი კოპალაზე მაშინ მივიღე, როდესაც წიგნის კორექტურა გაგზავნილი მქონდაო – კირიონი იყო უდიდესი ქველმოქმედი – მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლება მიიღო 300-მდე ქართველმა ახალგაზრდამ. აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე იგონებდა თბილისის სასულიერო სემინარიიდან რეკომენდაციითა და ფულადი დახმარებით როგორ გაგზავნა იგი ეპისკოპოსმა კირიონმა კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. “ძველად ებრაელებს – წერდა კ.კეკელიძე კირიონს 1905 წელს – ჩვეულებად ჰქონდათ, ყოველნაირ ახალს ანუ პირველ ნაყოფს მადლობის ნიშნად სწირავდნენ ხოლმე ამ ნაყოფის მომცემელ ღმერთს. ამისდა მიხედვით, ნება მიბოძეთ, მეც უმორჩილესად გიძღვნათ პირველი ნიმუში იმ შრომისა, რომელსაც მე ხელი მივყავი თქვენი შთაგონებითა და რჩევით” (*17). კირიონს განზრახული ჰქონდა თავის მშობლიური სოფ. ქვემო ნიქოზისათვის ბიბლიოთეკისა და სკოლის აშენება. შეასრულა კიდეც თავისი სურვილი. ბიბლიოთეკას გადასცა ძვირფასი წიგნები. კირიონს მეცნიერული მიმოწერა ჰქონდა აკად. ნ. მართან, პროფ. ალ. ცაგარელთან, ალ. შახმატოვთან, ლ. დიმიტრიევთან, ივ. სოკოლოვთან. გ. ბერგმანთან , ა. პაკმიერთან, ივ. ჯავახიშვილთან, მ. ჯანაშვილთან, მ. თამარაშვილთან.

კირიონის მოღვაწეობის დევიზი იყო მამულისათვის სამსახური. – “მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდია ” — წერდა იგი. მან ჯერ კიდევ XIX საუკუის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო გრ. ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა. “ჩვენი მუშაობა –წერდა იგი – დამოკიდებულია იმაზე თუ რა დარი დაუდგება საზოგადოდ ქართულ ენას ჩვენს საშუალო სკოლაში და კერძოდ, ამ სახელმძღვანელოს; საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადგილი დაეთმოს ქართულს, არა მარტო პირველ დასაწყის სკოლებში, არამედ საშუალოსა და უმაღლესშიც. საჭიროა სკოლამ მტკიცე ეროვნული ხასიათი მიიღოს და სწავლა საგნებისა ქართულად წარმოებდეს. ხოლო ეს მაშინ მოხდება, როცა მთლიანად საქართველოს ცხოვრება ეროვნულ საფუძველზე მოეწყობა. და ქართული ენა უაღრესად საჭირო შეიქმნება ყოველ დაწესებულებაში.”

