Luarsab the Martyr

Table of Contents

1

(ლუარსაბ წამებულის მოსახსენებელი დღისათვის – 21 ივნისისათვის)

21-ს ივნისს (*1) საქართველოს ეკლესია ადიდებს სახელს მეფის ლუარსაბისას, რომელიც ამ დღეს ეწამა შაჰ-აბაზისაგან. ლუარსაბ II, მეფე ქართლისა, იყო შვილი მეფის გიორგი V-ისა და ლიპარტიანთა ასულისა მარიამისა. ლუარსაბი ავიდა ქართლის სამეფო ტახტზედ მამის გარდაცვალების შემდეგ და სცხოვრობდა მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

მის დროს იყო იგი სახელოვანი დიდი მოურავი (*2) გიორგი სააკაძე, რომლის მოქმედება და ქცევა დღესაც აუხსნელია ჩვენთა ისტორიკოსთაგან, და რომელიც იყო რა უხვად შემკული ყოვლისა სამამაცო და საგმირო ღირსებითა. დღესაქამომდე არც ავად არის ჩვენ მიერ დაფასებული და არც კარგადა. მისი ავკარგიაობით აღსავსე განსაცდელიანი ცხოვრება და საოცარი მოქმედებანი, მისნი ავად და კარგად აღსახსნელნი დიდნი საქმენი ჯერ შიგნეულად გამოძიებულნი არ არიან და ელიან პირუთვნელს გამკითხველსა. ეს კი გულდაჯერებით საღიარებელია, რომ მისი მოუსვენარი და მღელვარებისაგან დაუცხრომელი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა, განსაკვირელი და გასაოცებელი. ამ ლუარსაბის დროსვე იყო ერთი სხვა გამოჩენილი კაციც, ნუგზარ არაგვის ერისთავი, სიმამრი სააკაძისა, რომლის სახელიც დღევანდლამდე სახსოვრად ჩარჩენია გულში საქართველოს ერს. ჩვენი ერი დრესაც ნუგზარს იხსენიებს ამ საგულისხმო ლექსით:

“ნუგზარ ერისთვის დროსაო,
სისხლის წვიმების დროსაო”

დიდ მოურავს სააკაძეს, როგორც ერთს უპირველესს კაცს იმ დროში, დიდი გავლენა და ზედმოქმედება ჰქონდა მეფის ლუარსაბის სვებედზედ და თვით მთელ საქართველოზედაც.
ჯერ ვსთქვათ ის, რომ დაი სააკაძის ცოლად შეირთო ლუარსაბ მეფემ. აზნაურშვილის მოყვრობამ, და ნამეტნავად აზნაურშვილის ქალის გადედოფლებამ, გული აუმღვრია მაშინდელ დიდებულებს, რომელთაც ითაკილეს აზნაურის ქალის დედოფლობა და ბატონობა. იქნება, ყოველივე უბედურება, რაც მერე ლუარსაბ მეფეს დაატყდა, ამ მიზეზითაც შეემთხვია. დიდი მოურავი თუმცა ყოვლად ნიჭიერი კაცი იყო, ყოვლად მხნე სახელმწიფო კაცი და წარჩინებული მეომარი და სარდალი, მაგრამ ყოველივე ეს ვერ იპატიებდა მას მდაბალბუნებიანთა კაცთა შურისაგან. ეს ნაძირალი გრძნობა ადამიანის ავზნეობისა ბევრს მეტოქეს და მოშურნეს მოუპოვებდა მაშინდელ დიდებულთა შორის, რომელთაც მოდგმა უფრო დიდ ღირსებად მიაჩნდათ, ვიდრე ნიჭიერი დიდბუნებიანობა. ამით თუ აიხსნება ის გარემოება, რომ ამ სახელოვანს დიდ მოურავსა მრავალი მტერი უაჩნდა, მტერთა შორის ყველაზედ გავლენიანი და ძლიერი შადიმან ბარათაშვილი იყო, მამამძუძე (*3) ლუარსაბ მეფისა. ამან დაიყოლია მეფე და აათვალწუნებინა იმისთანა კაცი, როგორიც იყო დიდი მოურავი, გადაჰკიდე მეფე დიდ მოურავსა და დიდი მოურავი იძულებული შეიქმნა შეჰკედლებოდა შაჰ-აბაზსა, რომელსაც ცოლად ჰყავდა დაი ლუარსაბ მეფისა. ჩვენი “ქართლის ცხოვრება” ბრალსა სდებს დიდ მოურავსა, რომ იგი “აზრახებდა ყეენსა დაპყრობად ქართლისადა”.