საქართველოს ეროვნულ საფუძველზე მოსაწყობად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ამ საქმის სულისჩამდგმელი იყო ეპისკოპოსი კირიონი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციით ისარგებლა ქართველმა სამღვდელოებამ და საგანგებო საეკლესიო კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება:
1) ამიერიდან, 12 მარტიდან გრძელდება საქართველოს ავტოკეფალია,
2) დროებით კათალიკოზის ამორჩევამდე ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე;
3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც საერო, ისე სასულიერო პირები:12 მარტის კრების ინიციატორი და წარმმართველი ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე, რომელიც კირიონის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, როგორც მისი ერთგული და გამორჩეული პიროვნება გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა; დროებითი მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, ქართველ სამღვდელოებას ეროვნულ ავტოკეფალიის ცნობას ჰპირდებოდა, რაც 1917 წლის 29 მარტს საეკლესიო კრებამ უარყო. საქართველოს ეკლესია უნდა გახდეს ტერიტორიული ავტოკეფალიის მატარებელი ეკლესია — დასძენდა კრება. ტერიტორიული ავტოკეფალიის დროს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შევიდოდა ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იყო. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ბრძოლაში აქტიურ მონაქილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის წევრები. როცა საქართველოს ეგზარხოსყოფილი პლატონი გაჯიუტდა და არ თმობდა საკათალიკოზო რეზიდენციას, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები პირველნი შევიდნენ ეგზარხოსის სასახლეში, გამოაძევეს პლატონი და დააბინავეს საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობა მიტროპოლიტ ლეონიდის მეთაურობით. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფებოდა თითქოს აღარავის ახსოვდა, მაგრამ ქართველ მორწმუნეთა ჯგუფმა ჩიტო კაპანაძის ხელმძღვანელობით დელეგაცია გაგზავნა მასთან, რათა ნაამაგარი მამულიშვილი, ვინც ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და ამიტომაც განიცადა ამდენი დევნა-შევიწროვება, დაბრუნებულიყო საქართველოში და მონაწილეობა მიეღო სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქის არჩევნებში. “კირიონმა ყურდღებისათვის მადლობა გადაიხადა, მაგრამ მან მტკიცე უარი შემოთვალა. ქართული საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. სამშობლოსაკენ მომავალ ბრწყინვალე მღვდელმთავარსა და მეცნიერს არაგვის ხეობაში შეეგება ასოცამდე ცხენოსანი გიგო ყარანგოზიშვილის ხელმძღვანელობით. იგი დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე, თბილისში კი ბრწყინვალე შეხვედრა მოაწყვეს. მაგრამ კირიონის სამშობლოში დაბრუნება ბევრს მაინც არ გახარებიათ. კირიონი ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩაება სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების მოსამზადებელ სამუშაოებში.

1917 წლის 9 სექტემბერს თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, როგორც გაზეთი “საქართველო” იუწყებოდა. კრებას თავჯდომარეობდნენ გიორგი ჟურული. თრიფონ ჯაფარიძე, სპირიდონ კედია. კრებამ განიხილა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიების, საკათალიკოზო საბჭოს შექმნის საკითხები. მსჯელობის საგანი იყო საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა საკითხიც. სახელდობრ, საჭირო იყო თუ არა მიტროპოლიტის პატივის არსებობა ქართულ ეკლესიაში. ხმათა უმეტესობით ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. შეიქმნა საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის თავჯდომარეობით. 17 სექტემბერს დაინიშნა კათოლიკოზ-პატრიარქის არჩევნები. კენჭისყრაზე დაშვებული იქნა ორი კანდიდატი მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოზი კირიონი. სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქის არჩევნები ჩატარდა სიონის ტაძარში. არჩევნებში მონაწილეობდა 448 კაცი. როგორც გაზეთი “სვეტიცხოველი” იტყობინებოდა სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქად კრების მიერ არჩეულ და დამტკიცებულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი (18).საეკლესიო კრების შედეგები სრულიად კანონზომიერი იყო, მაგრამ საქართველოში რა გამოლევდა ინტრიგებისა და გულფიცხობის მოსურნე ადამიანებს. მართალია საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქად უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II აირჩია, მაგრამ არ გააუქმა ტფილელი მიტროპოლიტის თანამდებობა. XIX საუკუნის ისტორიიდან ცნობილია, თუ როგორ გამიყენა რუსეთის მთავრობამ ტფილელი მიტროპოლიტ არსენსა და კათოლიკოზ ანტონ II შორის არსებული უთანხმოება საქართველოს ეკლესიის შიგნით არეულობისა და შფოთის გასაძლიერებლად, რაც ანტონ II-ის რუსეთში გაწვევით და საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმებით დამთავრდა. 1917 წლის 12 მარტს ტფილელი მიტროპოლიტის თანამდებობის შემოღება იმით იყო გამართლებული, რომ რუსეთის მთავრობის მიერ დანიშნული ეგზარქოსი პლატონი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ თავის თავს ტფილელ მიტროპოლიტს უწოდებდა. გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ამიერიდან, როცა ტფილელი მიტროპოლიტი იქნებოდა ეგზარქოს პლატონის პოზიციები შესუსტდებოდა. მაგრამ სრულიას საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი კირიონ II არჩევის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსობამაც მისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ტფილელ მიტროპოლიტად დარჩა ლეონიდე. უწმინდეს კირიონ II-ს სიონში წირვის უფლებაც არ ჰქონდა. იქ ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე სწირავდა. კირიონი ანჩისხატში სწირავდა. დაიწყო ინტრიგები, რასაც თავის მხრივ აღვივებდნენ რუსი ეგზარქოსების ჯაშუშები, რომელთაც გულზე არ ეხატებოდათ საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის ეროვნული მიმართულების კათოლიკოზ-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II. ცნობილი მწერალი და მოღვაწე იოსებ იმედაშვილი იგონებს — “ერთ სხდომაზე წამოიჭრა საკითხი კათოლიკოზის პირადი მდივნისა და საკათალიკოსო საქმეთა მმართველის ასარჩევად. კორნელი კეკელიძემ და კალისტრატე ცინტაძემ კანდიდატად წამოაყენეს დავით დავიდოვი, დავითაშვილი. ამის ხსენებაზე კირიონი საშინლად ცუდად შეიქმნა, აინთო, მაგრამ თავი შეიმაგრა…. . .… თქვენ თუ საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს საქმეთა მმართველად დავიდოვს აირჩევთ, მე კათალიკოზის ხარისხს ავიყრიო (19). ეს დავიდოვი იყო ეგზარხოსების ჯაშუში და ყოველივე ეროვნულის მტერი. იგი არ აირჩიეს, მაგრამ მომხდარი ინციდენტი ფრიად დამაფიქრებელი იყო. ამ დავიდოვმა არაერთხელ სცადა კირიონ II-სთან შესვლა და მისი ფიზიკური მოსპობა. ჰოი, ქართველი ხალხის გულგრილობავ! პიროვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართველი ხალხის სამსახურს შესწირა, რომელიც საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქად აირჩიეს, ვიღაც ნაძირალა დავიდოვ-დავითაშვილის შეურაცხყოფის ღირსი გამხდარიყო. ქართველმა საზოგადოებრიობამ ასევე გულგრილად ჩაიკითხა სასულიერო ჟურნალ “ახალ სიტყვაში”, რომელიც ქრისტეფორე ციციქიშვილის რედაქტორობით გამოდიოდა, საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქის წინააღმდეგ ანონიმ ავტორთა სახელით მიმართული ცილისმწამებლური პასკვილები. მიუხედავათ ასეთი საარაკო მტრობისა, კათოლიკოზ-პატრიარქმა კირიონ II შექმნა ძლიერი საკათალიკოზო საბჭო, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად საერონიც შედიოდნენ. ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ზეიმით გადაიხადა მცხეთაში კირიონ II-ის კათოლოკოსად კურთხევის დღე. ეს დღე სვეტიცხოვლობას დაემთხვა. ზღვა ხალხმა მოიყარა თავი ტაძარში. კათოლიკოზის კურთხევას დაესწრნენ ინგლისის, ბელგიის, საფრანგეთის კონსულები. გაზეთი “საქართველო” იტყობინებოდა – როდესაც კათოლოკოზი შემოსეს ძველებური ომოფორითა და მიტრით, ეს იყო კიდევ ერთი ახალი წუთი, რომელმაც აგრძნობინა ხალხს სანატრელი გაცოცხლება ძველი საქართველოსი. პატრიარქის სახე იმ წუთში უსათუოდ დაუვიწყარია. ის იყო მთლიანად უძრავი და განათებული. წარსული ტანჯვა სჩანდა მის ფერმკრთალობაში. მისი ხმა იყო ნელი და მთრთოლავი და საკმევლის წმინდა სურნელებაში მორწმუნე გული იგრდძნობდა მისტიურად განგების სიახლოვეს. — კირიონ II თავის სიტყვაში, რომელიც მან სვეტიცხოველში აღსაყდრებასთან დაკავშირებით წარმოთქვა, ხაზი გაუსვა სარწმუნოების წმინდა დაცვის აუცილებლობას, ეკლესიისა და ერის ერთიანობის აუცილებლობას. საქართველოში მცხოვრები სხვა ერებისადმი პატივისცემას, სწავლა-განათლების საქმეში საქართველოს ეკლესიის როლის ამაღლებას, სასულიერო პირებში ეროვნული მიმართულების სულისკვეთების ამაღლების აუცილებლობას:- “სამშობლო, საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვდომილო, ბრძმედსა შინა ტანჯვა -ვაებისას განწმენდილო! შენთვის დაწეული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენსკენ ლტოლვილი დღეს განგისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა…. . .…ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები:რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: “არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული ჩემი სახსრად შენდა” (მთ.20,28) მოვედი არა ვითარცა მწე სასყიდლით დადგინებული, არამედ ვითარცა მწე ერთგული და მარად მორჩილი.”

კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ, მაგრამ დასაბუთებულად გადმოსცემდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას. ძნელი იყო ფრიად გაძარცვულ-გაპარტახებული საეკლესიო ქონების კვლავ შეგროვება. ქართული სასულიერო ლიტერატურის გამოცემის აუცილებლობა ეპარქიების აღდგენა-მოწესრიგება, სასულიერო პირთა ელემენტარული საარსებო პირობების შექმნა და უამრავი სხვა პრობლემები ჰქონდა გადასაწყვეტი სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქ კირიონ II-ს. იგი ჩვეული თავდავიწყებით შეუდგა საქმეს.

1918 წლის 26 იანვარს წმინდა დავით აღმაშენებლის ხსოვნის დღეს თბილისში გაიხსნა უნივერსიტეტი. სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კირიონ II უნივერსიტეტის ეკლესიაში გადაიხადა პარაკლისი. კირიონი II დიდი სიხარულით შეეგება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, 1918 წლის 27 მაისს თავისუფლების მოედანზე გადაიხადა საზეიმო პარაკლისი და მგზნებარე სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს მესვეურნი ათეისტური მსოფლმხედველობისანი აღმოჩნდნენ. მათ ეკლესია – ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების სიმბოლო – სახელმწიფოსაგან გამოჰყვეს, სკოლა ეკლესიისაგან და რა სავალალო შედეგებიც აქედან მივიღეთ ეს დღეს ყველასათვის ცნობილია.

საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ეკლესიისადმი გულგრილობა როცა დაინახეს, კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ II მოწინააღმდეგებმა, კიდევ უფრო გააქტიურეს ბრძოლა მის წინააღმდეგ. საერო ცხოვრება პოლიტიკურ პარტიათა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ასპარეზად იქცა. ყველანი დიდი თუ პატარა ამ ბრძოლაში თავდავიწყებით ჩაება და დაავიქყდათ ის საყოველთაო აღტაცება და თანადგომის აღთქმა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქს უწმინდეს კირიონ II-ს მისცეს. იგი შეატოვეს წვრილმან ინტრიგებსა და პატივმოყვარე ადამიანებს. შედეგმაც არ დააყოვნა.