ესე იყო, თუ არა, ყეენი (*4) შაჰ-აბაზი მოვიდა განჯას და დააპირა უგრძნეულად შესვლა კახეთს. კახეთის მეფემ თეიმურაზმა მოიწვია საშველად ქართლის მეფე ლუარსაბი. შეჰკრეს ამ ორმა მეფემ პირობა, რომ წინაღუდგნენ შაჰ-აბაზსა და ამ პირობისამებრ მეფე თეიმურაზი მოვიდა ლუარსაბთან მუხრანს, რადგანაც ამ დროს შაჰ-აბაზიც კახეთიდამ ქართლს წამოვიდა. მეფეებმა თუმცა მოიწადინეს, ომისათვის მიენდოთ თავისი სვე-ბედი, მაგრამ რა იხილეს დიდი სპა და ჯარი ყეენისა, ომი ვეღარ გაუბედეს და გაიხიზნეს იმერეთს. იმერეთის მეფემ გიორგიმ დიდის პატივით მიიღო ორივენი. შაჰ-აბაზი შევიდა გორს და აქედამ სთხოვა გიორგი მეფეს, დამითმე მეფენიო. გიორგიმ უარი შემოუთვალა. ყეენმა რომ ნახა, ძალით აღარ გაეწყობა რა, ხერხი იხმარა, მოიხმო მამამძუძე ლუარსაბ მეფისა – შადიმან ბარათაშვილი, შეჰფიცა, ოღონდ ლუარსაბი მომიყვანეო, და არამცთუ თავის სამეფოს მივემო, სხვა ბევრს ნიჭსაც არ დავიშურებო. გამოისტუმრა შადიმან, საჩუქრად გამოატანა ლუარსაბისათვის ძვირფასად მოჭედილი ხმალი და თანაც ბარათი ლუარსაბის დისა, მოდი, ნურაფრის შიში გაქვსო.

შადიმანმა დაარწმუნა მეფე, რომ ყეენი ბოროტს არას შეგამთხვევსო და მეფე მოემზადა წასასვლელად. ბევრი ურჩიეს წარჩინებულთა და დიდებულთა, ნუ მიენდობი ყეენსა და ნუ წახვალო, მაგრამ მეფემ ასე უპასუხა: “უკეთუ არა წავიდე, ამიყრის ქვეყანასა და მოაოხრებს, რა მადლი არს ჩემდა?”. მისული მეფე შაჰ-აბაზმა ჯერ ჩაიტყუა ტფილისს, მერე ყარაიაზედ, ვითომცა სანადიროდ, სანადიროდვე გაიწვია ყარაბაღს, ყარაბაღიდან – მაზანდარანს, და აქ, მაზანდარანში, კი გამოუცხადა, უნდა უარჰყოო რჯული ქრისტესი და გამაჰმადიანდეო. თუ ამას იქმო, “დიდითა პატივითა პატივ-გცე და მრავლითა დიდებითა განგიტეო ქვეყნად შენდაო”. ლუარსაბ მეფემ შორს დაიჭირა და უპასუხა: “უკეთუ ყოველი ქვეყანა ჩემდა იყოს, არა თავს ვიდვა სიტყვათა და ქადაგებათა შენთა მორჩილებაი, არამედ მეუფისა და ღვთისა მიერ ჩემისა ნათელმიღებიეს, და მის მიმართ დამიძს სასოება ჩემი და თვინიერ მისა სხვა ღმერთი არავინ ვიცი”.