1918 წლის 28 ივნისს გაზეთი “საქართველო” იტყობინებოდა – “სრულიად საქართველოს კათოლოკოზ-პატრიარქი უწმონდესი და უნეტარესი კირიონ II 26 ივნისს სოფელ მარტყოფს გაემგზავრა საპატრიარქო რეზიდენციაში… . . . 27 ივნისს დილით იგი მიცვალებული იპოვეს მის საწოლ ოთახში. . .” დიახ, მტარვალის ხელმა მოუსწრაფა სიცოცხლე დიდ ქართველ საეკლესიო მოღვაწესა და მამულიშვილს. თითქოს ახლა მაინც უნდა გამოფხიზლებულიყო საზოგადოება, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა; როგორც დეკანოზი ნ. თალაკვაძე იგონებს: “ხმა დაუყარეს რომ თავი მოიკლაო!” 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! ღევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან: რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?! ასეთი დასკვნა გამოუტანა “გამოძიებამ”. . . ამის გამო მქონდა პირადი შეტაკება ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოზი კირიონი, დიდძალი ხალხის თანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი, ჯერ წარმოვთქვი მეტად აღგზნებული იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი იმ არაადამიანური მეფისტოლფერული დევნა-შევიწროვებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოზს”. საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კათოლოკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის ტრაგიკულმა სიკვდილმა. ანჩისხატის ეკლესიის დეკანოზმა ნიკიტა თალაკვაძემ მიცვალებულის წესის აგებისას ეჭვი მიიტანა მათზე, ვინც იდეურად ამზადებდნენ ამის ნიადაგს, შფოთსა და შუღლს აღვივებდნენ ქართულ ეკლესიაში, რის გამოც, ნ. რამიშვილმა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გამოიძახა და დატუქსა . . . (ამ ფაქტს გულისხმობს, როცა მოგონებაში აღნიშნავს შეხლა-შემოხლა მქონდა ნ. რამიშვილთანო). ნოე ჟორდანიას მწუხარება გამოუთქვამს კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის გარდაცვალების გამო. მაგრამ გამოძიება არ წარმართულა იმ მიმართულებით, საიდანაც სინამდვილე გაირკვეოდა. საზოგადოებრივ საწყისებზე გამოძიება უწარმოებია ცნობილ მწერალ იოსებ იმედაშვილს.

კირიონ II-ე დაკრძალეს 7 ივლისს ნაშუადღევის 4 საათზე სიონის ტაძარში. არ შეიზლება კიდევ ერთხელ არ მოვიტანოთ მის საფლავთან დეკანოზ ნ. თალაკვაძის წარმოთქმული სიტყვა:
“მშვიდობით, თქვენო უწმიდესობავ!
ეს ერთი კვირაა შენი ანჩისხატი, მთელი მორწმუნე თბილისის ქარტველობასთან ერთად, გულდათუთქული დაგქვითინებდა ტყვიით განგმირულ თავის მამამთავარს. დღეს კი ჩვენი სამშობლოს ყოველი კუთხიდან მოზღვავებულა მთელი საქართველო – შენი საწყმსო, – რათა მიგაცილოს საუკუნო განსასვენებელ სავანემდე. დაობლებული შენი სამწყსო, ისევ დაქვრივებული ივერიის ეკლესია დღეს საქვეყნოდ მოსთქვამს და ჰგოდებს თავის ვაებასა, თავის უბედურებასა, თავის ეგზომ დაცოდვილებას, სამშობლო ქვეყნის გარეშეთაგან გაჭირვებას. ეს შენი საიდუმლოებით მოცული კუბოც მძიმე ლოდივით ზედ დაგვერთო. ასეთ განსცდელს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ჩვენში.
არ ვიცი შენი ასეთი მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის თუ უმადურობის ნაყოფია. ზოგჯერ მტერი უზამს ადამიანს იმას, რასაც თვით ადამიანი თავის თავსაო, – სწორედ ჩვენზეა ეს ნათქვამი. სხვებმა, გარეშეებმა, ჩვენმა მტრებმა და ორგულებმა შეიგნეს შენი დიდი პიროვნების ღირსება, ჩვენ კი ვერა! სხვებმა, უცხოელმა, დააფასეს შენი გონებრივი და ზნეობრივი ღვაწლი სამშობლოსათვის, ჩვენ კი ვერა . . .
ვერ გამიგია, რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგდარ, დამაშვრალ, მხცოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე, სიბერის ჟამს დაუტკბობენ, განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწეოდ მოიწვევენ, მაშინ თავს ევლებიან მას, ტვირთს უმსუბუქებენ, რათა მისს სიბრძნე-გამოცდილებით ისევ ასარგებლონ ქვეყანა. ჩვენ ასე ვერ მოგექეცით. ჩვენ მხოლოდ უუფლებო კათალიკოზ-პატრიარქად აგირჩიეთ! თითქოს ჩვენი ეკლესიის ხომალდის საჭეთმპყრობელი გიწოდეთ, ნამდვილად კი ეს საჭე ხელიდან გამოგტაცეთ!
ქედმაღლობა, გამძვინვარებული შუღლი, საარაკო თავხედობა და გულფიცხობა ვაწარმოეტ თავის მამამთავრის გარშემო, უკანასკნელი დღენი სიცოცხლისა ჩავუმწარეთ მას და ახალ საქართველოში ეკლესიასაც ძირი ამოვუთხარეთ, არსებობის ნიადაგი გამოვაცალეთ.

განა მხოლოდ კირიონ კათოლოკოზს მოვექეცით ასე? უფრო მეტის სისასტიკით გავისტუმრეთ საიქიოს დიდი ილია! წიწამურისა და მარტყოფის ტრაგედია საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერ ჩვენში დათესილმა, ერთმანეთის ჯგუფურმა გადაკიდება-კინკლაობამ შეამზადა. მტრებმა დაგვქსაქსეს, ერთმანეთის მტრებად გადაგვაქციეს, საკუთარ ოჯახში შინაური მტრები და ჯაშუშები გაგვიჩინეს და ეს თავზარდამცავი უბედურება თვით ქართველების ხელით გააკეთეს. რაღა გვეთქმის ამ შავბნელ ბოროტებაზე? – შური, ერთმანეთის მძულვარება და გაუტანლობა დაესადგურა ჩვენს შორის და ეს გვათხრევინებს ჩვენს სამარეს ჩვენივე ხელით . . . როდესაც ილიას და კირიონს ყიჟინას სცემდნენ უგუნურნი, ჩვენში არ აღმოჩნდა ვინმე, რომ დამშრალთათვის ნუგეში ეცათ, მათთვის მოეგერიებინათ უპასუხისმგებლო კალმოსანნი. პირიქით, უფრო ასისიანებდნენ მათ . . .

ილიასა და კირიონს მამულიშვილობა, უანგარობა და სამშობლოსათვის თავგანწირვა როდი ესწავლებოდათ, საყვარელნო!.. მაგრამ დღეს რაღა გვეთქმის . . . დღეს ისევ საქვეყნო სირცხვილში ჩავცვივდით. Qქართველნო . . . ეტყობა ისტორიის გაკვეთილები ფუჭია ჩვენთვის, ჯერჯერობით მაინც . . . მაგრამ ღრმად გვწამდა საქართველოს ჭირისუფლის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ანდერძი:

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის,
ეს განჭირული სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება.

დიახ, “გზა უვალი”, კირიონისაგან “თელილი” უსათუოდ დარჩება.
ამ გზაზე უკვე დაგვაყენა განსვენებულმა. პირველმა მან შეაშუქა ჩვენს საზოგადოებაში ჩვენი ეკლესიის განთავისუფლების აზრი. შეაშუქა არა 1905 და 1917 წლებში, როდესაც ქვანიც კი ღაღადებდნენ, არამედ უფრო ადრე, როდესაც სუსხიანი ცარიზმისაგან ყოველი აზრი და იდეა თავისუფლებაზე ჩვენში გაყინულ-გათოშილი იყო; კირიონი კი მაინც თესდა ჩვენში თესლსა კეთილსა. ის შეესწრო კიდეც ამ ტესლისაგან ნაყოფის გამოღებასა, მაგრამ თვით კი იგემა თვისი მანუშაკარი. ასეთი ყოფილა ხვედრი ქართველ საზოგადო მოღვაწეებისა და ვერც კირიონი ასცდა თავის ხვედრს . . .