ამის შემდეგ ხელ-ფეხ-შეკრული მეფე წაიყვანეს და დაამწყვდიეს ციხეში, შვიდი წელიწადი ჰყავდათ ასე და ცდილობდნენ გაემაჰმადიანებინათ, მაგრამ მეფე “ესრეთ მტკიცედ და შეურყევლად ჰდგა, ვითარცა კლდე ანდამატი, და ესრეთ იხილვებოდა მშვენიერი და ბრწყინვალე პირი მისი, ვითარცა ოქრო, გამოდნობილი ბრძმედსა შინა, და განკვირვებულ იყვნენ სიმხნისა და ახოვნებისა მისისათვის”. ბევრს ურჩევდნენ მეფეს, შეებრალა თავისი მშვენიერება და სიჭაბუკე და მწირთა სიკვდილითა არ მომკვდარიყო შაჰ-აბაზის უწყალო ხელითა, მაგრამ მეფემ არ უღალატა თავისის ქვეყნისა და ერის რჯულსა და არ შეუდრკა სიკვდილსა. “რა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავთ, – ეუბნებოდა თურმე შაჰ-აბაზის მოციქულთა, – და აღასრულეთ ბრძანებაი მისიო”. რა ნახა შაჰ-აბაზმა ასეთი სიმტკიცე ლუარსაბ მეფისა და ვეღარა გააწყო რა, ბრძანა სიკვდილი ლუარსაბისა. როცა მივიდნენ ჯალათნი ამის ასასრულებლად, მეფემ ითხოვა, მაცალეთ, სიკვდილის წინ ვილოცოო. ნება მისცეს. დაისვენა თურმე წინ ხატი ღვთისმშობლისა, რომელიცა თანა ჰქონდა, და ესე შეევედრა:
“ჰოი, დედოფალო ღვთისმშობელო, შენდამი დამიძს სასოება ჩემი, შენ ხარ ნუგეშისმცემელი ჩემი. შენ მომეც შეწევნა წამებისა ჩემისა ამის, და შემრთე წმიდათა მოწამეთა შენთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა, ძესა და წმიდასა სულსა”.

ამის შემდეგ მივიდნენ ჯალათნი და დაარჩვეს მშვილდის საბლითა (*5). ეს იყო 1622 წელს, ივნისის 21-სა დღესა. გვამი ესრეთ ქვეყნისა და რჯულისათვის წამებულის მეფისა ჰმარხია შირაზს.

მხოლოდ დიდბუნებიანთა კაცთა თვისებაა, ერთხელ რწმენილი და აღიარებული გაიხადონ თავის სიცოცხლის საგნად და მას ქვეშ დაუგონ თავისი ცხოვრება და, თუ საჭიროება მოითხოვს, შესწირონ თავი თავისიცა ნიშნად იმისა, რომ ჭეშმარიტება მეტად უღირს, ვიდრე საკუთარი თავი და საკუტარი სიცოცხლე. ამიტომაც მეტად არა ვსთვლით, რომ დღეს ერთი საქართველოს გმირთაგანი გავიხსენეთ, იგი გმირი, რომელმაც სთქვა: რა მადლია, თავი გადავირჩინო და ჩემი ქვეყანა მტერს ავაოხრებინოო? წავიდა და წამებულის გვირგვინით შეიმოსა სახელოვანი თავი ქვეყნისა და ქრისტეს სახელითა. და დღეს ჩვენ სხვა არა დაგვრჩენია რა გარდა იმისა, რომ ბესარიონ კათოლოკოზთან ერთად ქება-დიდებით წარმოვსთქვათ:

“ყოფადთა მცნობი, ბრძენი და ახოვანი
მეფე ლუარსაბ დღეს იდიდებოდენ”

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი :

1. – ახალი სტილით 4 ივლისს;

2. – მოურავი – (ისტ.) რომელიმე პროვინციის, ქალაქის ან თემის გამგე;

3. – მამამძუძე – (ძვ.) ლალა, გამზრდელი მამაკაცი;

4. – ყეენი – იგივეა რაც “ყაენი” (ისტ. თურქ.) მეფის ტიტული აღმოსავლეთის ზოგ ქვეყანაში;

5. – საბლი – იგივეა რაც “საბელი” – დასაბმელი, შესაკრავი თოკი;

(შენიშვნები ბესიკი სისაურის მიერ)

You may also like

The Orbeliani Baths
Architecture

Islamic Architecture in Tbilisi

The Georgian capital of Tbilisi sprawls along the banks of the Kura (called Mtkvari in Georgia) as it winds its

islamic furniture and history
Architecture

Islamic Furniture

Have you ever taken a good look at your own furniture and wondered about its origins? It’s safe to say

narikala fortress
Architecture

Tbilisi Architecture 2020

Georgia is a fascinating cultural place. This can be said about the capital of the country – Tbilisi. Once part

Get the latest

Keep up to date with the latest Georgian news.

Hot news

Opportunity to learn

Learn about the perhaps forgotten world of Georgia!

Most popular