არ შეიძლება არ გამცნოთ საყვარელნო კირიონისაგან ერთ საეკლესიო წრეში უკანასკნელი წარმოთქმული აზრი ჩვენს ძალთა ურთიერთგანწყობილებაზე: “ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, – ბრძანა განსვენებულმა, – შორიდგან თვლყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ ტქვენი გამობრუნება შეუძლებელია” – ასე ნაღვლიანად დაასრულა მან თავისი მწყემსმთავრული მხილება.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენ “ხელახლა დავიბადებით”, როგორც განსვენებულმა გვამცნო, ახალ საქართველოში, მხოლოდ თავისუფალ საქართველოში აღორძინდება, ამაღლდება, გაფაქიზდება ძალთა განწყობილება, მხოლოდ განახლებულ მოქალაქეობაში შევძლებთ უკუვაგდოთ აწ დამხობილ მონობისაგან ნაანდერძევი გახრწნილი ზნეჩვეულებანი და შეერთებულ ძალით სამშობლოს ვემსახუროთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აწ თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ეკლესია შესძლებს აღუზარდოს სამშობლოს ღირსეული მოქალაქენი მტკიცე ქრისტიანულ ზნეობის ნიადაგზე. უნდა შევიგნოთ საყვარელნო, რომ მხოლოდ წმინდა სახარების მცნებებზე აღზრდილი ერია უკვდავი და უძლეველი.

ამ რწმენით მიგაცილებთ ტანჯულო მამამთავარო, საფლავის პირზე. აქ, ჭაღარა სიონის ტაძარში მივაბარებთ შენს ნეშტს მშობელ მიწას. აქ დაისვენე და განისვენე დამშვრალი! აქ მაინც აღარ იქნები “განმარტოებული”, აქ მუდამ სინანულის ცრემლებს დავაფრქვევთ შენს წმინდა საფლავს. შენც უწმინდესო მეუფეო, აქედან თვალყური გვადევნე, გაგვამხნევე, არ დაგვივიწყო. შენებურად, დიდსულოვნად შეავედრე ჩვენი ეგზომი დაცოდვილება სიონის ღვთისმშობელს, წმინდა ნინოსა და ჩვენს ნათლით მოსილ წინაპართ . . .
შეგცოდეთ – შეგვინდევ და გვაპატიე, ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო. ღმერთი იყოს შენი მოწყალე, ამინ (*20).

კათოლიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის მუხანათური მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი (კირიონის დამცველი), ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე . . . რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში? ნუთუ მართალი გამოდგა შავრაზმელ ვორონტორელოვის სიტყვები – რად გინდათ ავტოკეფალია, ხომ დასჭამთ ერთმანეთსო. ვინ მოჰკლა ბრწყინვალე მწყემსმთავარი და მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოზ პატრიარქი კირიონ II ? ქართველი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გული იმით დაიმშვიდა, რომ მკვლელის ძებნა ჩრდილოეთში, რუსეთში დაიწყო. ეს ხომ თავის მართლების უმწეო ცდა იყო. პირდაპირ ხმამაღლა უნდა ვთქვათ სიმართლე, კათალიკოზ-პატრიარქ კირიონ II-ის მკვლელები ქართველებშია საძებნი. დიახ, კირიონი ქართველთა ხელითაა მკვდარი. მარტმყოფის ტრაგედიაში ზნეობრივი ბრალი მიუძღვით ყველა იმათ, ვინც კირიონ II ეროვნული მიმართულების გამო შეიძულეს და მის დევნა-შევიწროვებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კონკრეტული დამნაშავენი კი . . . სამწუხაროდ დაუსჯელნი აღმოჩნდნენ. მაგრამ ღვთის წინაშე, ხომ არაფერი იკარგება და ეს გვანუგეშებს სწორედ.

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი და დიდი მამულიშვილი. მისი ამქვეყნიური ცხოვრების გზა იყო მოწამეობის გზა და აღსასრულიც ასეთივე მოწამეობრივი იყო. გვჯერა, რომ ზეციურ სასუფეველს შეუერთდა მისი უკვდავი სული და რისი გაკეთებაც აქ ვერ შესძლო მამულისათვის, ამაღლებული და ღმერთთან დაახლოვებული იქიდან ზრუნავს დღენიადაგ.

წმინდესო და უნეტარესო მეუფეო, გვჯერა, შენი უკვდავი სული დღესაც თავს დასტრიალებს შენგან უზომოდ შეყვარებულს შენს სამშობლოს. შენ გაიზიარე დიდი ილიას ხვედრი და ეს ალბათ ისეთი დიდი ბედნიერებაა, რომელსაც ჩვენი გონება ვერ წვდება. თქვენგან სეყვარებულს საქართველოს შავი ღრუბელი დასტრიალებს თავს, ღვთის წინაშე თქვენს მეოხებას ნუ მოგვაკლებ წმინდაო მამაო, უფრო მძიმე დღეებიც უნახავს საქართველოს, მაგრამ თავი დაუღწევია მაინც, ნუთუ ეხლა გვწირავს ღვთის განგება?

“აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მიანიჭე
და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო დიდება შენდა. ამინ. “

დამოწმებული ლიტერატურა:

  1. მ.ჯანაშვილი. უწმინდესი კირიონი. თბ.1917 წ.
  2. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახ. მეცნიერებათა ინსტიტუტის კირიონის საარქივო ფონდი. # 1535
  3. მრავალთავი. თბ. 1971 წ.
  4. საღვთისმეტყველო კრებული თბ. 1981 წ. #5
  5. გაზეთი “ივერია”. 1898. # 179
  6. გაზეთი “ივერია”. 1891 # 87
  7. გაზეთი “ივერია”. 1892 #166
  8. გაზეთი “ივერია”. 1903 #38
  9. ნ. დურნოვო. საქართველოს ეკლესიის ბედი. ბათუმი. 1990 წ.
  10. ი. მეგრელიძე. ექვთიმე თაყაიშვილი. თბ. 1989 წ.
  11. რ. მეტრეველი. საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება. თბ. 1982. გვ. 94
  12. მწყემსი # 21, 1885 წ.
  13. მწყემსი #1, 1886 წ.
  14. მ.ჯანაშვილი – “მისი უწმინდესობა კირიონი”, თბილისი 1917, გვ.3
  15. გ.შარაძე -“ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე”, თბ. 1984, გვ.851
  16. ე. აბარამიშვილი – “კირიონის პირადი საარქივო ფონდი”. კრებულში “მრავალთავი”, თბ. 1917. ტ.1. გვ.367
  17. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი კირიონის ფონდი, საქმე # 778ა
  18. “სვეტიცხოველი” 1917 #3
  19. იოსებ იმედაშვილი – “კირიონის გაპარტახება და მკვლელობა”. გაზ.”კომუნისტი”, 1990წ. 2 სექტემბერი
  20. გაზ. “სახალხო განათლება” 1989 წ. 29 ნოემბერი.

You may also like

The Orbeliani Baths
Architecture

Islamic Architecture in Tbilisi

The Georgian capital of Tbilisi sprawls along the banks of the Kura (called Mtkvari in Georgia) as it winds its

islamic furniture and history
Architecture

Islamic Furniture

Have you ever taken a good look at your own furniture and wondered about its origins? It’s safe to say

narikala fortress
Architecture

Tbilisi Architecture 2020

Georgia is a fascinating cultural place. This can be said about the capital of the country – Tbilisi. Once part

Get the latest

Keep up to date with the latest Georgian news.

Hot news

Opportunity to learn

Learn about the perhaps forgotten world of Georgia!

Most popular